Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


“სააკაშვილის კორიდა” - “ახალი ვერსია” ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას,

რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ლევან ბერძენიშვილი და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტის 21 თებერვლის გადაწყვეტილებებს აფასებენ. სოსო ცისკარიშვილი: “ცხადია, რომ ეკონომიკურ გუნდში რაღაც ხდება, მაგრამ ნოღაიდელს ასე სწრაფად არ მოიშორებენ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ბევრად უფრო ხმაურიანი, მსუყე ლუკმა გამოჩნდება. თუმცა იქამდე, ვიდრე ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იქნება, ვფიქრობ, კიდევ მრავალი ასეთი ფაქტი მოხდება”. ლევან ბერძენიშვილი “ახალ ვერსიას” პრეზიდენტის გადაწყვეტილებების ასეთ ახსნას სთავაზობს: “როდესაც ანთელიძეს ლანძღავდა, პრეზიდენტმა ასეთი ფრაზაც თქვა, პარლამენტმა კორუფციული კანონი გააპარაო. როგორ წარმოგიდგენიათ კანონის სამი მოსმენით გაპარება და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად შეცურება? ამით კანონპროექტის ავტორს, მიხეილ მაჭავარიანს, მოსცხო ჩირქი. ანუ ეს ნიშნავდა, რომ ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა ხალხმა არ შეიძლება ფული აკეთონ, მათ ამის უფლება არა აქვთ. სამაგიეროდ, ზურაბ ადეიშვილისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის, გიორგი არველაძისთვის ყველაფერი დასაშვებია. რეალურად კი ეს არის ბრძოლა ჟვანიას გუნდის წინააღმდეგ და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველას თავიდან არ მოიცილებენ,” - განუცხადებია ლევან ბერძენიშვილს “ახალი ვერსიისთვის”.

“სააკაშვილმა კონსტიტუცია და ორი კანონი დაარღვია”, - წერს “რეზონანსი”. “კანონი მე ვარ – ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს არ გაუკეთებია, მაგრამ, იურისტების განცხადებით, 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებებით დაადასტურა. მათი თქმით, საბაჟო დეპარტამენტის მთელი შემადგენლობის დათხოვნითა და ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიისთვის “დიდი ბოქლომის დადებით” პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია, შრომის კანონთა კოდექსი და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი დაარღვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი”. გარდა ამისა, გაზეთი დღეს პრეზიდენტის გაცილებისა და ესკორტის ასეულში მომხდარი თაღლითობის ფაქტზე ვრცელ მასალას სთავაზობს მკითხველს.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალ 7 დღესთან” ინტერვიუში “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მკითხველს შეახსენებს, რომ ნატოში საქართველოს მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ მიიღებენ. გარდა ამისა, ზურაბიშვილი დასძენს: “აზრი იმის შესახებ, რომ თავად კონსტიტუციაში არის პრობლემა და საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიძლება პრობლემების მოგვარება, ჩემი აზრით, ღრმა და სახიფათო ილუზიაა. დღევანდელი დემოკრატიის პრობლემა ბოლშევიზმია. ეს ფენომენი მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო, მაგრამ ძალიან უახლოვდება ზოგიერთი თვისებით დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას. ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, მაგრამ არ არსებობს დემოკრატია, ვახსენებთ კონსტიტუციას, მაგრამ არ არსებობს კონსტიტუცია, არც პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილება არსებობს. სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთპარტიულ სისტემასთან, რომელიც განაგებს ამ ქვეყანას”, - მიაჩნია სალომე ზურაბიშვილს, რომელთან ინტერვიუსაც “ახალი 7 დღე” აქვეყნებს.

“24 საათი” დღეს კიდევ ერთხელ უბრუნდება თემას, რომელიც განსჯის საგანი საქართველოს სასურველი ნეიტრალიტეტის შესახებ რუსეთის ფედერაციის ელჩის ამასწინანდელი განცხადების შემდეგ გახდა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თორნიკე შარაშენიძე სვამს კითხვას: “თუკი ეს ნეიტრალიტეტი ასე კარგი და იოლია, რატომ არ აცხადებს მას ყველა?” და საკითხის განმარტებისთვის მაგალითი ისტორიიდან მოჰყავს: “საქართველოს, შორს რომ არ წავიდეს, თავად გააჩნია ნეიტრალიტეტის გამოცდილება – 1918-21 წლები. ამ პერიოდში საქართველო სწორედ რომ ნეიტრალური იყო. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ არ გავიკარეთ არც ერთი დიდი სახელმწიფოს (ინგლისის, საფრანგეთის) ჯარი. შედეგად, დაგვიპყრო იმ დიდმა სახელმწიფომ, რომელიც ყველაზე ახლოს იყო და რომელსაც ჩვენზე პრეტენზია ჰქონდა. სხვათა შორის, 1920 წელს საქართველომ ეს სახელმწიფო თავისი ნეიტრალიტეტის გარანტად აღიარა”, - წერს თორნიკე შარაშენიძე “24 საათში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG