Accessibility links

logo-print

”ნატო” და ”ანტინატო”: დისკუსია მწვავდება


საქართველოში ნატოსა და ანტინატოს პირობით ჯგუფებს შორის მკაფიო ზღვრის გავლების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალურ დოკუმენტს ამზადებს.

დოკუმენტში მშრალად უნდა აისახოს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორიენტირი, მიზანმიმართული სწრაფვა ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისაკენ. მმართველი ძალა ამ პოზიციის მომხრე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მხარდაჭერის დოკუმენტზე ხელმოწერებით დადასტურებას სთხოვს. რაც შეეხებათ მოწინააღმდეგეებს, საპარლამენტო უმრავლესობა მათ კრემლში შემუშავებული ანტინატოს პროგრამის განმახორციელებლებად განიხილავს. ანტინატოს იარლიყის მატარებელმა რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ დღეს მმართველ პარტიასთან ოპონირება საგანგებო ბრიფინგებით სცადა.

თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ანტინატოს, ანუ საქართველოს, ეგრეთ წოდებული, ნეიტრალიტეტის მომხრე ოპოზიციური ფრაქციები საქართველოს პარლამენტში არ არის, რაც ცალსახად მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფრაქციები ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის უპირობო მზადყოფნას გამოხატავენ. ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის, მთლიანობაში, მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების - გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძის - იმპერატიული ტონი. მსგავს განცხადებას ისეთი ადამიანი უნდა აკეთებდეს, ვისაც დიალოგის წარმართვის უნარი აქვს, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, - აღნიშნავს ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრი კახა კუკავა. “მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” კი, თავის მხრივ, საზოგადოებას იმას შეახსენებენ, რომ ამ ტიპის ინიციატივა მათ რიგებში გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე მმართველ პარტიაში. ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური პაქტის შექმნის აუცილებლობა და აქტუალიზება “ნაციონალურ მოძრაობაში” უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილმა ახალმა გარემოებამ განაპირობა. ანტინატოს პროგრამის რაობისა და საფრთხის შესახებ დეპუტატმა გივი თარგამაძემ შემდეგი განაცხადა:

[გივი თარგამაძის ხმა]“ ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი იმისი, ვთქვათ, რომ ეს არის გარკვეული ნაირსახეობა მოდესტ კორელოვის, ასე ვთქვათ, ჩვენი ზედამხედველის, ეგრეთ წოდებულის, კრემლში შემუშავებული ანტინატოს პროგრამის, რომელიც მათ განახორციელეს უკრაინაში. და, ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩვენ, ალბათ, ძალზე სწრაფად და გასაგებად უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ მათი მცდელობები საქართველოში ამ მიმართულებით არის უპერსპექტივო.“(სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეფასებით, კრემლი, ანტინატოს პროგრამით, საქართველოში იგორ გიორგაძის ჩანაცვლებას ცდილობს. ანტინატოს მომხრეებად საქართველოში, ძირითადად, განიხილებიან: „ეროვნული ფორუმი“, ლეიბორისტული პარტია და პოლიტიკური გაერთიანება „იმედი“, რომლის თავმჯდომარის, ირინა–სარიშვილის, აზრით, ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის მომხრე პოლიტიკური ძალების გაერთიანების ეშინია და ცდილობს ისინი ერთმანეთს წაჰკიდოს:

[ირინა სარიშვილის ხმა]“ ნეიტრალიტეტის მომხრე ძალებმა ამ თემაზე სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ერთმანეთთან შეთანხმება, მოვახერხოთ ერთმანეთთან შეთანხმება და ჩვენი ძალებით ჩავატაროთ რეფერენდუმი. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, ანუ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველო, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და სამცხე–ჯავახეთის გარეშე, საბოლოოდ გადაქცეულა ირანის წინააღმდეგ სამხედრო პლაცდარმად.“

ამბობს ირინა სარიშვილი. ექსპერტები კი შენიშნავენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოხდება და არა უკონტროლო ტერიტორიების გარეშე. ამასვე ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობაც, თუმცა ანტინატოს მომხრეთათვის - მათ შორის, “ეროვნულ ფორუმში” - საკითხი მაინც ღიად რჩება. როგორც “ფორუმის” ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა, დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ფორუმს” ნატოს მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება მაშინ ექნება, როცა საბოლოოდ გაირკვევა, რა პერსპექტივა ექნება საქართველოს კონფლიქტების მოგვარების კუთხით. დღეისათვის კი იგი ირინა სარიშვილის ინიციატივასაც უდროოდ მიიჩნევს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საზოგადოება ნატოში შესვლის საკითხის რეფერენდუმის გზით გასარკვევადაც არ არის მზად:

[ირაკლი მელაშვილის ხმა]“ ჩვენმა საზოგადოებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. ჩვენ არც ნატოს წინააღმდეგნი ვართ, არც ნეიტრალიტეტის მომხრეები ვართ და, საერთოდ, მიგვაჩნია ამ ეტაპზე რაიმე რეფერენდუმებზე საუბარი, სანამ საკითხები გარკვეული არ არის და საზოგადოება გარკვეული არ არის, რა მოაქვს ან ერთ, ან ნებისმიერ სხვა მიდგომას საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მანამდე არანაირი რეფერენდუმების ჩატარება არ შეიძლება.“(სტილი დაცულია)

როგორც ირაკლი მელაშვილი შენიშნავს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტი ეთანხმება. გაცილებით მაღალია მმართველი პარტიის მონაცემები და იგი 83 პროცენტს უტოლდება.
XS
SM
MD
LG