Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემა მიმდინარე კვირაშიც


საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემა მიმდინარე კვირაშიც

პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახლდათ. შესაძლებელია, ამას ერთგვარი ბიძგი მისცა ნატოს შემფასებელთა მისიის ვიზიტმაც. თუმცა ყველაზე ეფექტური ამ კვირაში 21 თებერვლის მთავრობის სხდომა, მასზე პრეზიდენტის გამოსვლა და მისი თანმდევი მოვლენები იყო. ეს ყველაფერი კვირის ბოლომდეც არ დაკარგავდა პეწს, რომ არა თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინციდენტი: შაბათს გაირკვა, რომ ეს საზეიმოდ გახსნილი - მართლაც, მნიშვნელოვანი - ობიექტი არა მარტო წვიმის, ქარის მიმართაც უსუსური ყოფილა. თქვენს ყურადღებას კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე შევაჩერებ.

სამუშაო კვირის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა მედიასთან შეხვედრის ფორმატში გაეცა პასუხი ყველა კითხვისთვის, რომელიც, მისი აზრით, პრეზიდენტისეულ განმარტებას საჭიროებდა. 23 თებერვალს სააკაშვილი შეეცადა წერტილი დაესვა მასა და ნოღაიდელს შორის არსებული უთანხმოების შესახებ დაწყებულ მსჯელობას, რასაც, თავის მხრივ, ბიძგი მის მიერ საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის სკანდალურმა მოხსნამ მისცა.

[სააკაშვილის ხმა]
“ნოღაიდელს აქვს სრული ჩემი მხარდაჭერა, ნდობა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. და არ შეიძლება არ დავაფასო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო წლებში.”(სტილი დაცლია)

თუმცა ნოღაიდელს არ გაუადვილდება იმის მიაღწევა, თანაც 1 სექტემბრამდე, რაც ქვეყნის პრეზიდენტს სურს:

[სააკაშვილის ხმა]
“ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვჭირდება სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც დაშინებული კურდღლებივით კი არ იჯდებიან ან რაღაც სხვა არსებებივით, რომლებსაც, უბრალოდ, ეშინიათ გადაწყვეტილებების მიღება – ვაითუ, ვინმემ დამიჭიროს, ვაითუ, არასწორად გამიგონ. თუ კანონს არ არღვევ, თუ ინიციატივას იღებ, ის ინიციატივა არ ისჯება. ინიციატივა არის, რომ შენ თვითონ გაუადვილო ხალხს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება დრო.”(სტილი დაცულია)

ამ ამოცანის შესასრულებლად პრეზიდენტი მთავრობას ვადას 1 სექტემბრამდე აძლევს. თუმცა პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს მთავრობამ იმის ნახევარ წელიწადში შესრულება, რაც სამი წლის მანძილზე ვერ შეძლო, ჯერჯერობით არ არის. პასუხი არც იმაზეა, თუ რატომ ეშინოდათ დღემდე სახელმწიფო მოხელეებს გადაწყვეტილებების მიღება და რატომ ისხდნენ კურდღლებივით დაჭერისა და არასწორად გაგების შიშით.

კიდევ ერთი: საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის შესახებ “გაპარული” შეცდომისა, აღფრთოვანებას გამოხატავს საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ:

[სააკაშვილის ხმა]“მე ვარ უმრავლესობის მუშაობით არა მხოლოდ კმაყოფილი, არამედ აღფრთოვანებული. იმიტომ რომ, ჯერ ერთი – ეს არის უმრავლესობა, რომელმაც მოახერხა რამდენიმე თავის წევრის გაშვება პარლამენტიდან თავის კენჭისყრით. არსად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ არის პარლამენტი და მსოფლიოში არის ძაან ცოტა პარლამენტი, რომელიც თავის წევრებს უშვებს და, მით უმეტეს, უმრავლესობა, რომელიც უშვებს თავის წევრებს. საქართველოში ჩვენ შევქმენით მთავრობა და პარლამენტი, რომელმაც მოახერხა, რომ მუდმივად თვითმწმენდი პროცესი აწარმოოს. ეს არის უნიკალური რამ.”(სტილი დაცულია)

მიმდინარე კვირა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტითაც აღინიშნა. ორშაბათს თბილისს ნატოს შემფასებელთა მისია და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვივნენ. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად (ის საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მოუგვარებელი კონფლიქტების, როგორც ფაქტორის, შეფასებას შეეხებოდა), ნატოს მისიის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა საინტერესო განმარტება გააკეთა:

[ბოლანდის ხმა]
“ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ გაფართოების პროცესი დამოკიდებულია ალიანსის 26 წევრის გადაწყვეტილებებზე. თითოეული მოკავშირე დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ შეიკრიბება და ნახავენ არსებობს თუ არა კონსენსუსი ცალკეული ქვეყნის ალიანსში მიწვევის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას იქონიებს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომელთაგან ზოგიერთი სრულიად აშკარა იქნება, ზოგიერთი, ალბათ - არა. თითოეულ ფაქტორს სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვაგვარად შეაფასებს. გადაწყვეტილების მიღებისას მათ მოუწევთ მხედველობაში მიიღონ აგრეთვე იმ მომენტისთვის არსებული საერთაშორისო ვითარება. ასე რომ, მე არ შევუდგებოდი ახლა იმის განსჯას, თუ რომელი ფაქტორი იქონიებს არსებით ზეგავლენას ნატოს წევრების შესაძლო გადაწყვეტილებაზე.”

ჩვენმა კორესპონდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციისა და კონფლიქტების ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე შეკითხვით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც, რომელმაც საკუთარი ხედვა ასე ჩამოაყალიბა:

[შტაინმაიერის ხმა]
“რა თქმა უნდა, ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ კავშირის ახალმა წევრებმა ალიანსში საკუთარი კონფლიქტები არ შემოიტანონ, მაგრამ ეს, ცხადია, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტების მოუგვარებლობას ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებად უნდა განვიხილავდეთ. ასე რომ მოვიქცეთ, მესამე მხარეს შესაძლებლობას შევუქმნით რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროს დაახლოების პროცესი.”

ნატოსთან დაახლოების კონტექსტში კონფლიქტების მოუგვარებლობის თემა აქტიური განხილვის საგანი გახლდათ მიმდინარე კვირაში საქართველოს შიდა პოლიტიკურ წრეებშიც. საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა საგანგებო დოკუმენტის – ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური პაქტის - მომზადება, რომელზე ხელმოწერითაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ოფიციალურად დაადასტურებდა დადებით პოზიციას ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის მიმართ. პარასკევს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ, განაცხადა:

[თარგამაძის ხმა]
“მე ვფიქრობ, რომ დრო არის ჩვენ გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, რომელიც მე გავახმოვანე თავის დროზე და ვთხოვოთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მკაფიოდ და გასაგებად დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხზე მსჯელობა და მსჯელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის პერსპექტივაზე, ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებით, რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების კამპანიის პარალელურად მიმდინარეობს და ქვეყნისთვის საზიანოა. “ანტინატოურ” კამპანიაში დადანაშაულებული ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის – “ეროვნული ფორუმის” - წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი განმარტავს:

[მელაშვილის ხმა]
“ჩვენმა საზოგადოებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. ჩვენ არც ნატოს წინააღმდეგნი ვართ, არც ნეიტრალიტეტის მომხრეები ვართ და, საერთოდ, უადგილოდ მიგვაჩნია ამ ეტაპზე რაიმე რეფერენდუმებზე საუბარი, სანამ საკითხები გარკვეული არ არის და საზოგადოება გარკვეული არ არის რა მოაქვს ან ერთ, ან ნებისმიერ სხვა მიდგომას საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მანამდე არანაირი რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების უმთავრესი თემაც. ბრიუსელში ის გუშინ გაემგზავრა და ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს თბილისში საქართველო-ევროკავშირს შორის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამ კვირაშივე მთავრობის სხდომაზე უნდა განხილულიყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რაც 21 თებერვლის აწ უკვე ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო გადაიდო.

მიმდინარე კვირაში სეპარატისტული რეგიონების: აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საგარეო უწყებაში შეიკრიბნენ. სამუშაო კვირის დასასრულს კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვებს. სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, ბაღაფშს განუცხადებია, რომ მანამდე არ დაჯდება ქართველებთან მოსალაპარაკებლად, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება “არ გაიყვანს თავის ჯარს კოდორის ხეობიდან” და არ გაათავისუფლებს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელს - ფრიდონ ჩაკაბერიასა და დავით სიგუას. ბაღაფშის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დააშინოს გალის მოსახლეობა, რომ მან მონაწილეობა არ მიიღოს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვლავაც დაჟინებით ეცდება, რომ რუსი მშვიდობისდამცველები დარჩნენ კონფლიქტის ზონაში. ბაღაფშმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთის არმია ის არ არის, რაც ათი წლის წინ იყო, ისევე როგორც ქართული არმია. “იქაც მიმდინარეობს სამხედრო აღმშენებლობა. და ხვალ რომ ვინმეს არ გაუჩნდეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის განახლების ცდუნება, დღეს ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი რეგიონში”, - განუცხადებია სერგეი ბაღაფშს სატელევიზიო გამოსვლისას. “აფსნიპრესის” თანახმად, მას აფხაზი სამხედროების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურის ხელფასი 50 პროცენტით გაიზარდა და საშუალოდ 7 ათას რუბლს შეადგენს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG