Accessibility links

logo-print

რამდენად კანონიერად დაიხურა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია და რა ბედი ელის სხვა მარეგულირებლებს


საქართველოს პარლამენტი თავის უახლოეს სხდომაზე განიხილავს პრეზიდენტ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას,

რომელიც ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის რეორგანიზებას შეეხება. პროექტის თანახმად, საზღვაო, საჰაერო თუ სახმელეთო ტრანსპორტის საკითხების რეგულირება, დამოუკიდებელი კომისიის ნაცვლად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურას დაევალება. როგორც ცნობილია, ტრანსპორტის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, გასულ კვირაში დაიხურა. საკითხავია, რამდენად მართებულად განხორციელდა კომიის დახურვა და ელით თუ არა იგივე ბედი სხვა მარეგულირებელ ორგანოებს.

ტრანსპორტის მარეგულირებელი დამოუკიდებელი კომისიის არსებობის შეწყვეტის მიზეზად ის ბარიერები დასახელდა, რომელთაც ეს ორგანო უქმნიდა იაფი მომსახურების მქონე ახალ ავიაგადამზიდველებს.

[სააკაშვილის ხმა] ”მაგალითად, ამას წინათ უთხრა ერთ-ერთ ავიაკომპანიას უარი თბილისი-დნეპროპეტროვსკის მიმართულებით, თბილისი-ლუგანსკის მიმართულებით ავიარეისების დაწყებაზე - და იქ არის უამრავი ჩვენი თანამემამულე - მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს რაღაც შეთანხმება, ქურდული შეთანხმება, რომ ბილეთების ფასი ქვევით არ ჩემოვიდეს. და ამ ქურდული შეთანხმების ქურდი არის ჩვენი სახელმწიფო უწყება.”(სტილი დაცულია)

ეს სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვლის მთავრობის სხდომაზე წარმოთქვა და იქვე ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის დახურვა უბრძანა.

[სააკაშვილის ხმა] ”დიდი ბოქლომი, წადი რკინეულობის მაღაზიაში, იყიდე და ეს უწყება დახურე!”

არველაძემ ეს დავალება პირნათლად შეასრულა, თუმცა კითხვა, რამდენად მართებულად მოხდა კანონის გვერდის ავლით მარეგულირებელი კომისიის დახურვა, პასუხგაუცემელი დარჩა. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარი:

[დავით ნარმანიას ხმა] ”პროცედურულად როგორც მოხდა ამ კომისიის დახურვა, ეს არ ჯდებოდა კანონმდებლობის ჩარჩოებში.”


დავით ნარმანია იქვე დასძენს, რომ ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია იყო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე რამდენიმე ორგანოს გაერთიანების საფუძველზე ახლახან შექმნილი ორგანო და მისი საჭიროების შესახებ ხელისუფლებას კომისიის ჩამოყალიბების მომენტში უნდა ეფიქრა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკო ლეკიშვილი ფიქრობს, რომ ტრანსპორტის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ვერ გაამართლა:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ღია ცის პოლიტიკას და ამ დროს მარეგულირებელი იღებს სხვა გადაწყვეტილებებს, აქ ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა მისი სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნა, იმიტომ რომ არ მოხდეს პოლიტიკისა და პრაქტიკული გადაწყვეტილების დაპირისპირება. ამ ეტაპზე ამან შეიძლება გაამართლოს, იმ ეტაპზე ძალიან ბევრი სირთულეები შეიქმნა.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია კი ფიქრობს, რომ სატრანსპორტო სფეროს რეგულირება მხოლოდ კანონმდებლობით უნდა ხდებოდეს:

[დავით ნარმანიას ხმა] ”მძლავრი საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტი არ გვაქვს, რომ ჩვენ დაგვჭირვებოდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი.”

ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის გაუქმების შემდეგ საქართველოში 3 დამოუკიდებელი კომისია რჩება: კომუნიკაციები, ენერგეტიკის და გაზისა და ნავთობის სააგენტო. ამ უკანასკნელის გაუქმებას სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე კარგა ხანია მოითხოვს.


ბენდუქიძის კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიცვალოს ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელთა დაფინანსების წესიც და მათი წევრების ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გასცეს.

ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტში მთავრობა ამდაგვარი საკანონმდებლო ინიციატივით არ შესულა.


XS
SM
MD
LG