Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პატიმრობის ახალი კოდექსის განხილვას იწყებს


საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა 26 თებერვალს პარლამენტის ბიუროს

განსახილველად წარუდგინა იუსტიციის სამინისტროში მომზადებული პატიმრობის ახალი კოდექსი, რომლის მიღება მიზნად ისახავს საქართველოში სასჯელაღსრულებითი ურთიერთობების თვისებრივად ახალი, ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული, სამართლებრივი დოკუმენტის შექმნას. რას და როგორ შეცვლის პატიმრობის ახალი კოდექსი?

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში მსჯავრდებულთა და პატიმართა რაოდენობა 16 ათასს აღწევს. მართალია, უკანასკნელი წლების განმავლობაში ორი ახალი საპატიმრო აშენდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პატიმრების დიდი ნაწილი მაინც უმძიმეს პირობებში იხდის სასჯელს. ბატონი თენგიზი თბილისის პირველ საპყრობილეში გატარებულ დღეებს ასე იხსენებს:

[ბატონ თენგიზის ხმა] „კამერაში ერთ საწოლზე ხუთი კაცი მოდის და დღე-ღამის განმავლობაში დასაძინებლად დროს ინაწილებენ. ბუნებრივია, ჰაერის უკმარისობა იქნება, როცა ოთახში, 20 კაცის ნაცვლად, 70 კაცია.“

ინდივიდუალური სივრცის გარდა, პატიმრებს საქართველოში ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებაც შეზღუდული აქვთ. პატიმართა უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ერთი წლის წინ ხანგრძლივი პაემნების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ნანა კაკაბაძე დასავლეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ევროპულ ციხეებში არსებობს შვებულებები, პატიმრებს უშვებენ გარეთ და ოჯახის წევრებს ხვდებიან შინ. კომუნისტებმა ასეთი სისტემა არ მიიღეს და ჩაანაცვლეს საპატიმროებში ოჯახის წევრების შეყვანით. ეს არ ითვლებოდა ჰუმანურ აქტად. იყო რეკომენდაციები, რომ პატიმრები გაეშვათ. ამის ნაცვლად, ერთი წლის წინ მიღებულმა ცვლილებებმა საერთოდ გააუქმა ხანგძლივი პაემნები, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის, ოჯახების შენარჩუნების თვალსაზრისით, და კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის პატიმრების მდგომარეობას.“

პატიმრების მდგომარებას ასევე გაუსაძლისს ხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ერთ ნაწილში არსებული მძიმე სანიტარული პირობები და კვების პროდუქტების სიმწირე. ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლის განმავლობაში ერთი პატიმრის შენახვაზე სახელმწიფო თვეში საშუალოდ 16 ლარს ხარჯავდა. ქალბატონი მარინა მთელი ოთხი წელიწადი პატიმარ მეუღლეს საკუთარი სახსრებით ინახავდა.

[ქალბატონ მარინას ხმა] „მკბენარით არის აქაურობა სავსე და ვერაფერს შევჭამო. მირჩევნია ხახვი გამოვიზოგო და პურთან ერთად ის ვჭამო, ვიდრე აქაური საჭმელიო. ყოველკვირა მიმქონდა, მაგრამ ახლა მიჭირს და ვერაფერს ვუგზავნი. რას ჭამს, ისიც არ ვიცი.“

იუსტიციის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ 2007 წლის განმავლობაში პატიმართა კვებაზე, წინა წელთან შედარებით, სამჯერ მეტი თანხა დაიხარჯება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა წელსვე უნდა მიიღოს პატიმრობის ახალი კოდექსი, რომლის პროექტი ასევე იუსტიციის სამინისტოს მიერაა მომზადებული. დოკუმენტის მიხედვით, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე განმარტავს, საერთო და მკაცრი რეჟიმის საპატიმროების ნაცვლად, შეიქმნება სამი სხვადასხვა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ეს იქნება ღია ტიპის, ნახევრად ღია ტიპის და დახურული ტიპის საპატიმროები... რა თქმა უნდა, საგამოძიებო იზოლატორიც დარჩება. ძალიან ბევრი სიახლეები შემოდის: წლის განმავლობაში შვებულების მიღებაც, გარეთ მუშაობაც... ასევე საინტერესოა ისიც, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლებაში, პროკურატურის მსგავსად, აღარც სასამართლოები ჩაერევიან. ამ საკითხს გადაწყვეტს არა დეპარტამენტის კომისია, არამედ საზოგადოებრივი კომისია და ასე შემდეგ.“

ელენე თევდორაძის თქმით, პატიმრობის ახალი კოდექსი ასევე ითვალისწინებს ხანგრძლივი პაემნების აღდგენასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაღაზიების გახსნას. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა კი იმედოვნებს, რომ პატიმრობის ახალი კოდექსის მიღებით 2008 წლისთვის პენიტენციური სისტემა მთლიანად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს: თითო საწოლს თითოეული პატიმრისთვის, მინიმუმ 3,5 კვადრატულ მეტრ პერსონალურ სივრცეს, გაუმჯობესებულ კვებასა და სანიტარულ პირობებს.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG