Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გიორგი ხაინდრავა გასული კვირის მანძილზე

განცდილ და ნანახ მოვლენებს, რადიო "თავისუფლების" თხოვნით, ინიშნავდა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი გიორგი ხაინდრავა.

ამ სამუშაოს შესრულებას ორი გარემოება უძღვის წინ. პირველი: უნდა შევავსო "თავისუფლების დღიურები" საზოგადოების იმ წევრმა, რომელიც არასდროს ყოფილა თავისუფალი. მეორე: სამუშაო უნდა დავიწყო კვირა დღეს - მაშინ, როცა კვირა შვიდდღიანი მონაკვეთის ბოლო დღეა და, წესით, მთელი კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს უნდა აჯამებდე. ან ისვენებდე, მარადისობას ეზიარებოდე...

11 თებერვალი, კვირა
აღარ დამთავრდა ეს საბჭოთა კავშირი! ბედი არ გინდა კაცს - ერთხელ დაიბადო და ისიც საბჭოთა კავშირში?! თითქოს დაინგრა ამ უბედურების ციტადელი - სსრკ. დაიშალა სოციალისტური ბანაკი, დაინგრა ბერლინის კედელი, აღდგა ქვეყნების დამოუკიდებლობა, მაგრამ რად გინდა? ჩემს სამშობლოში ისევ საბჭოთა წყობა ზეობს: ერთს ვამბობთ, მეორეს ვფიქრობთ, მესამეს ვაკეთებთ. ხელისუფლება ცრუობს, ხალხი - თავს იტყუებს. ერთპიროვნული მმართველობა. პროკურატურის ნება-სურვილს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება, ნებაყოფლობით დამუნჯებულ-დამონებული პარლამენტი, საკუთარი ნების არმქონე აღმასრულებელი ხელისუფლება, არარსებული ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, მედიაზე იდეოლოგიური წნეხი, ელიტარული კორუფცია, მოქალაქეების ტერორი, ბიზნესის ძარცვა-გლეჯა... და ეს ყველაფერი გაუთავებელი ტრაბახის ფონზე: მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტი, ჯერ არსად ნანახი შადრევნები, 100 უფასო სასადილო, 100 ახალი საავადმყოფო, 100 გადათხრილი ქუჩა, ყველაზე უკეთესი გზები, ყველაზე მაგარი საწარმოები, ყველაზე უკეთესი მინისტრები (განსაკუთრებით, ძალოვანი), ყველაზე მაგარი ჯარი, საუკეთესო განათლების რეფორმა, ყველაზე უკეთ გარემონტებული სკოლები... მოკლედ, ბედნიერი ბავშვობა, უზრუნველყოფილი ახალგაზრდობა და დაფასებული სიბერე. ლოზუნგები, ტრანსპარანტები, აღლუმები, პლაკატები, დროშები. დროშები ჩქარა!
რატომ ხდება ასე? ალბათ, იმიტომ, რომ დროგამოშვებით ყველანი ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ხოლო ცალ-ცალკე ვიხვეჭთ ძალაუფლებას.
დღეს - ისევე, როგორც მთელი განვლილი ცხოვრება - მე "ძალისუფლების", და არა - თავისუფლების საზოგადოებაში ვცხოვრობ. ვინ არის ამაში დამნაშავე? ხელისუფლება? არა მგონია. ჩვენ ვართ დამნაშავე, ჩვენ. ჩვენ ვანიჭებთ ხელისუფლებას კონკრეტულ ადამიანებს და ისინი ამ ხელს, როგორც მოეპრიანებათ, ისე აფათურებენ. იმიტომ, რომ ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ.
ვაძლევთ უფლებას, მოკლან რობაქიძე და გირგვლიანი; ვაძლევთ უფლებას, საკუთარი სურვილისამებრ გამოტენონ ციხეები; ვაძლევთ უფლებას, წაგვართვან ქონება; ვაძლევთ უფლებას, შეურაცხყონ უდანაშაულო ადამიანები; ვაძლევთ უფლებას, არაფრად ჩააგდონ ადამიანის უფლებები; ვაძლევთ უფლებას, გვატყუონ წამდაუწუმ.
ჩვენ ვაძლევთ უფლებას - ისინი ამ უფლებას მშვენივრად იყენებენ. სათავისოდ, რა თქმა უნდა.
ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში ადამიანების ერთ ჯგუფთან ერთად, რომელსაც "დაუმორჩილებლობის კომიტეტი" ერქვა და რომელშიც გიგა ბოკერიაც შედიოდა, მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. უამრავ აუდიტორიაში მოგვიწია გამოსვლა. მაშინ ხალხს ხელისუფლების, არსებული წყობის მშვიდობიანად შეცვლისკენ მოვუწოდებდით. ზოგი რას ვამბობდით და ზოგი - რას. კარგად მახსოვს, როგორ აფრთხილებდა ბატონი ბოკერია ჩვენს თანამემამულეებს, რომ ხელისუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყვნის ადამიანს. ნეტავ, დღეს როგორ არის ამ მხრივ საქმე ჩვენს ხელისუფლებაში ბატონი ბოკერიას აზრით?
მგონი, არცთუ მაინცდამაინც მაჟორული დასაწყისი გამომივიდა "თავისუფლების დღიურების", მაგრამ... აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა.

12 თებერვალი, ორშაბათი
გუშინ "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიამ ორი სიუჯეტი გვაჩვენა. ერთში ვინმე ისტორიკოსი გვიმტკიცებდა, რომ დავით აღმაშენებელი სულაც არ ყოფილა აღმაშენებელი და წარმატებული მეფე. არც დიდგორი იყო დიდგორი და არც ძლევაი საკვირველი. არც ჯვაროსნები ყოფილან მაშინ და არც ყივჩაღები. ნეტავ, რომელი ქვეყნის ისტორიას ასწავლიდნენ ამ კაცს და ვინ? ხოლო მეორე სიუჟეტში უსიძო ქორწილზე და ამ ახლად დაარსებული ტრადიციის უპირატესობაზე საუბრობდნენ. მახსოვს, ყოფილ კიროვის პარკში საფეხბურთო კამათებისას, არაერთხელ გამიგონია, რომ ლევან ნოდია ჯობია გერსონს, ანდა ნომალ მაისურაძე - გარინჩას. კამათში შესული, საკუთარ თვითმყოფადობას ძალდატანებით მოწყვეტილნი, საბჭოთა კავშირში მცხოვრები "ურა-პატრიოტი" რას არ იტყოდა ეროვნული ღირსების, ტრადიციის, ნიჭის წარმოსაჩენად. ეს ყოვლად გაუაზრებელი ემოციურობა გასაგები იყო ჩემთვის, თუმცა - მიუღებელი.
ის, რაც გუშინ მოვისმინე "გამარჯვებული ტელევიზიის" ეთერში, არც გაუაზრებელი მომეჩვენა და არც მოჭარბებული ემოციის შედეგი. მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახის მიერ გაპიარებულ ახალ საქორწილო ტრადიციას რაც შეეხება, კომკავშირული გული რომ ფეთქავდა საქართველოში - ლიმონათით ნადღეგრძელები ნეფე-პატარძალი და კოკა-კოლით გაწყობილი საქორწილო სუფრა კი მახსოვს, მაგრამ შავ კაბაში გამოწყობილი პატარძალი და ვირტუალური სიძე - არასოდეს. რამდენად სასაცილოა ეს გარემოება, სხვამ განსაჯოს. მე კი ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ცოლი ქმრის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს სასამართლოში, მამაკაცური ვალდებულებების ქრონიკული შეუსრულებლობის ბრალდებით. პროცესზე ქმრის დაცვა წარმოადგენს სამედიცინო დასკვნას, რომელიც ადასტურებს მის მამაკაცურ შესაძლებლობებს, რასაც დარბაზიდან სიდედრის სასოწარკვეთილი ყვირილი მოჰყვება: "ჩვენ, ბატონო მოსამართლე, ცნობა კი არა, ... გვინდა."
ნეტავ ჩვენ რაღა გვინდა?..

13 თებერვალი, სამშაბათი
დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა. 30 წლის შესრულდებოდა, ამ კაციჭამიებს რომ არ მოეკლათ. მიცვალებულზე ჩვენში ან კარგს ლაპარაკობენ ან არაფერსო, გამიგია. მაგრამ ეს სანდრო, ეტყობა, მართლა ძალიან კარგი ბიჭი უნდა ყოფილიყო. მე არ ვიცნობდი. არ მენახა არასდროს. მამას ვიცნობ - კარგი კაცია.
სადაც სანდროზე ლაპარაკი ჩამოვარდება, ყველგან გულწრფელი წუხილია. კარგი ახალგაზრდები მხვდებიან - ბიჭები, გოგოები. უცნობები, ძირითადად: "მე სანდროს მეგობარი ვარ. გმადლობთ."
ამ სიტყვებზე თვალებზე ცრემლი მადგება. ახლაც.
მე თანამონაწილე ვარ იმ უბედურების, რაც ვარდების რევოლუციურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. თებერვლიდან ივნისამდე მეც ვდუმდი - ხუთი თვე! მათთან ვმუშაობდი, ვესალმებოდი, ვუღიმოდი. პასუხისმგებლობა გუნდური იყო - ასე შევთანხმდით ჟვანიას დროს. ესე იგი, ყველას მოგვეთხოვება. აუცილებლად მოგვეთხოვება. ეს არის ერთადერთი, რისიც დღეს მჯერა. სააკაშვილის დიდი ხანია, აღარ მჯერა. არც მისი გუნდის და არც ჩემი ყოფილი კოლეგების.
ყველანი ცოდვის შვილები ვართ, თუმცა, ცოდვაა და ცოდვა. ის, რაც გირგვლიანების, რობაქიძეების და სხვების ოჯახებს თავს დავატეხეთ, ცოდვა მაგას ჰქვია.
საღამოს ეთერში ვიყავი ინგა გრიგოლიასთან "იმედზე". შალვა შავგულიძე შემხვდა. სამაგალითო კაცია. აფხაზეთშიც ასეთი იყო. ძნელბედობის ჟამს გავიცანი. თუ ვინმეს ვანდობ საკუთარ სიცოცხლეს - შალვას. ლევან ბუხაიძეც იქ იყო. ის იმ საშინელი ღამის უშუალო მონაწილეა. რაც ამ უდანაშაულო ახალგაზრდა კაცმა ნახა და გადაიტანა, მტერს არ ვუსურვებ. პირველად ვისაუბრეთ იმ ღამეზე. კარგად უჭირავს თავი. ვერ გატეხეს. ძალიან კი ეცადნენ, ეტყობა. ასეთ გამოცდას რომ კაცი გაუძლებს, ნამდვილად პატივისცემის ღირსია.
ვარდების რევოლუციურმა ხელისუფლებამ საქმე აღძრა არა ბუხაიძის მიერ ამოცნობილი სადისტი მელნიკოვის წინააღმდეგ, არამედ ბუხაიძის წინააღმდეგ. რომ წარმოვიდგენ, ვის ხელშია ძალაუფლება საქართველოში, სასოწარკვეთა მეუფლება. არადა, საკუთარი ხელით მივართვით ლამბაქზე. ახია ჩვენზე. იქნებ ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა. ჩვენც, ებრაელებივით, სულ მესიის იმედი გვაქვს. ოღონდ, ისინი სულ მოლოდინში არიან, ჩვენ კი უკვე მერამდენედ ვაღიარეთ. შედეგსაც ვიმკით.
ასე რამ დაგვაბეჩავა? ნუთუ საკუთარი თავის იმედი სულ დავკარგეთ? 21-ე საუკუნეს წითელი ეშმაკუნების უღელქვეშ თუ შევეგებებოდით, ნამდვილად არ მეგონა.
აღარ დამთავრდა ეს საბჭოთა კავშირი...

14 თებერვალი, ოთხშაბათი
სითბო მომენატრა. სითბო და წყალი.
წყალი სულ მენატრება - ზამთარ-ზაფხულ. პირველად ქალბატონმა ციალა არდაშელიამ რომ მითხრა, შენი გვარი ლაზური წარმოშობისააო, იმ წუთში მივიღე. ადრე ბევრჯერ მიფიქრია, ამ ხმელეთის კაცს ზღვა რამ შემაყვარა ასე ძლიერად, რატომ მიმიწევს გული შუაგულ ზღვაში-მეთქი...
ერთხელ ბედმა გამიღიმა: ფოთიდან გენუაში იალქნიანი ნავით, "კოლხეთით" ვიმოგზაურეთ იუნესკოს ეგიდით. "დიდი აბრეშუმის გზა" - ასე ერქვა საერთაშორისო ექსპედიციას, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი საქართველოს ერგო წილად. იმის მერე სულ ზღვაზე ვფიქრობ. ამბობენ, ძნელი განსაცდელიაო. მე არც ერთ წუთს არ მინანია, ზღვას რომ მივენდე. ისე ვიყავი, როგორც თევზი ზღვაში. გაჭირვება როგორ არ შეგვხვედრია, მაგრამ იმ ბუმბერაზ განცდას რა შეედრება, შუა ზღვაში რომ გეუფლება პატარა ადამიანს? ან რა ცაა, ან რა მზის ამობრძანება-ჩაბრძანება, ანდა შორიდან დანახული ნაპირი რად ღირს! მაგრამ მთავარი მაინც ზღვაა: ხან მშვიდი, ხან მღელვარე, ხან აბობოქრებული, ოღონდ ყოველთვის - შენი. ახლობელივით.
მოკლედ, საბჭოთა კავშირში რომ არ დავბადებულიყავი, ნამდვილად მეზღვაური ვიქნებოდი. არც ახლაა გვიანო - იტყვის კაცი. მაგრამ ჯერჯერობით ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ, რომელსაც დამოუკიდებელ საქართველოს ეძახიან. და მეორე - აღარც გემი დატოვეს, აღარც პორტი და აღარც სანაპირო. სულ გაყიდეს ყველაფერი. სკუტერს თუ დავიქირავებ 10 ლარად ნახევარი წუთით "გონიო სისაიდის" მიდამოებში.
ისე, როგორც ვიცი, ყაზახებს ლაზური წარმომავლობა არ უნდა ჰქონდეთ. ნეტავ მაგათ რაღამ შეაყვარა ზღვა? უნდა ვივარაუდოთ, საქართველოს ბიუჯეტზე ზრუნვამ. "გამარჯვებული ტელევიზიის" ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, ყივჩაღები არაფერ შუაში არ არიან საქართველოში... მიდი და გაიგე, რა ხდება.

15 თებერვალი, ხუთშაბათი
დილით მობილური ტელეფონი ჩავრთე და SMS-ი წავიკითხე: "Пусть любовь не покидает твое сердце". ნეტა ვინ ზრუნავს აგრერიგ ჩემზე?.. იმ წუთას გამახსენდა: "Мир не без добрых людей".
გარეთ თბილა, მზე კაშკაშებს. გული სიყვარულს არ მიუტოვებია. გულშემატკივრებიც მყავს. ეტყობა, გაზაფხული მობრძანდება. მადლობა უფალს!
თურმე, რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის.
უმუშევრობას თავისი უპირატესობები ჰქონია. ოღონდ, დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. არა, საქმეს რა გამოლევს, მაგრამ ყოველდღიური სამუშაო რიტმი, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, ვადები, პირობები, დავალებები, მოლაპარაკებები, გადაღებები, წვალებები და წარმატებები, თუგინდ წარუმატებლობები - ოღონდ ნაჯაფარი - სულ სხვაა. "ბალივით".
ასე მგონია, რომ სარგებლობის მომტანი პერსონაჟი ვარ. თუმცა, როგორც ირკვევა, - და ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში - ასე მხოლოდ მე მგონია. დანარჩენებს სხვაგვარად ჰგონიათ. ზეპირსიტყვიერად - იცოცხლე! იმის მეასედი რომ დავიჯერო, რასაც მეუბნებიან, შეიძლება საკუთარი მნიშვნელოვანებისგან თავბრუ დამეხვეს. ვირინდები კიდეც. ნურას უკაცრავად - არავითარი "ბრუ". თავი კი მაქვს, მაგრამ თავბრუ არ მეხვევა!
ეგ არაფერი. წეღან მე თვითონ არ მომაგონდა, რომ "мир не без добрых людей"? ვიღაც გამოჩნდება, გავახსენდები, დავჭირდები, შევებრალები, ბოლოს და ბოლოს.
აი, ეს აღარ მევასა. "შევებრალები" რა პონტია?! რა მჭირს სხვისი შესაბრალებელი, ძმაო!
ჰოდა, იჯექი მაშინ და ნუ წუწუნებ. გარეთ კი მზეა, თბილა. ყველა წასულა საქმეებზე, ერთი მე ვარ უსაქმური. ავდგები და მეც წავალ. ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ. ჰოდა, დღესაც ვცდი. იქნებ მიხვდნენ ამასობაში, რომ ძალიან მაგარი ვინმე ვარ და მეძებენ უკვე... მთავარია, რომ "любовь не покинула сердце". სხვა აეწყობა.
სახლიდან გავდიოდი, როცა "იმედის" საინფორმაციოში მოვკარი ყური, რომ სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის ოჯახები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
დათო მაღრაძის ლექსი გამახსენდა: დედა რომ შვილს ტირის, თანაგრძნობის გარდა, ყველაფერი სისულელეა.
თანაგრძნობა რაღა გახდა ამ გამარჯვებული ხალხის ქვეყანაში? იქვე დათოს ამ ლექსის სათაური გადავიკითხე: "მწიგნობართათვის, ფარისეველთათვის, ფსიქოანალიტიკოსთათვის, უფსკრულის უკუნის გულდასმით მკვლევართათვის".
ჩვენზე ყოფილა.

16 თებერვალი, პარასკევი
აკი ვამბობდი, აღარ დამთავრდა-მეთქი ეს საბჭოთა კავშირი. დღეს საქართველოს პარლამენტში ხალხის რჩეულთა უმრავლესობამ მდუმარე განაჩენი გამოუტანა საკუთარ ამომრჩეველს. ამ განაჩენის შედეგად, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის ან მათი მსახურების თუ ოჯახის წევრების მოთხოვნებს, ლიკვიდირებულ იქნება.
რა ფორმით და სად - ამას პარტია გადაწყვეტს. შემდეგ პარტია გადაწყვეტს, დასაჯონ მკვლელი თუ დააწინაურონ, ან სულაც დააჯილდოვონ. გამოიძიონ მომხდარი ამბავი თუ არა. თუ მაინც გამოიძიონ - რა მასალები უნდა იქნეს გამოყენებული და რა - არა. დაიწეროს საბრალდებო დასკვნა თუ არა. და თუ დაიწეროს - როგორი. შემდეგ პარტია ამ საქმეს გადასცემს ან არ გადასცემს სასამართლოს, რომელიც დააკმაყოფილებს პარტიის ყველა მოთხოვნას და გამოიტანს განაჩენს. ამის მერე პარტია მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ყოველივე ამის შედეგად "გამარჯვებული ხალხის" ქვეყნის მოსახლეობა არ აღფრთოვანდა და უკმაყოფილებაც გაივლო გულში, საკითხი გასარჩევად პარტიის რჩეულებს გადაეცემათ პარლამენტში. იქ რა მოხდება, ამის მომსწრენი გავხდით...
ხალხის ერთმა ქრონიკულმა რჩეულმა ხელისუფლების მიერ ლიკვიდირებული უდანაშაულო ახალგაზრდის მამას აღშფოთებით, საქვეყნოდ განუცხადა: რა ხდება აქ, ეს რა ცირკი მოგიწყვიათო. ბავშვობიდან მოყოლებული, უფროსებისგან, მასწავლებლებისგან, თანატოლებისგან მესმოდა - ყველაფერს საზღვარი აქვს. ასე არ ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში უსინდისობას საზღვარი არა აქვს. არც ცინიზმს. არც მლიქვნელობას, არც განუკითხაობას. არც თვალთმაქცობას. ერთი რამ, რასაც ჩვენს ქვეყანაში საზღვარი აქვს - და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი - ეს არის მოთმინება. ამიტომ გულწრფელად ვურჩევ მმართველი პარტიის წევრებს და მათ ბელადებს: ნუ მიგვაყენებენ ამ საზღვართან. მანძილი დარჩა მეტად მცირე. თუ დარჩა საერთოდ...

17 თებერვალი, შაბათი
თუ ამ ჩემი დღიურის წაკითხვისას ვინმეს გაუჩნდა აზრი, რა აიჩემა ამ კაცმა ეს საბჭოთა კავშირიო, ვურჩევდი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაისეირნოს მანქანით ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე. ვფიქრობ, თავად დარწმუნდება, ვაშენებთ ქვეყანას თუ არა. და თუ ვაშენებთ - როგორს. იქიდან მობრუნებულებმა მარჯვენა სანაპიროს სახელები გაიხსენონ: გუშინწინდელი, გუშინდელი და დღევანდელი. ეს მარტივი სავარჯიშო ადვილად დაგვეხმარება ჩვენი რჩეულების იდეოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბებაში. თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული მარშრუტი მეტისმეტად გრძელი მოგეჩვენათ და მანქანა არ გყავთ ან საწვავის ფული არ გაქვთ, უფრო მოკლე მარშრუტიც მაქვს შემონახული, რომელიც ისტორიული ექსკურსითაც უფრო მოკლეა და მხოლოდ დღევანდელი პარტიის, დღევანდელი ხელისუფლების მსოფლმხედველობას გაგაცნობთ. ეს მარშრუტი ორი ქუჩით შემოიფარგლება. ერთი ლიუბლიანას ქუჩაა, რომელიც საავადმყოფოების სიმრავლით გამოირჩევა ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიურის ჩასახვევის ჩათვლით და მეორე - პარალელური წინამძღვრიშვილის ქუჩა, რომელიც რესტორნების სიმრავლით არის ცნობილი. თავად დარწმუნდებით, რომ აღარ დამთავრდა ეს საბჭოთა კავშირი!
P.S.: ...ოღონდ ეს ყველაფერი დღეს უნდა გავაკეთოთ, 2007 წლის რომელიმე დღეს. თორემ 2008 წელს ნატოში შევდივართ. და, რაც მთავარია, ახალი არჩევანის საშუალება მოგვეცემა. ვინ იცის, იქნებ დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს ეს საბჭოთა კავშირი...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG