Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტად იმყოფებოდა ბრიუსელში.

სამშაბათს სააკაშვილი შეხვდა ევროპის კომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ბაროზუმ სააკაშვილს მეტი დახმარება აღუთქვა, მაგრამ გაიმეორა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები სამეზობლო პოლიტიკით იქნება შემოფარგლული. სამშაბათსვე სააკაშვილი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სამშაბათს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები მაგალითია მთელი რეგიონისთვის.

[ბაროზუს ხმა] "უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ვიხილეთ რეფორმების შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის წყალობითაც საქართველო თანდათან გარდაიქმნება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ დემოკრატიად."

ბაროზუს თქმით, ამ რეფორმების წყალობით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება ევროკავშირის ის პროგრამები, რომლებშიც აქამდე მხოლოდ კავშირის წევრები მონაწილეობდნენ. ბაროზუმ დააკონკრეტა, რომ ასეთი თანამშრომლობა შემოფარგლული იქნება გარემოს დაცვის, განათლებისა და სამეცნიერო გაცვლის სფეროებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციაში და დიდ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ქვეყანას.

ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ევროპის კავშირისთვის მნიშვენლოვანი სატრანზიტო ქვეყნის როლის წინ წამოწევას. სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიებალგსს.

მიმომხილველთა აზრით, ამ ვიზიტის მსვლელობისას სააკაშვილი ეცადა ევროკავშირში საქართველოს განუსაზღვრელ ვადებში გაწევრიანების ნაცვლად აქცენტი გაეკეთებინა უფრო ხელშესახებ და რეალისტურ მიზნებზე.

სააკაშვილის თქმით, მან ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან მიიღო დაპირება, რომ ბლოკი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში უფრო აქტიურად მონაწილეობას აპირებს.

[სააკაშვილის ხმა] "გუშინ მოისმინეთ, როგორ ვისაუბრეთ მე და ბატონმა სოლანამ - ასევე ვისაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტთან - სამშვიდობო მისიის გაფართოებისა და ფორმატის შეცვლის შესაძლებლობებზე. საქმე შეეხებოდა ევროპის როლის გააქტიურებას. ეს დიდი წინსვლაა, დიდი სიახლეა."

მაგრამ თავად ევროკავშირისთვის ეს არც ისე დიდი წინსვლაა. კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ჯერაც არ არის ერთსულოვნება საქართველოში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე. ეს საკითხი რომც გადაწყდეს, ევროკავშირი ჯარებს გაგზავნის მხოლოდ და მხოლოდ მას მერე, რაც სეპარატისტული მთავრობებისა და რუსეთის თანხმობასაც მიიღებს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში სააკაშვილი ეცადა დაერწმუნებინა ევროკავშირის ლიდერები, რომ საქართველო არ აპირებს, გულხელდაკრეფილმა უყუროს გარედან ჩარევას, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის ტერიტორიულ მთლიანობას. სოლანამაც და ბაროზუმაც უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ესმით მისი შეშფოთება.

ამასთან, როგორც ბაროზუმ აღნიშნა, ევროკავშირი ეთანხმება საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ გაყინული კონფლიქტების მოგვარებისკენ გზა მოსკოვზე გადის. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია და უნდა გასწიოს ამაში დახმარება.

ამავე დროს ბაროზუმ ორივე მხარეს მოუწოდა, გადალახონ დღეისთვის არსებული უთანხმოებები.

[ბაროზუს ხმა] "რეგიონთან დაკავშირებით მინდა დავძინო, რომ დიდი იმედი მაქვს, რუსეთსა და საქართველოს შორის დარჩენილი სიართულეები კონსტრუქციულად მოგვარდება. ამ პრობლემის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს."

მიხეილ სააკაშვილმა ბაროზუ ოფიციალურად მიიწვია საქართველოში. ევროკომისიის პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია შესაძლო ვიზიტის ვადები.

სამშაბათს საღამოს მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა თქვა, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გრძელი გზა აქვს გასავლელი. მან თქვა, რომ კმაყოფილია ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის დონით, მაგრამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ვადების პროგნოზირება.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხს, სხეფერმა თქვა, რომ ნატო არ აპირებს ამ კონფლიქტების მოგვარებაში პირდაპირ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG