Accessibility links

საკუთრების უფლების დაცვის საკითხებზე საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი იმუშავებს


საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიზნით პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი იმუშავებს.

აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბოლოო შეთანხმებას სამშაბათს, 27 თებერვალს, მიაღწიეს. ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ოპოზიციამ უკან წაიღო მოთხოვნა, პარლამენტში შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების შესასწავლად. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მუშაობა იწყება პარლამენტში საკუთრების უფლების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შესაქმენლად.


”საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით... და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.” - ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყნის მთავარი კანონით აღიარებული უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ყოფილა საჭირო.

ქალაქის იერსახის დამახინჯების ან წარსულში კანონდარღვევით აშენების მომიზეზებით სხვადასხვა ტიპის ნაგებობების ხელყოფის ფაქტებს ოპოზიციის წარმომადგენლები კერძო საკუთრების ხელყოფად განიხილავენ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი უკანონო ნაგებობების დემონტაჟად. აღნიშნული სამსახური დემონტაჟს დემონტაჟის ბრძანებულებით ეწევა, ხოლო ის, ვინც მიიჩნევს, რომ ამ პროცესით მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება ირღვევა, კითხულობს, რატომ არ გაარკვია სასამართლომ უკანონო იყო თუ არა მის მფლობელობაში არსებული ქონება. მოკლედ, საქართველოში მომრავლდნენ პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეილახა მათი, როგორც მესაკუთრის, უფლებები, გაჩნდა რაღაც საყოველთაო შიშიც საკუთრების უფლების შელახვისა. ამ პრობლემაზე იყო მსჯელობა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან პრეზიდენტის ამასწინანდელ შეხვედრაზე და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”დაიდოს ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს საკუთრების გადახედვის თაობაზე ობიექტურ თუ სუბიექტურ საუბრებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში პატივს სცემენ კერძო საკუთრების უფლებას. ”

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 27 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ნახსენები საკანონმდებლო გადაწყვეტილების პროექტზე ინტერფრაქციული ჯგუფი იმუშავებს.
ოპოზიციის მოთხოვნა საკუთრების ხელყოფის ფაქტების შესასწავლად შექმნილიყო პარლამენტის საგამოძიებო კომისია, როგორც უკვე ვთქვით, დღის წესრიგიდან მოხსნილია. არადა, ოპოზიციაში - კერძოდ, ”ახალ მემარჯვენეებში” - მიაჩნდათ, რომ, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, საგამოძიებო კომისიის ფორმატში მუშაობა უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ასეა თუ ისე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის თაობაზე შედგა.
კერძო საკუთრების უფლების დაცვისთვის დამატებით საკანონმდებლო გარანტიებზე მუშაობის დაწყების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების განწყობა ასეთია:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”თუ ეს ჯგუფი მოახერხებს რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევას, სერიოზული დოკუმენტის შექმნას და გამოეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზიები ჰქონდათ, მაშინ დიალოგი, რაც დაიწყო ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის, გამართლებული ყოფილა და აზრი ჰქონია. ”

ეს იყო პარლამენტის სხდომაზე დავით გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება. პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, ნინო ბურჯანაძის მეთაურობით, დახურულ ფორმატში იმუშავებს საკუთრების დაცვის დამატებით საკანონმდელო გარანტიებზე და განიხილავს ჯგუფის წევრებისთვის ცნობილ იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც საკუთრების უფლების შელახვასთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG