Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


“მოსკოვი მზადაა ფსოუ-როკის ქართულ საბაჟოებზე იმსჯელოს”, - წერს “რეზონანსი” და დასძენს, რომ ქართველი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ოფიციალური მოსკოვის განცხადებას

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთან სადავო საკითხების მოგვარებისათვის მზადყოფნის თაობაზე. “მათი თქმით”, - წერს გაზეთი – “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქართული მხარის მოთხოვნებს დათანხმდა, თბილისისთვის კონფლიქტის ზონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების დამოუკიდებლად გახსნა შეუძლებელი იქნება”. “რეზონანსის” მიმომხილველი შენიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთის ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართ დროთა განმავლობაში შესუსტდა. “ოფიციალურმა თბილისმა მის მიერ დაყენებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, უკან წაიღო და კრემლს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ფსოუზე და როკის გვირაბთან ქართული საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის პირობა დაუტოვა”, - წერს “რეზონანსი”.

გაზეთის დღევანდელ ნომერშივე ქვეყნდება ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის სპიკერ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც კანადასა და ავსტრიაში ვიზიტების შესახებ საუბრობს. ბურჯანაძის თანახმად, კანადის პარლამენტში შეიქმნა საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომლის წევრებიც აცხადებენ მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“თანამედროვე ყვარყვარეების” გამოვლენას შეეცადა გაზეთი “ახალი ვერსია”, რომელიც წერს: “კულუარულად ამბობენ, რომ პოლიტიკოსებიდან, რომელნიც ხშირად იცვლიან პარტიებს და პოლიტიკურ შეხედულებებს, საზოგადოებას ყველაზე მეტად ჯონდი ბაღათურია, მაია ნადირაძე, ნესტან კირთაძე, ირინა სარიშვილი, კობა დავითაშვილი და გოჩა ჯოჯუა დაამახსოვრდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით”, - წერს გაზეთი – “ყვარყვარიზმის დასტურია თუნდაც ის, რომ ყოფილი მმართველი პარტიის – “მოქალაქეთა კავშირის” წევრთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი “მოქკავშირის” პარტიული აქტივი დღესაც მმართველი პარტიის, ამჯერად უკვე “ნაციონალური მოძრაობის”- რიგებშია”, - წერს “ახალი ვერსია”, რომლის დღევანდელ ნომერში ქვეყნდება აგრეთვე ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან. საუბარი შეეხება უმრავლესობის ინიციატივას შედგეს ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი და მასზე ხელმოსაწერად პოლიტიკური ძალები მიიწვიონ. უსუფაშვილი ამბობს: “განცხადებაზე ხელმოწერა, უბრალოდ, სასაცილო თემაა. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების საკითხს, “რესპუბლიკური პარტია” საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობად მიიჩნევს. ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ. სხვათა შორის, ამ პროცესისთვის ხელშეწყობაა, როდესაც ჩვენი პარტია ხელისუფლებას არასწორ ნაბიჯებზე მიუთითებს, რომელიც ნატოსთან კი არ გვაახლოებს, პირიქით, გვაშორებს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა ის უფრო არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტიისგან მტრის ხატი შექმნას”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი “ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში.

“ახალი თაობა” კი “ეროვნული ფორუმის” - იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს გაესაუბრა, რომელიც უმრავლესობის “დარტყმის” ერთ-ერთ ობიექტად იქცა ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში. ფორუმის წევრი ირაკლი მელაშვილი გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში განმარტავს: “1995 წელს, როდესაც პირველი ასოციაცია დაფუძნდა -“საქართველო და ნატოს მეგობრობა”, მე მისი პირველი პრეზიდენტი ვიყავი. ვერანაირად ვერ მექნება ნატოს საწინააღმდეგო პოზიცია. უბრალოდ, ვსვამ კითხვას, ამ პროცესში როგორ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორ იჭრება ეს საკითხები. ვრჩებით დსთ-ში, თან ნატოში შევდივართ. სამშვიდობო ძალების საკითხი როგორ გადაწყდება. ამ კითხვებზე ხელისუფლებამ, ბუნებრივია, უნდა გაგვცეს პასუხი”, - ამბობს მელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG