Accessibility links

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პრობლემებს რუსეთის პრესაც აქტიურად ეხმაურება.

დღევანდელი ”ნოვიე იზვესტია” წერს, რომ ამ ორგანიზაციაში საქართველოს მიერ წამოყენებული პირობები რუსეთისთვის გასაგებია და, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის თბილისში დაგეგმილ საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციების კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კიდევ რაზე წერდა რუსეთის პრესა?

დღევანდელი ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან კონსტანტინე კემულარიასთან. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ამაზე რუსეთის შესაძლო რეაგირებაა. კონსტანტინე კემულარიას აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ მის მეზობლად ძლიერი, დემოკრატიული, ინვესტიციებისთვის გახსნილი სახელმწიფო არსებობს. ციტატა ინტერვიუდან: ”თუ მოსკოვში ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის და ბორჯომის რუსეთის ბაზარზე გაყიდვაა - ძალიან ცდება. მთავარია, საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიული ინტერესები არ დაზარალდეს იმ მიზეზით, რომ რუსეთში ვიღაცას რეალობის აღქმის პრობლემები აქვს.” კორესპონდენტის შენიშვნაზე, რომ რუსეთისთვის შემაშფოთებელია საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების გამოჩენის შესაძლებლობა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ საქართველო გადაწყვეტილებებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს, თუმცა, იქვე დასძენს, ჩვენ ოფიციალურად არასდროს განგვიცხადებია თანხმობა საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოთა ბაზების განლაგების შესახებო.
”რუსეთის ელჩი საქართველოში ნატოს მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”ვრემია ნოვოსტეი” საქართველოში რუსეთის საელჩოს მრჩევლის ოლეგ სტეპანენკოს განცხადებას. სტეპანენკო მტკნარ სიცრუეს უწოდებს ქართული პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს ფარული ურთიერთობა ჰქონდეს იმ ქართველ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას. ”ჯერ კიდევ იანვარში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ინატრებდა, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გამხდარიყო. 23 თებერვალს კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გიორგი ბოკერიამ და გივი თარგამაძემ რუსი დიპლომატის ეს სურვილი იმ ქართველ პოლიტიკოსების პოზიციას დაუკავშირეს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების დროულობაზე საუბრობენ,” - წერს გამოცემა და შენიშნავს, რომ, სოციოლოგიური გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგების წინააღმდეგია.
4 მარტისთვის აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების თემას ეხება დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის ცნობითაც, როგორც ეს აქამდეც არაერთხელ მომხდარა, წინასაარჩევნოდ ქართული მედია აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის შესახებ იუწყება. ამჯერად დაძაბულობის მიზეზად აფხაზებსა და სომხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება. ამ მოსაზრებას გაზეთთან საუბრისას უარყოფს სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც ქართული მედიის ცნობების უკან საარჩევნოდ აფხაზეთში ვითარების გამწვავების სურვილს ხედავს. ”არჩევნები აუცილებლად ჩატარდება,” - ამბობს სოხუმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა, რომლის ცნობითაც, 4 მარტისთვის არჩევნებზე დასასწრებად საერთაშორისო დამკვირვებლებიც არიან მიწვეულნი. თუმცა, როგორც ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, აფხაზეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არც ამჯერად ცნობს.

XS
SM
MD
LG