Accessibility links

logo-print

”პრესტიჟი” – ”ამირანში”


კინოთეატრ ”ამირანში” გრძელდება კრისტოფერ ნოლანის ფილმის, ”პრესტიჟის”, ჩვენება.

სურათის მსოფლიო პრემიერა გასულ წელს რომის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ”პრესტიჟში” ჰოლივუდის ვარსკვლავები თამაშობენ, შეერთებულ შტატებში სურათს დიდი წარმატება არ ჰქონია. თუმცა ეს ბრიტანულ-ამერიკული დრამა დღევანდელი საქართველოსათვის უაღრესად აქტუალურია.


”ხელოვნება - მსხვერპლს მოითხოვს”, ”შოუ-ბიზნესი - კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს” - ასე შეიძლება გავიგოთ ”ბეტმენის” უკანასკნელი ვერსიის ავტორის, კრისტოფერ ნოლანის, ფილმი. მართალია, ”პრესტიჟის” მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხდება, ე. ი. იმ დროს, როცა ”შოუ-ბიზნესის” მცნება ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული, ეს ამბავი ილუზიონისტების შესახებ, რომლებიც წარმატების მისაღწევად მზად არიან ყველანაირი მსხვერპლი გაიღონ, არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე რომელიმე სხვა, სოციალურ თემაზე გადაღებული ბრიტანული ფილმი. დიახ, სურათის რეჟისორი ჰოლივუდში მოღვაწეობს, თუმცა ბრიტანელი მწერლის, კრისტოფერ პრისტის, ეს ეკრანიზაცია, რომელიც,პირველ რიგში, დიკენსის ასოციაციებს იწვევს, კლასიკურ ინგლისურ ფილმებს გაგახსენებთ. უფრო მეტიც, ”პრესტიჟი” - ანტიჰოლივუდური ფილმიცაა, რადგან ავტორი ცდილობს ამერიკული კინოს ყველაზე პოპულარული მითი - კონკიას მითი - დაამსხვრიოს. კონკია ”სასახლის დიასახლისი” შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისათვის მან ბევრ რამეზე - მათ შორის, სინდისზეც - უნდა თქვას უარი, - დარწმუნებულები არიან ”პრესტიჟის” ავტორები. მით უფრო სიმბოლურია, რომ კინოთეატრი ”ამირანი” ნოლანის ფილმის პრემიერას ”ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად მართავს. ასეთ კონტექსტში მაყურებელი აღარ აქცევს ყურადღებას, როდის და სად ხდება ფილმის მოქმედება. მით უმეტეს, რომ ეს კოსტიუმირებული დრამა ულტრათანამედროვე მუსიკითაა გაფორმებული.

[მუსიკა]

მნიშვნელოვანია სამსახიობო ანსამბლიც, რომელსაც ”პრესტიჟში” ვიხილავთ. გამოცდილი ილუზიონისტის როლში - მაიკლ კეინი, სახიფათო ტრიუკის გამომგონებლის როლში - დევიდ ბოუი...ერთ-ერთი ჯადოქრის ასისტენტისა და ჯაშუშის (უფრო სწორად, ”შოუ-ბიზნესის” ჯაშუშის) როლში კი - ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი. მაგიის სამყაროს ”პრესტიჟული სახეები” ქმნიან. ჰოლივუდი, ბრიტანული აქცენტით, თვითკრიტიკის გზას ირჩევს. მაგრამ ეს გზა დიდი წარმატებით არ სრულდება - შოუ-ბიზნესის სივრცეში მორალისტებისთვის ადგილი არ არის.

XS
SM
MD
LG