Accessibility links

აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი შეშფოთებულია რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო


"სიტყვების ომი" ვაშინტგონსა და მოსკოვს შორის გრძელდება. სამშაბათს, სენატში გამოსვლისას, შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა

მაიკ მაკკონელმა განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო შორდება დემოკრატიის პრინციპებს და თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა შეიძლება მტრად გადაექცეს შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დაზვერვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს დიდი ფიქრი და განსჯა არ დასჭირვებია რუსეთზე საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოსათქმელად. ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გადამდგარმა ადმირალმა თანამემამულე სენატორებს ჭეშმარიტად სამხედრო პირდაპირობით უთხრა, რას ფიქრობს დღევანდელ რუსეთზე და მის ხელმძღვანელებზე.

[მაიკ მაკკონელის ხმა] "რუსეთში დემოკრატიისკენ სვლა უკუსვლით შეიცვალა. სულ უფრო მეტად მყარდება კონტროლი როგორც თავად დემოკრატიულ პროცესზე, ისე ადამიანებსა და პარტიებზე. ამან კი, შესაძლოა რუსეთის ახალი ლიდერის შერჩევაზეც მოახდინოს გავლენა."

მაკკონელის ეს სიტყვები მკაფიოდ გამოხატავს ვაშინგტონში გავრცელებულ სულ უფრო მზარდ შეშფოთებას რუსეთში შექმნილი ვითარების გამო. ეს შეშფოთება უწინარეს ყოვლისა, იმას უკავშირდება, რომ კრემლი სულ უფრო მეტად აქცევს მარწუხებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც განსაკუთრებით დამაფიქრებელია მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით.

სენატში გამოსვლისას, მაიკ მაკკონელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხშირად იმ მრჩეველთა მოსაზრებებს ითვალისწინებს, ვინც უნდობლად ეკიდება შეერთებულ შტატებს და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში გამუდმებით შეაქვს დაპირისპირებისა და არაჯანსაღი შეჯიბრის ელემენტი.

[მაიკ მაკკონელის ხმა] "რისი დადგენაც აქამდე მოვახერხე, ის გახლავთ, რომ ხალხი, რომელსაც პუტინი ყურს უგდებს, უკიდურესად კონსერვატორია და ეჭვის თვალით უყურებს შეერთებულ შტატებს. ისინი ყველაფერს იმ კუთხით აფასებენ, რამდენად დამცირებულად გამოიყურება რუსეთი; ამტკიცებენ, რომ ჩვენ მათ ყველაფერში ვაფერხებთ შეერთებული შტატების სახეიროდ."

შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ კრემლის ამგვარმა პოზიციამ, შესაძლოა, შეაფერხოს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა ან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.
XS
SM
MD
LG