Accessibility links

logo-print

ჩინეთის საფონდო ბირჟის კურსის ვარდნაზე მთელი მსოფლიო რეაგირებს


შანხაიში სამშაბათს საფონდო ბირჟის დაცემას დრამატული შედეგები მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

მრავალ ბირჟაზე აქციების კურსების სწრაფად ვარდნამ ამავე დროს ნათელყო, თუ რამდენად არის ჩინეთი ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. თავად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაც კი ვერ გადაურჩა რყევებს და ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

საფონდო ბირჟებზე აქციების კურსების ვარდნა ორ რამეზე მიუთითებს: იმაზე, თუ რამდენად გლობალიზებულია მსოფლო ეკონომიკა და რომ ჩინეთი ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა.

შოკი დაიწყო სამშაბათს, როცა შანხაის საფონდო ბირჟის კურსი 9 პროცენტით დაეცა მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ ჩინეთის მთავრობა ზომების გატარებას აპირებს აქციების ფასების გადაჭარბებული ზრდის შესაჩერებლად.

ვარდნის ტალღები გავრცელდა აზიის საფონდო ბირჟებზე და სწრაფად მიაღწია შეერთებულ შტატებსაც. გამონაკლისი არ ყოფილა არც ნიუ იორკის მძლავრი საფონდო ბირჟა, რომელზეც ყველაზე დიდი ვარდნა აღირიცხა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე. ევროპის ბირჟებზე კურსები საშუალოდ 3 პროცენტით დაეცა.

ოთხშაბათს აზიის ბირჟების გახნისას კურსები კვლავაც დაბალი იყო, მაგრამ დღის მანძილზე ვითარება შედარებით გამოსწორდა. ამას პირველ რიგში თავად შანხაის ბირჟაზე ვითარების გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.

მოუსმინეთ საფინანსო საკითხების ანალიტიკოსს ნიუ იორკიდან, არტ ჰოგანს:

[ჰოგანის ხმა] "ჩინეთის ბაზარი ახალახან გაიხსნა მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის, დაახლოებით უკანასკნელი 24 თვის მანძილზე და მან წელიწადში დაახლოებით ასპროცენტიანი ზრდა განიცადა. ასე რომ, საქმე გვაქვს საფონდო ბირჟასთან, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე 13 პროცენტით იყო გაზრდილი და ერთ ღამეში თითქმის ათი პროცენტით დაეცა."

ჰოგანის თქმით, შანხაიში ინვესტორების მიერ თავიანთი აქციების სწრაფად გაყიდვას ინვესტორებმა მთელ მსოფლიოში უპასუხეს აქციების გაყიდვით, რათა ზარალი აეცილებინათ. მაგრამ ბედის ირონიით ამით თავადვე შეუწყვეს ხელი ახალ ზარალს.

ინვესტორთა ნერვიული რეაქციის მიუხედავად ექსპერტები ოპტიმისტურად აფასებენ ვითარებას. კვლავ ჰოგანს მოუსმინეთ.

[ჰოგანის ხმა] "არ ვფიქრობ, რომ ასეთი ციკლები, რის მოწმეც ვიყავით, შეიძლება გქონდეთ გარკვეული გამეორებების გარეშე. დღეს სწორედ ეს ხდება. მოვლენათა მსვლელობისას არის ჩავარდნები, შეუძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა. ხეები ცამდე არ იზრდება. ჩემის აზრით, ეს ციკლის ჯანსაღი გამეორებაა, რომელსაც მრავალი ინვესტორი მოელოდა."

ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი თავად ჩინელი ინვესტორები. ერთ-ერთი მათგანი, ბატონი ლინი ასე უყურებს შექმნილ ვითარებას:

[ლინის ხმა] "მე არ დავკარგავ საფონდო ბირჟის მიმართ რწმენას. ჩინეთის ეკონომიკა კარგად ვითარდება და თუკი საფონდო ბირჟა ეცემა, ეს კარგი დროა აქციების შესაძენად. კურსის დაცემით ბირჟა დაიწმინდება და როცა კვლავ გაიზრდება, უკეთესი საფუძვლები ექნება. საფონდო ბირჟა თუკი ზრდას განაგრძობს, ეს არ არის კარგი ინვესტორებისთვის. შესაფერისი შესწორება კარგია ჩვენთვის, ინვესტორებისთვის."

XS
SM
MD
LG