Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგროვებენ თუ არა კომპრომატებს ოქრუაშვილსა და ნოღაიდელზე?


დღევანდელი ქართული პრესა სკანდალური თემების სიმრავლით გამოირჩევა.

გაზეთ ”რეზონანსის” ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თურმე ”თავდაცვის ყოფილ მინისტრს ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.” გაზეთის ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანებით, გენერალური ინსპექცია თავდაცვის სამინისტროში 2005-2006 წლებში დახარჯული თანხების კანონიერებას იკვლევს, ხოლო თანამშრომლებს ”ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ”. ამ ფაქტს სხვადახვა ექსპერტები აძლევენ შეფასებას, თუმცა დასკვნა ერთია: სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს ყველა ბერკეტი გამოიყენოს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც, მაღალი რეიტინგის გარდა, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გზით დაგროვილი დიდძალი ფული აქვს.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებული მეორე სტატია სავალალო ბედს უწინასწარმეტყველებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, რომელზეც, ”რეზონანსის” ვარაუდით, ძალოვნები კომპრომატებს აგროვებენ. ციტატა პუბლიკაციიდან: ”უკვე აღარავის უკვირს, რომ შს მინისტრი და გენერალური პროკურორი ერთობლივად მოქმედებენ და ერთიანი ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბეს. ამ გუნდის ერთ-ერთ აქტიურ წევრად არველაძეც მოიაზრება. ამ ჯგუფმა შესანიშნავად მოახერხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა.” გაზეთის წყაროს მტკიცებით, ” ძალოვნების ინტერესში შედის ნოღაიდელის გადაყენება და მის ადგილას ბოლო დროს საკმაოდ გაძლიერებული ფიგურის, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი არველაძის მოყვანა.”

გაზეთ ”ახალი თაობიდან” კი ვგებულობთ, რომ თურმე ესტონეთის ტელეარხებით ტრიალებს ადგილობრივი პარლამენტის საარჩევნო სარეკლამო კლიპები, რომელთა ერთ-ერთი გმირი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. სააკაშვილი ინგლისურად მოუხმობს ესტონელებს, მხარი დაუჭირონ ესტონეთის ყოფილ პრემიერსა და საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელ მრჩეველს რეფორმების საკითხებში, მარტ ლაარს, რომლის პარტიაც, ბოლო გამოკითხვით, მხოლოდ მესამე ადგილზეა რეიტინგში. ციტატა სტატიიდან: ”სააკაშვილის ღია გაერთიანება ლაარის ფან-კლუბში გვახსენებს უკრაინის მაგალითს, როცა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ვიქტორ იუშჩენკოს. ერთ წელიწადში იუშჩენკოს კონკურენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის რეალური მმართველი გახდა.” გაზეთი ასევე იხსნებს, რომ სააკაშვილმა მომავალი პრეზიდენტი უწოდა რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს, რომლის შანსებიც, გახდეს პრეზიდენტი, ”ახალი თაობის” ვარაუდით, ასევე სათუოა.

”გასაკვირია, სად ჰგონია თავი სააკაშვილს - პოლიტიკაში თუ ტოტალიზატორში?”- კითხულობს ავტორი სტატიისა, რომელიც გაზეთ ”ახალ თაობაშია” გამოქვეყნებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG