Accessibility links

logo-print

რა შემთხვევაში მოხვდება ციხეში 12 წლის დამნაშავე?


საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს,

რომელთა მიხედვითაც, შეიცვლება როგორც მცირეწლოვანი პირის ცნება, ასევე მცირეწლოვანთა მიმართ საქმის წარმოების წესიც. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ჩაითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა არა თოთხმეტი წელი, როგორც
მოქმედი კოდექსის მიხედვითაა, არამედ თორმეტი წელი, თუმცა, ზღვრული ასაკის დაწევის პარალელურად, ასევე შემცირდება იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა ჩადენაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

11 წლის ტყუპები შალვა და ელენე თბილისის 47-ე სკოლაში სწავლობენ. მართალია, სისხლის სამართლის კოდექსი არ წაუკითხავთ, მაგრამ ბავშვებმა კარგად იციან, რის გაკეთება შეიძლება და რის - არა:

[ბავშვების ხმები] „არ შეიძლება მოპარვა“. „მოპარვის გამო დაგიჭერენ და, კიდევ, ცოდვაა მოპარვა და ამიტომაც არ შეიძლება.“

მოპარვა, უფრო სწორად კი, ქურდობა, მართლაც, ისჯება, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ამ ტიპის დანაშაულისთვის 12 წლის ბავშვის პატიმრობას არ ითვალისწინებს. ელენე თევდორაძის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, კომენტარი:

[ელენე თევდორაძის ხმა] „მუხლების ჩამონათვალი შემცირდა. მკვლელობა, განზრახ მკვლელობა და ყაჩაღობა აუცილებლად უნდა იყოს, დანარჩენ მუხლებს ნამდვილად ამოვიღებთ.“

ელენე თევდორაძის რეკომენდაცია, როგორც ჩანს, ცვლილებების ავტორებმაც გაითვალისწინეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, თავისუფლების აღკვეთა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის შემთხვევაში. თუმცა ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 12 წლის მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მაინც საღ აზრსაა მოკლებული:

[თეონა ქემაშვილის ხმა] „12 წლამდე მთლიანად მისი განვითარების ფსიქიკა ბავშვის სფეროს არ სცილდება, კანონი მის ცნობიერებაში არ მოდის წინა პლანზე. წინა პლანზე მოდის „მინდა“ - მშია, მწყურია, მცივა... მისი პირადი სურვილები და გრძნობები გაცილებით უფრო ძლიერია და წინა პლანზეა წამოწეული (ნერვიული სისტემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩამოუყალიბებელია უბნები მთლიანად), ვიდრე ის, რომ არსებობს კანონი, რომლის გადახვევა არ შეიძლება.“ (სტილი დაცულია)

ფსიქოლოგ თეონა ქემაშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომელთა თქმითაც, ოთხ ათეულამდე ქვეყანაში - მათ შორის, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის ასაკი 12 წელზე დაბალია, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“, წარმომადგენელი დავით მანაგაძე ამბობს, მხოლოდ ასაკის დაწევით დანაშაულს არც ერთ ქვეყანაში არ ებრძვიან:

[დავით მანაგაძის ხმა] „არის ქვეყნები, სადაც 7 წლიდან იწყება პასუხისმგებლობის ასაკი, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი რამ იშვიათად გამოიყენება. ჩვენ შეგვიძლია დავწიოთ ასაკი 5 წლამდეც და 6 წლის ბავშვებიც ჩავსვათ ციხეში, თეორიულად ესეც შესაძლებელია, მაგრამ ასაკის დაწევა არანაირად არ განაპირობებს დანაშაულის რიცხოვნების ან კატეგორიების შემცირებას. უნდა აღმოიფხვრას მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიზეზები და არა ასაკი.“

დავით მანაგაძის თქმით, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცედურები უნდა აწარმოონ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა. ელენე თევდორაძეც ამბობს, რომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები არ ამოქმედდება მანამ, ვიდრე კანონმდებლობით არ იქნება დაცული შესაბამისი მოთხოვნები, რომელთა შორის თვისებრივად ახალი საპატიმროს აშენებაც იგულისხმება:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ცვლილებებში წერია, რომ ამოქმედდეს ეს მუხლი 2009 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ორ წელიწადში ასეთი სპეციალიზირებული დაწესებულების აშენება შეუძლებელია - საამისო თანხების მოძიება გაჭირდება. სამაგიეროდ, კოლონიის აშენებამდე იქნება ჯარიმა და იქნება ნასამართლეობა, მაგრამ 12-13 წლის ბავშვები ციხეში არ იქნებიან.“

ელენე თევდორაძის თქმით, 12-13 წლის ბავშვები ციხეში იმ შემთხვევაშიც არ მოხვდებიან, თუკი საზოგადოება, სკოლა და მშობლები არასრულწლოვნებს სწავლისა და განვითარების ნორმალურ პირობებს შეუქმნიან. 11 წლის შალვა კი ამბობს, რომ დანაშაულს არ ჩაიდენს და არაფერს მოიპარავს. გაინტერესებთ, რატომ?

[ბავშვის ხმა] „ქურდობის შემთხვევაში ციხეში გაატარებ მთელ ცხოვრებას.“
XS
SM
MD
LG