Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის ომში გენოციდის შესახებ ვერდიქტის სამართლებრივი შეფასება


ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტით, სერბიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა გენოციდისთვის,

რომელიც ბოსნიის ომის დროს მოხდა. მაგრამ გენოციდი მოხდა, დაადგინა გაეროს ამ, უზენაესმა სასამართლომ - კერძოდ, მოხდა, როცა ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში გაჟლიტეს 8 000-მდე ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭუნა.

ვერდიქტის სამართლებრივი შეფასებისას, ექსპერტები მის დიდ მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ: [ფილიპ გრანტის ხმა] “მასში ნათქვამია, რომ გენოციდი შეიძლება ჩაიდინონ არა მარტო ცალკეულმა პირებმა, არამედ სახელმწიფოებმაც. პირველად მოხდა, რომ ასეთი რამ განაცხადა საერთაშორისო სასამართლომ. სამართლის ისტორიაში პირველად მიიღეს ვერდიქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს გენოციდი. აქამდე ვიცოდით, რომ ეს ინდივიდებმა შეიძლება გააკეთონ და ზოგ მათგანს უკვე გამოუტანეს კიდეც განაჩენი ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილმა საერთაშორისო ტრიბუნალმა, რუანდისთვის შექმნილმა ტრიბუნალმა თუ ცალკეული სახელმწიფოების ტრიბუნალებმა. მაგრამ სახელმწიფოებზე (გენოციდის ბრალდების) დაშვება - ეს სიახლეა”, - ამ განმარტებას იძლევა შვეიცარიაში დაფუძნებული უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ტრაიალის” თავმჯდომარე ფილიპ გრანტი: მისი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში უწევს მონიტორინგს სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდის საქმეების განხილვას.

მაშ ასე, ჰააგაში საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი გენოციდისთვის. მანვე დაადგინა, რომ ბოსნიის ომის დროს, 1992-95 წლებში, გენოციდის სულ მცირე ერთი შემთხვევა მაინც იყო - სრებრენიცაში 8000 მუსლიმანის დახოცვა. იყო მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის მთელი რიგი სხვა დასაბუთებული შემთხვევებიც.

მაგრამ საკვანძო მნიშვნელობისად არის მიჩნეული გაეროს უზენაესი სასამართლოს შემდეგი დასკვნა: რომ საკმარისი სამხილი არ მოგროვდა იმის დასასაბუთებლად, რომ სერბიის ლიდერებს ჰქონდათ ბოსნიელი მუსლიმანების ფიზიკური განადგურების გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად მოქმედებდნენ.

განსხვავებით ნაცისტური რეჟიმისგან, რომლის მიერ ევროპელი ებრაელების განადგურების გეგმა საგანგებო კონფერენციაზე შემუშავდა, სერბიის შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა - ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს სამხილები, რომ სერბიის ლიდერებს ბოსნიელი მუსლიმანების ფიზიკური განადგურება დაგეგმილი ჰქონდათ.

ფილიპ გრანტი, რომელსაც წეღან უკვე მოუსმინეთ, განმარტავს, რატომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დოკუმენტების არსებობა-არ არსებობას: [ფილიპ გრანტის ხმა] “ყოველთვის ძნელია, როცა საქმე გენოციდის ცნებას ეხება. ეს არის დანაშაულთა დანაშაული - არ არის, უბრალოდ, ერთ-ერთი დანაშაული. და სიტყვა “გენოციდი”, შესაძლოა, გაცვეთილიც კი იყოს სრულიად განსხვავებული სიტუაციების აღწერის გამო. გენოციდის დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა გარკვეული მოვლენის დროს, მთავარია ის, მკვლელობათა ჩამდენებს ჰქონდათ თუ არა ადამიანების ჯგუფის - პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფის - განადგურების კონკრეტული მიზანი. და ამის დასაბუთება ძალიან ძნელია. როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს - ის მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთო. დასაბუთების ტვირთი აწევს ბრალდებას - არა დაცვას. ასე რომ, თუ არა გაქვს სასამართლო პროცესი დოკუმენტების საფუძველზე, თუ არა გაქვს ამ სპეციფიკის დოკუმენტი, ძალიან, ძალიან ძნელია ამის დასაბუთება”.

ამდენად, განაგრძობს ფილიპ გრანტი, ბოსნია, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა სერბიას, თავიდანვე რთული ამოცანის წინაშე იდგა. შესაბამისად, არც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი: [ფილიპ გრანტის ხმა] “გადაწყვეტილებაში, თუ მას სწორად წაიკითხავ, არ არის ნათქვამი, რომ გენოციდი არ მომხდარა. ის მართლაც მოხდა! ვერდიქტი არ ნიშნავს, რომ სერბიას წვლილი არ მიუძღოდა გენოციდში. მასში, უბრალოდ, ნათქვამია, რომ არ დამკტიცდა სერბიის მონაწილეობა გენოციდში. და ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ბოსნიას საქმე წაეგო. მაგრამ თუ წაიკითხავთ იმას, რაც სტრიქონებს შორის წერია, ვფიქრობ კითხვის ნიშნის ქვეშ მტკიცებულებები უფრო დგას, ვიდრე ის, რაც მოხდა. ბოსნიას უნდა დაესაბუთებინა, რომ სერბიის სახელმწიფოს, სახელმწიფო აპარატს - სამხედრო ძალებს, პოლიციას - მიზნად ჰქონდა დასახული სრებრენიცაში გარკვეული ჯგუფის განადგურება, ან ამის გაკეთებაში ბოსნიელი სერბების დახმარება”.

ეს ვერ შეძლო ბოსნიამ. თუმცა, სერბიის მაშინდელი, ბოსნიის ომისდროინდელი პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი გენოციდში დამნაშავედ რომ ეცნო ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, შესაძლებელი იქნებოდა კავშირის წარმოჩენა ბელგრადსა და ბოსნიაში გენოციდის პოლიტიკას შორის. მაგრამ მილოშევიჩი, როგორც ცნობილია, გარდაიცვალა ისე, რომ მისი სასამართლო პროცესი დასრულებული არ იყო. ამ კავშირის წარმოჩენაც უკვე ძნელი წარმოსადგენია.

ასეა თუ ისე, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ფრიად მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენტის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი მარკ კოგენიც: [მარკ კოგენის ხმა] “ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართალში სიცხადე შეაქვს იმ მხრივ, რომ ადასტურებს, რომ გენოციდი ძალიან სერიოზულ მიდგომას მოითხოვს და მას საქმე ეხება მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს დაგეგმილ განადგურებასთან, განსხვავებით ეთნიკური წმენდის ან სხვა მიზნებისაგან და მხოლოდ ასეთ, (დაგეგმილი, მიზანმიმართული განადგურების) შემთხვევაში უნდა გამოიყენონ სიტყვა “გენოციდი” მედიამ და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა”.
XS
SM
MD
LG