Accessibility links

რამდენად გამჭვირვალეა სასამართლო სისტემა?


საქართველოში წლების წინ დაწყებული სასამართლო რეფორმა დღემდე არ დასრულებულა. ხელისუფლების შეცვლის პარალელურად,

შეიცვალა როგორც რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, თუმცა, რევოლუციური საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება. სწორედ რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა სააქართველოში სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი, რომელმაც სასამართლოების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტის გაძლიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც საქართველოში სასამართლო ხელისუფლების ხელმისაწვდომობისა და ტრანსფარენტულობის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს.

საქართველოში დაწყებული სასამართლო რეფორმის ძირითად მიზანს ისეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს არაკორუმპირებული, სწრაფი, მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას. კორუფციასთან ბრძოლის, ინსტიტუციური რეორგანიზაციისა და მოსამართლეთა რიცხოვნების გაზრდის პარალელურად, სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებათა შორისაა სასამართლოსა და მასმედიის ურთიერთობის გაუმჯობესება, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოების კონტროლის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სასამართლო ხელისუფლების ხელმისაწვდომობისა და ტრანსფარენტულობის მხარდაჭერის პროექტი“, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და უზენაესი სასამართლო ერთობლივად ახორციელებენ. კოტე კუბლაშვილის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კომენტარი:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დოკუმენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. გაეროს განვითარების პროგრამა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილი პარტნიორია.“

კოტე კუბლაშვილმა პროექტს ხელი უზენაესი სასამართლოს სახელით მოაწერა, გაეროს განვითარების პროგრამა კი კორი უდოვიჩკით - ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ბიუროს უფროსით - იყო წარმოდგენილი.
[კორი უდოვიჩკის ხმა] „პროექტი, რომელსაც დღეს უზენაეს სასამართლოში მოვაწერეთ ხელი, მოიცავს ორ ასპექტს, რომელიც საჭიროა კანონის დაცვისა და იმ ინსტიტუციების განვითარებისთვის, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთი ასპექტი გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემას კარგად ესმოდეთ ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მეორე ასპექტი კი გულისხმობს ტრენინგს თავად მედიისა, რომელიც იქნება ინფორმაციის გამტარი და საუკეთესო გზებითა და ხერხებით მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათ გაიგონ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ სასამართლოები.”

მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის მხარდაჭერას, მაგისტრი და სპიკერი მოსამართლეების ინსტიტუტის გაძლიერებას, რაც, კოტე კუბლაშვილის თქმით, საშური საქმეა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართული მედია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ ასახავს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „ეს ჩანს ძალიან ბევრ სიუჟეტში, რომელიც გადის ტელევიზიით, ასევე საგაზეთო სიუჟეტებში. ეს არის ცუდი, იმიტომ რომ შემდეგ ამის საფუძველზე კეთდება განცხადებები, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში საშინელი რაღაცეები ხდება. არის, რა თქმა უნდა, კრიტიკული შენიშვნები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის უსაფუძვლო კრიტიკა.“

და მართლაც, საინტერესოა, როგორ ასახავენ ქართველი ჟურნალისტები სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. გაზეთ „24 საათის“ რედაქტორი პაატა ვეშაპიძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ მედიას უჭირს სასამართლო პროცესების კვალიფიციური გაშუქება:

[პაატა ვეშაპიძის ხმა] „მე მგონია, რომ მეტი პროფესიონალიზმი იქნებოდა სასურველი ჟურნალისტების მხრიდან, იმიტომ რომ ფაქტია: ჟურნალისტები ცუდად ერკვევიან კანონმდებლობაში, საპროცესო კანონმდებლობაში, რისი ცოდნაც აუცილებელიც კია იმისთვის, რომ სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები კარგად „დაინახო“ და მათი პოზიციები ადეკვატურად ასახო.“

რაც შეეხება სასამართლოების გამჭვირვალობას: [პაატა ვეშაპიძის ხმა] „თუ კრიტერიუმად ავიღებთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ამ კრიტერიუმებით, ჩვენი სასამართლო არ არის გამჭვირვალე და ამას სპიკერი მოსამართლე ვერ უშველის, მაგრამ თუ იმას შევადარებთ, რაც იყო 10 წლის წინ, იმასთან შედარებით გამჭვირვალეა.“

სწორედ გამჭვირვალობის ხარისხისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, რომელიც მედიის წარმომადგენლების, სპიკერი და მაგისტრი მოსამართლეების მონაწილეობით სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს და რომელსაც ხელი 1 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოეწერა.
XS
SM
MD
LG