Accessibility links

logo-print

როგორ არეგულირებს საქართველოს მთავრობა მარეგულირებელი კომისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს


როგორც ცნობილია, ათიოდე დღის წინ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი განცხადების საფუძველზე დაიხურა.

მთავრობა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ ახლახან წარდგა საქართველოს პარლამენტში. კანონპროექტის შესაბამისად, უქმდება ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია შესაბამის მოსაკრებელთან ერთად. ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით კი. უნდა გაუქმდეს საქართველოში არსებული ყველა მარეგულირებელი კომისიის მოსაკრებელი. საინტერესოა, ამ საკითხებთან დაკავშირებით რა არგუმენტები აქვთ მარეგულირებელი სტრუქტურების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს.

საქართველოში სხვადასხვა სფეროს - ძირითადად, ბუნებრივი მონოპოლიების - მარეგულირებელი კომისიების შექმნის პროცესი, დაახლოებით, 8-9 წლის წინ დაიწყო, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებითა და მხარდაჭერით. დაახლოებით, ერთი წლის წინ კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე მარეგულირებელ კომისიათა უმეტესობის გაუქმებისა და დარჩენილი ნაწილის ფუნქციების შეკვეცის ინიციატივით გამოვიდა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”მაშინ, ეტყობა, ჩამოყალიბებული იყო მკაფიო პოზიცია, რომ საქართველოში მთავრობა არც არის და არც იარსებებს. და ამიტომ რაც უფრო ნაკლები საქმე ექნება ამა თუ იმ დარგს მთავრობასთან, მით უკეთესია...”

ბენდუქიძემ მარეგულირებელი კომისიების რეფორმირების პირველი მცდელობის დროს ვერაფრით ვერ მიაღწია იმას, რომ ასეთი კომისიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებულიყო და კომისიის წევრებს სახელმწიფო მოხელის შესაბამისი ხელფასი მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისიები ლიცენზიანტების შემოსავლების 1 პროცენტით ფინანსდებიან და მისი წევრების ხელფასები ზოგ შემთხვევაში 3-ჯერაც კი აღემატება პრეზიდენტის ხელფასს.

[სააკაშვილის ხმა] ”მათი ფუნქცია არის წურბელობა...”

განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როდესაც ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელშეუხებელი დარჩა კიდევ 3 ანალოგიური მარეგულირებელი კომისია.

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”ვერანაირ საფრთხეს ჩვენი კომისიის მიმართ ვერ ვხედავ...”

ეს განცხადება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი ქიტოშვილს ეკუთვნის. მისი კომისიის რეორგანიზება, ენერგეტიკის და გაზისა და ნავთობის კომისიებთან ერთად, მართლაც, არაა გათვალისწინებული იმ კანონპროექტში, რომელიც მთავრობაში მომზადდა და რომელიც პირველ მარტს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს.

არადა, ჯერ კიდევ 2003 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველა სახის რეგულირების გადასახადი არაკონსტიტუციურია, მათ შორის, მარეგულირებელი კომისიების დაფინანსების წყაროც. სწორედ ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით შესთავაზა ალტერნატიული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ოპოზიციურმა “დემოკრატიულმა ფრონტმა”. ამ ოპოზიციური ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, კომენტარი:

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს მარეგულირებლების გადასახადი ყველა სფეროში...”


ოპოზიციის ამ ინიციატივის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო პაპავამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებადია და მას დამატებითი საკანონმდებლო უზრუნველყოფა აღარ სჭირდება. მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისიების შექმნა მსოფლიო ბანკისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით განხორციელდა.

[ლადო პაპავას ხმა] ”ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ამას საქართველოს პარლამენტის მხრიდან, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან...”
XS
SM
MD
LG