Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა: ვინ ვის უპირისპირდება აფხაზეთში და იღებენ თუ არა ოსები ქართულ პასპორტებს


ქართული პრესის ყურადღების ცენტრშია ვითარება აფხაზეთში კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ.

გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პოლიტიკური ოპონენტები აფხაზეთში გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა. უშუალო ადრესატი ამ განცხადებისა, რომელსაც ოპოზიციამ აბსურდული უწოდა და რის გამოც ბაღაფში ”შავი პიარის” მოწყობაში დაადანაშაულა, აღმოჩნდა ოპოზიციის წარმომადგენელი გენერალი ვლადიმერ არშბა. ”ხმა მიეცით იმათ, ვინც მშვიდობასა და სტაბილურობას მოგიტანთ, ან მათ, ვინც ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე მიგვიყვანს”, - ასეთი დილემის წინაშე დააყენა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის მოსახლეობა 1 მარტს. გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, აფხაზთა ლიდერის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ავტორად შერაცხულ გენერალ არშბას ქართველი დედა ჰყავს, რომელიც დღემდე თბილისში ცხოვრობს. თავად არშბას, რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ედგა სათავეში, ახალგაზრდობაში თბილისის საარტილერიო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მასთან ერთად ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.

”არაფორმალური პუტინი” - ასე ჰქვია პუბლიკაციას გაზეთ ”24 საათში”. მასში საუბარია რუს მწერლებთან პრეზიდენტ პუტინის არაფორმალურ შეხვედრაზე, რომლის დროსაც კრემლის პატრონი საქართველოსთან ურთიერთობასაც შეეხო: ”მათ უნდათ ნატოში შესვლა, თუმცა არ იზიარებენ ჩვენს ინტერესებს, მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები აღელვებთ. მე მათ ვუთხარი: გსურთ ქვეყნის გაერთიანება? ჩვენ ამაში ხელს არ შეგიშლით, მაგრამ არც დაგეხმარებით.” რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთში დასაქმებული მილიონამდე საქართველოს მოქალაქე სამშობლოში თურმე მილიარდ დოლარზე მეტ თანხას გზავნის.”ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვყოფილვართ, თუმცა რაც უფრო ვუხრით თავს მეზობლებს, მით უფრო თავხედდებიან ისინი. პრობლემა ქართველ ხალხში კი არა, მის ხელისუფლებაშია. როდესაც სააკაშვილი აქ იმყოფებოდა, მე მას ვუთხარი, თქვენი გულისთვის ცეცხლიდან ღადარს არ ამოვიღებ-მეთქი”, - მოჰყავს ვლადიმირ პუტინის სიტყვები გაზეთ ”24 საათს”.

მოსკოვი მთლიანად აკონტროლებს საკადრო პოლიტიკას საქართველოს სეპარატისტულ ცხინვალის ხელისუფლებაში, წერს გაზეთი ”ახალი ვერსია”, რომლის რესპონდენტის თქმით, ”კოკოითის ხელისუფლების რეიტინგი მოსახლეობაში დაქვეითებულა, ხოლო პასპორტები, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობაში დაარიგა, პრაქტიკულად გამოუსადეგარი გამხდარა. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი პასპორტის მქონე ორი აფხაზი რუსმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. ”სწორედ ამიტომ, ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, პასპორტის აღებას ცდილობს ან ამის სურვილი აქვს. ამ მომენტის არგამოყენების უფლება საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს”, - წერს გაზეთი ”ახალი ვერსია”.
XS
SM
MD
LG