Accessibility links

logo-print

რა მოცულობით გაიზრდება გაზის სამომხმარებლო ტარიფი ”ყაზ-ტრანს-გაზ თბილისის” მიერ გაწეული ინვესტიციის გამო


თითქმის ერთი წელია, თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანია ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია ”ყაზტრანსგაზმა” შეიძინა

და 80 მილიონი დოლარის ინვესტირების პირობა დადო. ამ მომენტისთვის უკვე განხორციელებულია 50 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება, რომლის დაფარვას და მოგების მიღებას ინვესტორი 15 წლიანი სატარიფო პოლიტიკით გეგმავს. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთმა საქართველოს გაზის საფასური ორჯერ გაუზარდა, რაც ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, თბილისში გაზის საფასური ჯერაც არ შეცვლილა. როდის შეიძლება გაიზარდოს ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი და რა მოცულობით?

წინა წლის ზამთართან შედარებით, 2007 წლის ზამთარმა ისე ჩაიარა, რომ თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის არც დეფიციტი უგრძვნია და არც გაძვირება. ”ყაზტრანსგაზის” გენერალურმა დირექტორმა სერიკ სულთანგალიევმა მთავარ მიღწევად ზამთრის პერიოდში მომხმარებელთა შეუფერხებელი მომარაგება დაასახელა 2 მარტს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე:

[სერიკ სულთანგალიევის ხმა] ”ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ეს ზამთარი გამოვიზამთრეთ, იმიტომ რომ ენერგეტიკოსები ცხოვრობენ არა წლობით, არამედ ზამთრის მიხედვით. ყველაზე მძიმე ზამთარია.”

ამ დღეებში სერიკ სულთანგალიევი, ”ყაზტრანსგაზის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შეხვდა. მსჯელობის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, გაზის სამომხმარებლო ტარიფი იყო, რომელიც ”ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩადებული ინვესტიციის დაბრუნების ერთადერთი წყაროა.

ამ დროისთვის “ყაზტრანსგაზმა” ყოფილ თბილგაზში 50 მილიონი აშშ დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა. შეცვლილია უამრავი დაზიანებული გაზსადენი, გარემონტებულია გაზგამანაწილებელი სადგურები და სხვა, რამაც გაზის ტექნიკური დანაკარგი 20 პროცენტამდე შეამცირა. როდესაც ყაზახი ინვესტორები "თბილგაზს" დაეპატრონენ, მაშინ დანაკარგი 80 პროცენტამდე აღწევდა:

[სერიკ სულთანგალიევის ხმა] ”როდესაც ჩვენ მოვედით, გაზის დანაკარგები შეადგენდა 80 პროცენტს. დღეს გაზის დანაკარგები შეადგენს 20 პროცენტს. ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ესეც მოგებაა. არის საკითხები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ მოგებას დავუკავშიროთ, კერძოდ - ტარიფების საკითხი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე და ასეა ჩვენი გათვლებით და მორჩა. რისთვის ვაკეთოთ სიკეთე, თუ თავიდანვე ჭანჭიკებს მოვუჭერთ?”

სერიკ სულთანგალიევი ამბობს, რომ ტარიფის ზრდა თანდათანობით, 15 წლის მანძილზე, მოხდება საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობისა და ეკონომიკის გაუმჯობესების კვალობაზე. პირველი ეტაპი ტარიფის 15 წლიანი ზრდის პროცესში აპრილის ბოლოს დადგება. სწორედ ამ დროისთვის უნდა დაადგინოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი აირის ახალი სამომხმარებლო ტარიფი და უკვე მაისის თვეში თბილისელებს გაზის საფასურის გადახდა გაზრდილი ტარიფის მიხედვით მოუწევთ.

[მოქალაქეთა ხმა] ”ჯობია ყოველთვის იაფი იყოს. - გაზრდილი ტარიფით ხალხს გაუჭირდება გადახდა... - ვერ შევძლებთ, ალბათ, ამდენი გადასახადის გადახდას.”

მოსახლეობის ასეთი განწყობის მიუხედავად, ”ყაზტრანსგაზ თბილისი” ამჟამად მომხმარებლებზე დარიცხული თანხის 94 პროცენტის ამოღებას ახერხებს. კომპანიაში არ მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი გაუარესდება, მით უმეტეს, რომ გაზის საფასურს გაორმაგება არ ემუქრება. ამჟამად მოქმედი ტარიფი 120 აშშ დოლარად შეძენილ გაზზეა გათვლილი. 2007 წლის იანვრიდან, აზერბაიჯანული იაფი გაზის წყალობით, რომელმაც რუსეთის ორჯერ გაძვირებული გაზი დააბალანსა, ტარიფის გამოანგარიშება მხოლოდ 145 დოლარის მიხედვით მოხდება.
XS
SM
MD
LG