Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარების სურვილს გამოთქვამს


ვაშინგტონი გამოთქვამს სურვილს, კავკასიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს.

ეს სურვილი ხუთშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჰენრი ობერინგმა გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ კავკასიაში - კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე -რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსების ოფიციალური მოთხოვნა შეერთებული შტატების მხრიდან ჯერჯერობით არ არსებობს. აღნიშნულის მიუხედავად, როგორია საქართველოში დამოკიდებულება ამერიკელი მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმულ სურვილთან დაკავშირებით?

თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე ანტისარაკეტო რადარის, რადიოლოკაციური სადგურის ამოქმედების მოთხოვნით, ხელისუფლების პასუხი, ალბათ, დადებითი იქნება, - ფიქრობს ქართველი ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი ალადაშვილი.

ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ არსებობს. თუმცა კავკასიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარების სურვილი გამოხატულია. სურვილი, როგორც უკვე ვთქვით, ხუთშაბათს ბრიუსელში შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს უფროსმა ჰენრი ობერინგმა გამოთქვა, თუმცა მას არ დაუზუსტებია კავკასიის რომელ ნაწილში ისურვებს ან გეგმავს შეერთებული შტატები ანტისარაკეტო რადარის დამონტაჟებას.

რა პოზიცია აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის უწყების მეთაურის ნათქვამზე? ამ შეკითხვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ რურუას მივმართეთ:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”კავკასიაში სამი დამოუკიდებელი ქვეყანაა. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, პირადად ჩემს პოზიციას, რადგან მე არ შემიძლია ვილაპარაკო საქართველოს მთავრობის სახელით, მე ვფქირობ, ეს არის წინადადება, რომლის მიღებაც შესაძლებელია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად მოხდება დაახლოება დასავლურ თავდაცვის სისტემასთან საქართველოს თავდაცვის სისტემის, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ”

ბრიუსელში გამოთქმულ სურვილთან დაკავშირებით, კავკასიაში განთავსდეს ამერიკის ანტისარაკეტო რადარი, საქართველოს მთავრობაში - თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში - კომენტარს არ აკეთებენ. აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს შესაბამისი ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. ზუსტად ასეთივე კომენტარები კეთდება აზერბაიჯანშიც. კითხვაზე, როგორია აზერბაიჯანის პოზიცია კავკასიაში ანტისარაკეტო რადარის განთავსების სურვილთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის მოადგილემ ხაზარ იბრაჰიმმა 2 მარტს რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანულ სამსახურს შემდეგი უპასუხა:

[ხაზარ იბრაჰიმის ხმა] “ არ ვიცი, რა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა, მაგრამ აზერბაიჯანისთვის ამ საკითხზე მათ არ მიუმართავთ და ამის თაობაზე მოლაპარაკებაც არ მიმდინარეობს."

მოლაპარაკებები კავკასიის ქვეყნებთან არ დაწყებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებს 10 ანტისარაკეტო სისტემის დადგმა აქვს განზრახული პოლონეთში, ჩეხეთში კი რადიოლოკაციური დანადგარების დამონტაჟებას გეგმავს. ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა რუსეთის მკვეთრმა რეაქციამ აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსების გეგმასთან დაკავშირებით მოლოდინს გადააჭარბა. ეჭვგარეშეა, რეაქცია იქნება კიდევ უფრო მკვეთრი, თუკი შეერთებული შტატები ანტისარაკეტო სისტემის განვითარებას კავკასიაშიც დააპირებს. რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ივაშოვი წინასწარმეტყველებს, რომ საქართველო ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კავკასიაში ანტისარაკეტო რადარის განსათავსებლად. თუ არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, ირაკლი ალადაშვილის თქმით, საქართველოში დამონტაჟებული რადარი ირანის მიმართულებით იმუშავებს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”რადგან ბოლო პერიოდში ირანის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი იზრდება, აღმოსავლეთ ევროპას და დასავლეთ ევროპასაც მისწვდებიან ეს რაკეტები და, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება ჩრდილოეთ ამერიკასაც მიაღწიონ."

შეგახსენებთ, კავკასიაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო რადარის დამონტაჟების სურვილი შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს უფროსმა გამოთქვა.
XS
SM
MD
LG