Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მეზობელ ქვეყნებში მოქალაქეებს თეირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების შესაძლებლობა აშფოთებთ


ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების გამწვავების პარალელურად, იზრდება იმის შიში, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის

სიტყვიერი კონფლიქტი, შესაძლოა, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რადიო ”თავისუფლება” რამდენიმე დღის წინ ირანის სიახლოვეს მდებარე ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - მოქალაქეებს გაესაუბრა, რათა გაეგო, რას ფიქრობენ ისინი ამ პერსპექტივის შესახებ.

ირანთან ომის დაწყების პერსპექტივა რეალურია - ირანის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ პერსპექტივის განხორციელება ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის.

ეს დასკვნა რადიო ”თავისუფლებამ” ირანის მოსაზღვრე ან ძალიან ახლოს მდებარე სამ ქვეყანაში - ერაყში, სომხეთსა და საქართველოში - ჩატარებული არაოფიციალური გამოკითხვის შედეგად გამოიტანა.

ყველაზე რეალურ შესაძლებლობად შეერთებული შტატების ან ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული თავდასხმის პერსპექტივას ასახელებენ. გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ომს გამოიწვევს და მთელ რეგიონს დააზარალებს. მაგალითად, თბილისში მცხოვრები გურამ ჯანჯღავა ასე ფიქრობს:

[ჯანჯღავას ხმა] ”დავზარალდებით, აბა როგორ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ახლოს ვართ ირანთან. ამერიკელები სად არიან!.. კი, მეგობრებია ჩვენი, ერთადერთი ძლიერი მეგობარია საქართველოსი, მაგრამ დავზარალდებით. ამერიკა შორს არის, ირანი ჩვენი მეზობელია.” (სტილი დაცულია)

მსგავს შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ირბილში, მცხოვრები მამაკაცი:

[მამაკაცი, არაბულად] ”ჩემი აზრით, ამერიკა ირანზე იერიშს მართლა მიიტანს. და ამ შემთხვევაში ერაყი და ირანის მეზობლები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იმიტომ რომ ეს მასშტაბური ომი იქნება და არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანი ბირთვულ შესაძლებლობებს გამოიყენებს - ეს კი ამერიკას, ერაყსა და ირანს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის.”

რადიო ”თავისუფლებამ” არაოფიციალური გამოკითხვა სომხეთშიც ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობა იქაც შეშფოთებულია. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, წარმოშობით ირანელმა კეროლაინ ზაქარიანმა, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ირანში ომის დაწყება სომხეთს მატერიალურ და ადამიანურ დანაკარგებს მოუტანს - ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას გაუჭირდება გაუმკლავდეს ლტოლვილების ტალღას, რომელიც ომის დაწყების შემთხვევაში მას ირანიდან მიაწყდება. თუმცა გამოკითხულთაგან ყველას არ ჰგონია, რომ ომი გარდაუვალი პერსპექტივაა - მაგალითად, სარო სარქისიანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ, ევროპის გავლენის და საკუთრივ ირანის სიძლიერის გამო, თავდასხმა არ განხორციელდება:

[სარქისიანის ხმა] ”მე არ მიმაჩნია, რომ ეს ომი აუცილებლად დაიწყება. ირანი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა - ეკონომიკის, მოსახლეობის რაოდენობის, რესურსების თუ შესაძლებლობების თვალსაზრისით. შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ომის წარმოება გაუჭირდება - განსაკუთრებით, ევროკავშირის ფაქტორის გათვალისწინებით. ამასთან, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი უნდა შეიცვალოს და არ ვიცით, როგორი იქნება მომავალი პრეზიდენტის დამოკიდებულება და ქცევა აღმოსავლეთის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს ომი არ შედგება. ის მილიარდები დაჯდებოდა და, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უზარმაზარ დანაკარგებს მოიტანდა. თავად სიტყვა ”ომი” უკვე მხოლოდ ნგრევას და დანაკარგს გულისხმობს.”

გამოკითხვის პროცესში რადიო ”თავისუფლებას” საპირისპირო აზრის მქონე რესპონდენტებიც შეხვდნენ. მაგალითად, ბაღდადში მცხოვრებმა ილჰამ ქამალმა განაცხადა, რომ ერაყში ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ირანი ”ასეთ თავდასხმას იმსახურებს” და რომ ამით ერაყზე ირანის გავლენა შემცირდება. მაგრამ გამოკითხულთა გადამწვეტი უმრავლესობა - როგორც ერაყში, ისე დანარჩენ ორ ქვეყანაში - ომის პერსპექტივას ნეგატიურად აფასებს.

[ალ-ყადუს ხმა] ”ვიმედოვნებთ, რომ ეს თავდასხმა არ მოხდება, ვინაიდან რეგიონში ახალი ომის დაწყება არავის ინტერესებში არ შედის. რეგიონი ისედაც დაზარალებულია ომებით, უსაფრთხოება სუსტია. ბევრი პრობლემა ემუქრება შეერთებული შტატების ინტერესებს, ერაყელ ხალხს - რომ აღარაფერი ვთქვათ საფრთხეებზე ირანელი ხალხის და მთავრობის მიმართ. ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უთანხმოება დიპლომატიის გზით მოგვარდება.”

ეს იყო ჰალიმ ალ-ყადუ, ერაყის უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელი. დაახლოებით ასეთსავე პოზიციაზეა თბილისში მცხოვრები ბაჩუკი ბაჩუკიშვილი, ოღონდ ის საკითხს სხვაგვარად აყალიბებს - მისი აზრით,ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ:

[ბაჩუკი ბაჩუკიშვილის ხმა] ”ეს ყველაფერი ჩვენც აუცილებლად შეგვეხება. აქეთა მხრიდან აზერბაიჯანია, იქითა მხრიდან - ჩეჩნეთი. გარშემო მუსულმანური სამყაროა - თურქები და სხვა. ეს არ მოიტანს დადებით [შედეგს] - ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში. ისედაც ასეთ ცუდ დღეში ვართ, ხალხი წვალობს - ომი გვინდა? პლაცდარმი გვინდა, რომ გავხდეთ? მე ერთი რამე ვიცი - ბოროტება ბოროტებით არ გასწორდება."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG