Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 685-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. ესტონეთში მსოფლიოში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები ინტერნეტის მეშვეობით; ვნახავთ, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში; გესაუბრებით საქართველოს არასახარბიელო დემოგრაფიულ პერსპექტივაზე; გაგაცნობთ ამერიკელ ფსიქოლოგთა მიერ ჩატარებულ ერთ გამოკვლევას, რომელიც მოწმობს, რომ თანამედროვე კულტურა მოზარდ გოგონებს ემოციურ, და ხშირად ფიზიკურ ზიანს აყენებს. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ინტერნეტი და საპარლამენტო არჩევნები ესტონეთში

ბიძინა რამიშვილი:
4 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ მსოფლიოში პირველად, ესტონეთის მოსახლეობას კენჭისყრაში ინტერნეტით მონაწილეობის საშუალება ექნებათ.

ესტონელების შესახებ არსებობს სტერეოტიპი, რომ ისინი გულგრილები და ცივები არიან.

მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაშიც ესტონელები ვნებას ვერ იოკებენ. ეს გახლავთ ინტერნეტი.

ესტონეთში მოსახლეობის უმრავლესობა უკვე იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურ ცხოვრებაში - საბანკო გადარიცხვებისთვის, გადასახადების გადასახდელად და სხვა ოპერაციებისთვის.

ინტერნეტის საჯარო მოხმარება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველგან - როგორც დიდ ქალაქებში, ისე მიყრუებულ სოფლებში. დიდი ხანია მთავრობის თათბირებზე ქაღალდს აღარ იყენებენ. საერთოდ, მთავრობის სტრატეგიული გეგმაა, ქვეყანა გადააქციოს ტექნოლოგიურ ლიდერად.

ამიტომ მრავალი ესტონელისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელშიც საპარლამენტო არჩევნები ინტერნეტის მეშვეობით ტარდება.

მოუსმინეთ ესტონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის წერვს, ეპ მაატენს:

[მაატენის ხმა] "ესტონეთში ამომრჩეველთა აქტიობა არ არის ძალიან მაღალი. მეორე მხრივ, არსებობს მრავალი ელექტრონული მომსახურება, რომლებიც ძალიან პოპულარულია ესტონეთში. ხალხი საკმაოდ მიჩვეულია ინტერნეტის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ გაჩნდა კითხვა: რატომ არ გვაქვს ესტონეთში ინტერნეტით კენჭისყრა, როცა მრავალი სხვა სერვისი მოგვეპოვება ინტერნეტით? ჩვენმა პარლამენტმა დაადგინა, რომ ეს დიახაც, შესაძლებელია და ახლა ამის გაკეთებას ვაპირებთ."

ეს სისტემა პირველად გამოიცადა 2005 წელს, ადგილობრივ არჩევნებში, და ევროპის საბჭოს ქება დაიმსახურა. ამ კვირაში კი ელექტრონული კენჭისყრა მთელ ქვეყანაში იმოქმედებს.

პრინციპი მარტივია. ესტონეთის ყოველ მოქალაქეს აქვს პირადობის დამადასტურებელი ბარათი. კომპიუტერით შესაძლებელია მასზე დამონტაჟებული მიკროჩიპის წაკითხვა.

კენჭისყრაში მონწილეობის მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოდან უნდა მოიპოვოთ პირადი პაროლი, ბარათის წასაკითხი მოწყობილობა უნდა მიუერთოთ თქვენს კომპიუტერს და ამის შემდეგ ელექტრონულად შეგიძლიათ აღასრულოთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა.

ბარათის წასაკითხი აპარატი 6-დან 8 ევრომდე ღირს. მაგრამ თუკი ეს გეძვირებათ ანდა სახლში არა გაქვთ ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი, შეგიძლიათ თქვენი პირადობის დამადასტურებელი ბარათით მრავალ საჯარო დაწესებულებაში მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

[მაატენის ხმა] "ინტერნეტი ყველგან მოიპოვება და თუკი კომპიუტერში ბარათის წამკითხველი მოწყობილობაც არის, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად სულ ერთია, სად იმყოფებით. შეგიძლიათ კენჭი უყაროთ სახლში, სამსახურში ანდა, თუ გნებავთ, საჯარო ბიბლიოთეკაში. კენჭისყრა შეიძლება აგრეთვე საბანკო ფილიალების ელექტრონული გადარიცხვების ოფისებში. ასე რომ, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, როგორ და როდის მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას."

რა თქმა უნდა, ვისაც არ სურს ინტერნეტით კენჭისყრა, შეუძლია ტრადიციული მეთოდით, ყაროს კენჭი საარჩევნო უბნებში.

თუკი 2005 წლის ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ესტონელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ალბათ მაინც ტრადიციულ მეთოდს არჩევს.

მაგრამ ეპ მაატენის თქმით, ინტერნეტი უფრო მეტ შესაძლებლოებს სთავაზობს ამომრჩეველს, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში. იქ მოსახლეობამ შეიძლება ზამთრის სუსხში გარეთ გამოსვლას შინ ჯდომა და კომპიუტერით ხმის მიცემა ამჯობინოს.

[მაატენის ხმა] "2005 წლის არჩევნების დროს შევნიშნეთ, რომ მასში ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კუნძულებიდან. ვინაიდან, როგორც ჩანს, უფრო მოსახერხებელი იყო ელექტრონულად ხმის მიცემა, ვიდრე საარჩევნო უბანში მისვლა. როცა ხმები დავთვალეთ, ვნახეთ, რომ დედაქალაქი ტალინი, რა თქმა უნდა, ლიდერობდა, მაგრამ სხვა რეგიონებიც იყო წარმოდგენილი. ასე რომ ეს მარტო ტალინში არ ხდება."

ჯერჯერობით ესტონეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინტერნეტი ეროვნული მასშტაბის კენჭისყრაში გამოიყენება.

რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, მაგალითად, შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში ნებადართულია ინტერნეტით ხმის მიცემა.

ინტერნეტკაფედან ინტერნეტარჩევნებამდე

ბიძინა რამიშვილი:
...ესტონეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არჩევნებს ინტერნეტის საშუალებით ჩაატარებს. რამდენად ახლოსაა ან შორსაა ეს პერსპექტივა საქართველოსთვის, რამდენად ფართოა დღეს ინტერნეტის მოხმარება ქვეყანაში. როგორ ვითარდება ეს საქმე და რა პრობლემები არსებობს... ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

[კომპიუტერის სტარტის ხმა და ხმები ინტერნეტკაფედან]

მარინა ვაშაყმაძე:
ჩვენ ახლა ინტერნეტკაფეში ვიმყოფებით, მელიქიშვილის ქუჩაზე. აბრას კლავიშის ფორმა აქვს და "ენტერ"-ი აწერია. შემთხვევითი გამვლელიც მიხვდება, რომ ამ კარს მიღმა რაღაც კომპიუტერული ამბები ხდება. ზოგისთვის ეს კვლავაც "რაღაც კომპიუტერული ამბებია", ზოგისთვის კი - ცხოვრების ნაწილი.

[ინტერნეტის მომხმარებლის ხმა] "ვისაც არ ჰკითხავ, ყველას ინტერნეტი აკერია პირზე..." (სტილი დაცულია)

- ეს ბაჩოა, ინტერნეტკაფეს თანამშრომელი. ილია კი სტუმარია.

[ინტერნეტის მომხმარებლის ხმა] "პროფესიით ვარ იურისტი. აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევს შესვლა იმ საიტებზე, სადაც შემიძლია მოვიძიო შესაბამისი ინფორმაცია." (სტილი დაცულია)

ლისა ამერიკელია, ახლა თბილისში ცხოვრობს და ინტერნეტკაფეების ხშირი სტუმარია.

[ინტერნეტის მომხმარებლის ხმა]
"ინტერნეტკაფეებში, ალბათ, ყოველდღე დავდივარ. ვხედავ, რომ ეს აქ საკმაოდ პოპულარულია. შეერთებულ შტატებში ადამიანებს კომპიუტერები სახლებში აქვთ, ამიტომ მათ ინტერნეტკაფეებში, ჩვეულებრივ, ვერ შეხვდებით. აქ ეს ძალიან პოპულარულია. ნებისმიერ დღეს რომ ნახოთ, ინტერნეტკაფეები ხალხითაა გაჭედილი. მე კოლეჯის გაზეთისათვის ვწერ და ჩემს სვეტს ინტერნეტკაფედან ამერიკაში იმეილით ვგზავნი. მე მგონი, ეს საკმაოდ მაგარია..." (სტილი დაცულია)

მართლა მაგარია... არადა, ახლანდელ მოწიფულ თაობას, ილიასა და ბაჩოს ასაკში, მხოლოდ უზარმაზარი ყუთებით სავსე ოთახები ენახა, - ისიც ფოტოზე, - რომლებსაც გამომთვლელი მანქანები ერქვა. მტრული რადიოსადგურები კი - ისეთი, მაგალითად, როგორიც რადიო "თავისუფლება" იყო - გადმოსცემდნენ, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ, ომის საფრთხის პირობებში, ინფორმაციის გადაცემის საიმედო საშუალების შემუშავება დაიწყო და ამერიკის მოწინავე კვლევების პროექტების სააგენტო ARPA-მ ქვეყნის უმსხვილეს უნივერსიტეტებს ამგვარი ქსელის შემუშავება დაავალა. ამ ქსელს ასევე ეწოდა - ARPANET-ი.

ქსელის პირველი სერვერი 1969 წელს დაიდგა კალიფორნიის უნივერსიტეტში და მისი ოპერატიული მეხსიერება 12 კილობაიტი იყო.

და დაიძრა... მერე იყო პირველი ელექტრონული ფოსტა, მერე გაჩნდა პირველი ჩატი, რომლის წყალობით ინტერნეტში რეალურ დროში გახდა შესაძლებელი ურთიერთობა. 1988 წელს კი უკვე ევროპაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, გაჩნდა მსოფლიო აბლაბუდას კონცეფცია.

მას შემდეგ, აბლაბუდა ფართოვდება და ფართოვდება... გასული საუკუნის 90-იან წლებში მან მთლიანად შეითავსა ინტერნეტის გაგება.

ეს სწორედ ის დროა, როცა ინტერნეტობობამ საქართველოშიც გააბა ქსელი. ასოციაცია "გრენას" აღმასრულებელი დირექტორი რამაზ ქვათაძე იხსენებს:

[რამაზ ქვათაძის ხმა] "რეალურად ინტერნეტის დაფუძნება საქართველოში დაიწყო 1996 წელს, როდესაც პირველად ჩამოყალიბდა სანეტი, ასეთი კომპანია." (სტილი დაცულია)

90-იან წლებშივე გამოჩნდა ქართულ ბაზარზე კავკაზუს ნეტვორკი, დღეს უმსხვილესი ინტერნეტპროვაიდერი. მისი გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე ასე იხსენებს პირველ ნაბიჯებს:

[მამია სანადირაძის ხმა] "როდესაც ჩვენ დავიწყეთ, მაშინ სულ რაღაც რამდენიმე კომპიუტერი და რამდენიმე სერვერი გვქონდა, რითაც დავიწყეთ პრაქტიკულად." (სტილი დაცულია)

დღევანდელ სკოლის მოსწავლეს, რომელიც ღამეებს ათენებს ჩატში, ძნელად წარმოუდგენია, რომ სულ რაღაც 15-იოდე წლის წინათ კომპიუტერზე ტექსტის შეყვანა ექსკლუზიური უნარი იყო... რომ მათი მშობლების მცირე ნაწილი რუდუნებით ჩაჰკირკიტებდა - ვორდსაც კი არა - ლეგენდარულ ჩი ვრაიტერს. როგორ მოდიოდა პროგრესი.?.. რამაზ ქვათაძე ამბობს:

[რამაზ ქვათაძის ხმა] "ვთქვათ, იგივე ხუთი წლის წინ რომ ავიღოთ, ჩვეულებრივი მომხმარებლის შეერთების სიჩქარე იყო 56 კილობაიტი, აი დაილ აპ, - დარეკვით რეჟიმში შეერთება. დღეს, რა თქმა უნდა, ძირითადი შეერთება არის ე.წ. ,,ადეესელ” შეერთება. ასე რომ, პროგრესი არის." (სტილი დაცულია)

პროგრესს მომხმარებელთა ზრდაც უჩვენებს და ასევე - განაპირობებს...

რაიმე ზუსტი სტატისტიკის მოპოვება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ საქართველოში, მართლაც, ძნელი აღმოჩნდა. საერთო წარმოდგენისთვის კი, ისევ ინტერნეტს მივმართეთ. საიტზე Top.ge პოპულარული ქართული საიტების მომხმარებელთა რაოდენობაა მითითებული. დღევანდელი მონაცემებით, ამ საიტებს 290 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. შარშან ამ დროს კი 160 ათასამდე ჰყავდა.

მომხმარებელი მსოფლიო აბლაბუდას სრულიად განსხვავებული ჰყავს:

[ავთოს, ინტერნეტის მომხმარებლის, ხმა] "კომპანიების შესახებ, ასევე დავალებები ინსტიტუტიდან, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება, ანალიზი..." (სტილი დაცულია)

[თორნიკეს, ინტერნეტის მომხმარებლის, ხმა] "იუველირობას ვსწავლობ მე და, უბრალოდ, მაინტერესებს ხოლმე... სხვადასხვა დიზაინერების საიტებზე შევდივარ და იქ ბეჭდებს, სხვადასხვა ნაკეთობებს ვათვალიერებ..." (სტილი დაცულია)

[ბაჩოს, ინტერნეტის მომხმარებლის, ხმა] "ფილმები გინდა.. სიმღერები გინდა... რა ვიცი..." (სტილი დაცულია)

[რამაზ ქვათაძის ხმა] "ინტერნეტის გამოყენების დიდი ნაწილი არის ფილმების და მუსიკის გადმოწერა, რასაც, მკაცრად რომ ვთქვათ, არაფერი საერთო არა აქვს ინტერნეტთან და არც არის ლეგალური." (სტილი დაცულია)

პროგრესზე მამია სანადირაზეც საუბრობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პროგრესს ფეხი უნდა აუწყო. განა ცოტაა იმის გამოცდილება, როგორ შეიძლება პროგრესი ხელოვნურად შეაფერხო?!

[მამია სანადირაძის ხმა] "ძაან სწრაფად ვითარდება... თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება კავშირგაბმულობა მსოფლიოში. ტექნოლოგიები ახალი შემოდის. თუ ჩვენ დავაგვიანეთ... აი, როგორც ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი - დღესაც დაილ აპ ტექნოლოგიით მუშაობენ, 20 წლის წინანდელი ტექნოლოგიით, და სხვა გზა არა აქვთ, რადგან მონოპოლისტი ჰყავთ და ის რასაც მოუტანს, იმას მიიღებს." (სტილი დაცულია)

რამაზ ქვათაძე კი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც განვითარების შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს:

[რამაზ ქვათაძის ხმა] "ის კომპანიები, კერძოდ, იგივე საქართველოს გაერთიანებული სატელესაკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ფლობს ინფრასტრუქტურის უდიდეს ნაწილს, ის არის ბუნებრივი მონოპოლისტი და საკმაოდ ცუდად იყენებს ამ თავის მონოპოლიურ მდგომარეობას. ნებართვების გაცემა ძალიან გართულდა, რაც გარკვეულწილად ზღუდავს განვითარებას." (სტილი დაცულია)

ამ პრობლემების სიმწვავეზე მიუთითებს კავკაზუს ნეტვორკის ხელმძღვანელიც. დღეს ქართულ ინტერნეტბაზარზე რამდენიმე მსხვილი პროვაიდერი მუშაობს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ კონკურენცია დიდია... და ეს კარგია.

[მამია სანადირაძის ხმა] "ძაან დიდი გზა გვაქვს კონკურენციის გასავლელი. უბრალოდ, თამაშის წესები ყველამ უნდა დაიცვას. ფეხბურთი არ არის საინტერესო, თუ, მაგალითად, ერთი მოთამაშე ნაჯახით დარბის, ხომ? დანარჩენი მოთამაშეები ხომ გაიქცევიან ამ კაცისგან. ასე არის... ყველას უნდა, რომ იყოს თანაბარ პირობებში. აბონენტი მაშინ იგებს, როდესაც არის პატიოსანი კონკურენცია." (სტილი დაცულია)

აბონენტი მაშინ მოიგებს, თუ მომსახურების უკეთესი ხარისხი იქნება და ფასები დაიწევს.

[მამია სანადირაძის ხმა] "მაინც ძვირი არის ხოლმე, იქ რაღაც 50 ლარი ოჯახისათვის… და, აქედან გამომდინარე, რამდენიმე ოჯახი ერთიანდება ინტერნეტის მისაღებად და რაღაცა,… მაგრამ მომავალს ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ... რომ ფასს დავწევთ, ამას შევძლებთ და უფრო ხელმისაწვდომი იქნება." (სტილი დაცულია)

იმედია იქნება... და იმედია, ის დროც დადგება, როცა საქართველოში ინტერნეტკაფეებში მხოლოდ ჩამოსული სტუმრები ივლიან. ისე როგორც, მაგალითად, ეს ესტონეთშია, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, სადაც 15-იოდე წლის წინათ ზუსტად ჩვენსავით ,,აკაკუნებდნენ” კლავიატურაზე. ზეგ ესტონეთში არჩევნების დღეა და ამ ქვეყნის მოქალაქეებს მსოფლიოში პირველად ექნებათ შესაძლებლობა არჩევნებში ინტერნეტით მიიღონ მონაწილეობა.

როდის დადგება ეს დრო საქართველოში? რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დათო უსუფაშვილის აზრით, [დავით უსუფაშვილის ხმა] "ინტერნეტი სულ უფრო და უფრო იპყრობს ახალ სფეროებს ჩვენი ცხობრების... და პოლიტიკურ პროცესებში ის სულ უფრო აქტიურად ჩაერთვება. მე მგონია, რომ ეს დრო მოვა, აუცილებლად მოვა. ამიტომ ჯერ არჩევნებისადმი ნდობა, პარალელურად - კომპიუტერის და ინტერნეტის გავრცელება მოსახლეობაში და ამის შემდეგ შეიძლება ამაზე ფიქრიც. ალბათ, ამას დასჭირდება ათიოდე წელი, მეტი არა, სხვათა შორის..." (სტილი დაცულია)

ათი წელიც მალე გაირბენს, ეს შეიძლება უსაშველოდ გრძელი დრო იყოს ან წარმოუდგენლად მოკლე. აკი დავრწმუნდით, მხოლოდ ტექნოლოგიებში როდია საქმე...

დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში - არასახარბიელო პერსპერქტივა

ბიძინა რამიშვილი:
როგორც იცით, მარტის თვე საქართველოში ქალებთან დაკავშირებული დღესასწაულებით გამოირჩევა. 3 მარტი დედის დღეა, 8 მარტს კი საქართველოში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. ჩვეულებრივ, ქალებთან დაკავშირებული დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიცია წლების განმავლობაში არ იცვლება - ყვავილები, სუნამოები, ამაღლებული სიტყვები. თამარ ჩიქოვანმა გადაწყვიტა, ამ ტრადიციისთვის გვერდი აევლო და ის გაერკვია, რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში.

თამარ ჩიქოვანი:
ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი დემოგრაფები საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ - მაგალითად, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების შეფასებით, ქვეყანაში მალე მოკვდაობის მაჩვენებელი შობადობისას 7-8 პროცენტით გაუსწრებს, 2050 წლისთვის კი საქართველოს მოსახლეობა მილიონით შემცირდება. ამ პროგნოზს არ იზიარებს სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც სხვა მონაცემს აქვეყნებს - ოფიციალური მონაცემით, 2006 წელს დაიბადა 41 ათასი და გარდაიცვალა 35 ათასი ადამიანი.

საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესების პროგნოზს გაეროს ექსპერტებიც აკეთებენ, რომელთა პროგნოზიც ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემს, მათ შორის, კონკრეტულ ქვეყანაში შობადობისა და მოკვდავობის რაოდენობას, ეკონომიკურ ვითარებას, ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას, ეკოლოგიას და ა.შ. გაეროს მონაცემითაც, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაა ნავარაუდევი.

[გია წულაძის ხმა] ” რომ ვთქვათ, რომ რომელიმე პროგნოზი გამართლებულიყო მთელი დემოგრაფიის ისტორიის მანძილზე - ასეთი რამ, პრაქტიკულად, არ ყოფილა. შეიძლება კურიოზული შემთხვევა მოგიყვანოთ, როცა საქართველოში ერთმა დემოგრაფმა 1998-99 წლებში გააკეთა პროგნოზი და 2000 წლისთვის მიიღო ასეთი შედეგი - მოსახლეობა 5 მილიონზე მეტი. 2005 წლისთვის - 5 მილიონ 100 ათასი...”
იმ ანონიმი ქართველი დემოგრაფის ოპტიმისტური პროგნოზისგან განსხვავებით, გია წულაძის მიერ გაკეთებული პროგნოზი ”პესიმისტურია” – 2050 წლისთვის შემცირდება 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი, დემოგრაფიული დაბერება მაღალი იქნება. საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 36-37 წლიდან 42-47 წლამდე გაიზრდება. რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას:

[გია წულაძის ხმა] ”კეთდება პროგნოზი, რომ იქნება დაბალ ვარიანტში 3 მილიონი მაინც. თუ დღევანდელი 4 მილიონიდან გამოვალთ, ის, რომ ერთი მილიონით დავიკლებთ - რეალობასთან ახლოს შეიძლება იყოს.”

მოსახლეობის კლების სხვადასხვა მიზეზი არსებობს - მიგრაციის მაღალი დონე, საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, დაბალი შობადობა და მაღალი სიკვდილიანობა. რაც შეხება ეკონომიკურ მდგომარეობას - აქ ვითარება ბუნდოვანია - დღეს ყველაზე მაღალი შობადობა იმ ქვეყნებშია, სადაც ეკონომიკური მდგომარეობით ვითარება მაინც და მაინც სახარბიელო არ არის. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კი შობადობის დონე ყოველწლიურად მცირდება. სოციოლოგი ნინო დურგლიშვილი, რომელიც ქართულ ოჯახებს იკვლევს, ამაში გასაკვირს არაფერს ხედავს:

[ნინო დურგლიშვილის ხმა] ” საქმე ის არის, რომ ევროპელს კი აქვს მეტი ეკონომიკური შემოსავალი, ვიდრე ინდოელს, მაგრამ ევროპაში შვილის გაჩენა, გაზრდა და მისი სოციალიზაცია ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე ინდოეთში. მაშინ, როცა ინდოეთში, პრაქტიკულად, არ გუჯდება არაფერი - ისეთი ბუნებრივია პირობებია და პირიქით - რაც უფრო მეტი შვილი გყავს, 3-4 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ მათხოვრობას, ბარგის გადატანას - ბევრი შვილის ყოლა არის მომგებიანი. საქართველოში გვაქვს იგივე სიტუაცია - ქართველი ერი, საბჭოური გამოცდილებიდან გამომდინარე, მატერიალურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყო და, შესაბამისად, კულტურას და განათლებას ენიჭბოდა დიდი ყურადღება. შესაბამისად, ქართული ოჯახისთვის შვილის ყოლა ნიშნავს იმას, რომ უნდა გაუზარდოს ნორმალურ პირობებში და მიიღოს კარგი განათლება, რაც საქართველოს მასშტაბით ძვირი ღირს”.

შესაძლოა თუ არა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამებით შობადობის გაზრდის მოტივაცია - ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ არსებობს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბავშვის დაბადებაზე დედისთვის თანხის გამოყოფას შობადობის ზრდაზე არ უმოქმედია. რუსეთში მსგავსი პროგრამა მხოლოდ წელს დაიწყო და შედეგზე საუბარი ნაადრევია. გია წულაძე ამგვარი პროგრამების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ შვილების რაოდენობის შემცირებაზე გავლენას ახდებს არა იმდენად ეკონომიკური ვითარება, რამდენადაც ცხოვრების ახალი წესი:

[გია წულაძის ხმა] ”კი, გასაგებია, შემცირდა ბავშვების ყოლის სურვილი, ისეთი მაღალი არ არის, რომ აქ დემოგრაფიულ აფეთქებაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რაღაც რაოდენობას ჩვენ მაინც ვკარგავთ ამ სოციალურ ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. ახლა რომ იყოს ეს პირობები, საშუალოდ მეტი ბავშვი დაიბადებოდა, ვიდრე სადღეისოდ არის. მოხდებოდა ბავშვების ყოლის მოთხოვნილების უკეთ დაკმაყოფილება ანუ რეალიზაცია. მაგრამ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ სოციალური პირობების გაუმჯობესებით, დახმარებებით, გინდაც ეს დახმარებები არსებით ხასიათს ატრებდეს, ჩვენ მივიღებთ აქ რაღაც კარდინალურ ძვრებს დემოგრაფიაში თუნდაც შობადობასთან მიმართებაში.”

ისე, შობადობის ზრდის მიზეზი სრულიად განსხვავებული რომ შეიძლება იყოს, ეს ბოლო წლების მანძილზე დადასტურდა. შობადობის ზრდას ანუ ”ბეიბი ბუმს” ელიან ისრაელსა და გერმანიაში. ისრაელში ამის მიზეზად ექსპრემალურ ვითარებას - საომარ მოქმედებებს- ასახელებენ - მსგავსი რამ ისრაელში 1973 წლის ომის შემდეგად მოხდა. გერმანიაში კი შობადობის ზრდის მიზეზი - არ გაგიკვირდეთ და ამ ქვეყანაში ჩატარებული ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გახდა - გერმანელი ფსიქოლოგების განმარტებით, ეს იმ ეიფორიის შედეგია, რომელიც ფეხბურთისმოყვარულმა ქალებმა ფეხბურთის მატჩებისას განიცადეს. ფეხმძიმე გერმანელ ქალბატონებს მომავალი ვაჟებისთვის სახელებიც თურმე შერჩეული აქვთ - საყვარელი ფეხბურთელების პოდონსკის, შვაინშტაიგერისა და ოუენის საპატივცემულოდ, გერმანიას ლუკასების, ბასტიანებისა და მაიკლების დიდი არმია შეემატება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

ამერიკელი ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ თანამედროვე კულტურა მოზარდ გოგონებს ემოციურ, და ხშირად ფიზიკურ ზიანს აყენებს

ბიძინა რამიშვილი:
თანამედროვე კულტურა გოგონებს ემოციურ, და ხშირად ფიზიკურ ზიანს აყენებს, ვინაიდან ადრეული ასაკიდანვე მათგან ”სექსუალურ” გარეგნობას მოითხოვს - ეს გახლავთ დასკვნა, რომელიც შეერთებულ შტატებში ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯგუფმა გამოიტანა. ჯგუფის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები ახლახანს გამოქვეყნდა. ამ შედეგების თანახმად, უკვე 7 წლის ასაკში გოგონები მედიისგან, ტანსაცმლის ფირმებისგან, და ხშირად სათამაშოებისგანაც კი სწავლობენ, რომ მათი მთავარი ღირსება გარეგნული მონაცემებია. სალომე ასათიანს მოუსმინეთ;

სალომე ასათიანი:
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია საკუთარ დასკვნას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს - შეერთებულ შტატებში გოგონების სექსუალიზაცია ძალიან გავრცელებული, და ზიანის მომტანი ფენომენია, რომელიც ხშირად დეპრესიას, დაბალ თვითშეფასებას, და კვებაში დარღვევებს იწვევს.

გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან წლებში - მაშინ, როდესაც მათი იდენტურობა ყალიბდება - გოგონები გარშემორტყმულნი არიან მესიჯებით, რომ სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი მათი გარეგნობაა - ის, თუ როგორი ლამაზები, გამხდრები, და სექსუალურები არიან. გამოკვლევაში ამ ფენომენის დასამტკიცებლად უამრავი მაგალითია მოყვანილი - იქნება ეს ვიდეოკლიპები, კინოფილმები, რეკლამა, ტელევიზია, სათამაშოები თუ პოპ-მუსიკის ჰიტები:

[Pussycat Dolls "Don't Cha"]

ეს პოპულარული ჰიტი, რომელსაც გოგონების ჯგუფი ”Pussycat Dolls” ასრულებს - და რომელიც ამ პერიოდში ხშირად ტრიალებს პოპმუსიკის არხებით - გამოკვლევაში დასახელებული ერთ-ერთი მაგალითია. ამ კლიპში ექვსი გამომწვევი ქალი მამაკაცს უმღერის, გამოტყდი, ხომ გინდა შენი მეგობარი გოგონა ჩემსავით სექსუალური და მომხიბლავი იყოსო.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გამოკვლევის ავტორები ასახელებენ, შეერთებულ შტატებში პოპულარული სათამაშოებია, სახელად ”ბრატცი” - ამ სერიაში პატარა გოგონა-თოჯინები აჟურულ წინდებში არიან გამოწყობილნი, და ტუჩები წითლად აქვთ შეღებილი.

კვლევის თანაავტორი, ეილინ ზურბრიგენი, ამბობს, რომ გოგონებს და ქალებს სექსუალურ ობიექტებად მედიის თითქმის ყველა ფორმა წარმოაჩენს:

[ზურბრიგენის ხმა]: ”მესიჯი, რომელსაც პატარა გოგონები იღებენ, ის არის, რომ მათ მხოლოდ მაშინ დააფასებენ, თუ სექსუალურები იქნებიან; რომ ეს ”სექსუალურობა” ძალიან ვიწრო რამ არის - და ისეთ გარეგნობას გულისხმობს, რომელიც საშუალო ადამიანისთვის ძალიან ძნელი მისაღწევია; და რომ ქალის სექსუალობა სხვისთვის ობიექტად ქცევას ნიშნავს, და არა იმ სურვილების, თუ საჭიროებების გათვალისწინებას, რომელიც თავად ქალს აქვს, როგორც სრულფასოვან ინდივიდს”.

ეს მესიჯი კი, ზურბრიგენის აზრით, მაღაზიებზეც ვრცელდება - სადაც პატარა გოგონებისთვის განკუთვნილი სამოსი თანდათან სულ უფრო მეტად ემსგავსება უფროსებისას. მაგალითად, დღეს უკვე 10 წლის გოგონასთვის შეიძლება უფროსებისთვის განკუთვნილის იდენტური საცვლების ყიდვა. ყოველივე ამას კი აშკარა ზიანი მოაქვს - ამბობს ფსიქოლოგი:

[ზურბრიგენის ხმა]: ”დამტკიცებულია, რომ ყოველივე ეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას - იწვევს დეპრესიას, დაბალ თვითშეფასებას, და დარღვევებს კვებაში. ეს კი პრობლემების ის ”ტრიოა”, რომელიც მოზარდ გოგონებში მასობრივადაა გავრცელებული, და მათ მიერ სექსუალობის აღქმას უკავშირდება. პრობლემებია ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც - მაგალითად, იმისათვის, რომ ძლიერი სიგამხდრე, დაბალი წონა შეინარჩუნონ, ხშირად გოგონები ბევრ სიგარეტს ეწევიან”.

ამასთან, ფსიქოლოგების აზრით, ეს ტენდენცია გავლენას ახდენს ფიქრის, ანალიზის და მახსოვრობის უნარებზე. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ გოგონებს, რომლებიც საკუთარ სხეულებზე და გარეგნობაზე სხვებზე მეტად არიან კონცენტრირებულნი, ხშირად უჭირთ, მაგალითად, მათემატიკური, ან ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.

ეილინ ზურბრიგენი თვლის, რომ არსებობს საფრთხე, ასეთ კულტურულ გარემოში აღზრდილმა გოგონებმა ზრდასრულ ასაკშიც ვეღარ შესძლონ საკუთარი თავის და სექსუალობის თავისუფლად განკარგვა - მაგალითად, უარყოფის შიშით მათ შესაძლოა გაუჭირდეთ პარტნიორს სთხოვონ, გამოიყენოს პრეზერვატივი; ან შეიძლება უარი ვერ თქვან არასასურველ სექსუალურ კავშირზე.

ამ შეშფოთებას ბევრი ამერიკელი დედა იზიარებს. მათ შორისაა ვაშინგტონში მცხოვრები კეიტი მარკი - 7 და 10 წლის გოგონების პროფესიით ეკონომისტი დედა:

[მარკის ხმა]: ”ჩემი უმცროსი გოგონა უფრო მეტადაა იმ ყველაფრის გავლენის ქვეშ, რასაც ამერიკის ტელევიზიით უყურებს. იპრანჭება - უნდა რომ სახეზე ფერუმარილი ესვას, და პატარა, გამოყვანილი ტანსაცმელი ეცვას. ხშირად ტელევიზიით გაგებულ, გამომწვევ ფრაზებს იმეორებს. და ამას ისეთი ენერგიით და აღფრთოვანებით აკეთებს, გულისამაჩუყებელიც კია”.

კეიტი მარკის თქმით, მას ძალიან აკვირვებს ის, თუ როგორ ადრეულ ასაკში დაიწყეს მისმა გოგონებმა სქესობრივი სტერეოტიპების გაზიარება - რომ, მაგალითად, ექიმები და პოლიტიკოსები ძირითადად კაცები არიან, ექთნები და მდივნები - ძირითადად ქალები; და რომ ბიჭები ყურადღებას მარტო ლამაზ გოგონებს აქცევენ:

[მარკის ხმა]: ”შოკირებული ვარ იმის გააზრებით, როგორ ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდათ ჩემს გოგონებს ჩემსგან ძალიან განსხვავებული, საკმაოდ რადიკალური შეხედულებები”.

დაახლოებით ასევე ფიქრობს კიდევ ერთი ამერიკელი დედა - პროფესიით ფსიქოლოგი, ფილადელფიაში მცხოვრები რუთ ბერგენი, რომელსაც ასევე ორი გოგონა ყავს, შვიდი და ათი წლის:

[ბერგენის ხმა]: ”ჩემი აზრით, მათ ასეთი რამეები შეიძლება ინსტინქტურადაც კი მოსწონდეთ. ჩემს შვილებს ამას ძალიან ადრეულ ასაკში ვატყობდი. ჩემი გოგონა ორი წლის იყო, როდესაც თოჯინა ”ბარბი” პირველად აიღო ხელში - შემომხედა და მითხრა, ლამაზიაო. მე ”ბარბის” ნამდვილად არ ვგავარ, არც ფერუმარილს ვხმარობ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მას მაინც ასე მოეწონა”ბარბი”. ამიტომაც მგონია, რომ ეს ძლიერი ფენომენია”.

თუმცა, რუთ ბერგენი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ცდილობს შვილებს პოპკულტურასთან შეხება შეუზღუდოს. თუმცა, გავრცელებულ მესიჯებს ის საკუთარ შეხედულებებს უპირისპირებს, და ცდილობს გოგონებს აუხსნას, რომ მთავარი ქალის გარეგნობა კი არა, გონიერება, და პიროვნული თვისებებია:

[ბერგენის ხმა]: ”ისინი ამ ყველაფრის მიმართ ინტერესს გამოავლენენ - ეს მათ მიიზიდავს. ამას გარკვეულწილად უნდა შევურიგდე - როგორც იმ გარემოს, თუ რეალობას, რომელშიც ისინი იზრდებიან. მართალია, მათთან ჩემი აზრის გამოთქმაზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ვცდილობ საკითხს მაინც მსუბუქად მივუდგე. მათ ყოველივე ამასთან შეხებას არ ვუკრძალავ. არ მინდა ისეთი მშობელი ვიყო, რომელიც შვილებს ყველაფერზე უარს ეუბნება, და არაორდინალურად ზრდის”.

რუთ ბერგენის მაგალითი ნამდვილად მოეწონებოდათ ზემოთნახსენები ანგარიშის ავტორებს - ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრებს. გამოკვლევაში პირდაპირ წერია, რომ მშობლებმა შვილების გენდერული იდენტობის ფორმირების პროცესში აქტიური როლი უნდა შეასრულონ, და შეეცადონ მოზარდებს მავნე მესიჯების, თუ იერსახეების ალტერნატივა შესთავაზონ.

ცხადია, მოზარდების სქესობრივი იდენტობის ფორმირების პროცესში პოპულარული კულტურა მნიშვნელოვან როლს მხოლოდ შეერთებულ შტატებში არ ასრულებს. კულტურული გლობალიზაციის პირობებში, ერთი და იგივე თუ არა, ერთმანეთის მსგავსი იერსახეები, თუ მესიჯები დღეს ბევრ კულტურას ახასიათებს. დღევანდელი სიუჟეტის თემა ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კონკრეტული გამოკვლევა იყო. იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს - ან შეიძლება ახდენდეს - გლობალური, თუ ლოკალური პოპკულტურის ნაწარმი საქართველოში მცხოვრები გოგონების ცნობიერებაზე, ახლო მომავალში გესაუბრებით.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს სალომე ასათიანმა და ბიძინა რამიშვილმა.

ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - ანგელინა შკურენკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.
მომავალ შეხვედრამდე რადიო "თავისუფლების" ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG