Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში პარლამენტს აირჩევენ, მაგრამ დამოუკიდებლობას რუსეთის არჩევნებისგან მოელიან


კვირას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 35 მანდატისთვის 111 კანდიდატი იბრძვის.

არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მისი აღიარება არ მოხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობა, რომელსაც იძულებით აქვს ეს მხარე დატოვებული.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ტელევიზიით გამოსვლისას ხალხს მოუწოდა: არ დაყოთ საზოგადოება “ჩვენებად” და “სხვებად” - ვინც პარლამენტში შევა, ყველანი ჩვენი მოქალაქეები არიანო. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებზე, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებისას ორი წლის წინ, ერთმანეთს სხვადასხვა კლანის ინტერესები უპირისპირდება.
ნაციონალური პოლიტიკის საზოგადოებრივ საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი თემურ მუზაევი ფიქრობს, რომ აფხაზეთში იგივე მოხდება, რაც მოხდა რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - ადგილებს გაბატონებული კლანები გაინაწილებენ:

[თემურ მუზაევის ხმა] “ახლანდელი პრეზიდენტის კლანი განიმტკიცებს თავის პოზიციებს და პარლამენტში ადგილების რაღაც ნაწილს გაუნაწილებს სხვა მოკავშირე მმართველ კლანებს. არაფერი ახალი და საინტერესო იქ არ მოხდება. ვითარება და საშინაო პოლიტიკური გარემო იქ არ შეიცვლება და არ იქნება ზეგავლენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების უკვე დიდი ხნის დამამუხრუჭებელ პროცესზე.”


ქართული წყაროების ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელიც ორი წლის წინ ბაღაფშის კონკურენტი იყო, ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩაშლით იმუქრება. აფხაზური ინფორმაციით, პარლამენტის წევრობის 19 კანდიდატი ბაღაფშს საარჩევნო პროცესში ჩარევასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, და ეს სარეთაშორისო სამართლის ნორმაა, რომ არჩევნების ჩატარება დევნილი მოსახლეობის გარეშე არ არის სამართლიანი და ასეთი არჩევნების აღიარება არ მოხდება. ასეთ პოზიციას მოსკოველი ექსპერტი თემურ მუზაევი ადასტურებს:

[თემურ მუზაევის ხმა] “დევნილების გარეშე არჩევნები შეუძლებელია. და ის არჩევნები, რომელიც ახლა ჩატარდება აფხაზეთში, უკვე თავიდანვე არალეგიტიმურია, უკანონოა, იმიტომ რომ აფხაზეთის მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი იქ არ არის, განდევნილია და კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არა აქვს.”

ამ დროს რუსეთი სეპარატიზმს მხარს უჭერს და მისმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის წინა ადგილობრივ არჩევნებს თავის განცხადებაში დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი უწოდა. რა მოჰყვება ამ არჩევნებს, საით იზამს პირს კონფლიქტის მოგვარება, ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები განაგრძობენ თავიანთი ვარაუდებისა და მოსაზრებების გამოთქმას რუსეთში. ამ ქვეყნის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარე ვლადიმირ ლისენკო დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია აფხაზეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იქ პრორუსული განწყობილებაა. ლისენკო ბაღაფშის მომხრეების გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. ის ფიქრობს, რომ საქართველოს მცდელობა, რუსეთის სამშვიდობო ჯარი იქიდან გაიყვანოს, წარუმატებელი იქნება.

[ვლადიმირ ლისენკოს ხმა] “საქართველოს მცდელობა, მოაშოროს იქიდან ჩვენი სამშვიდობო ძალები და ჩაანაცვლოს ისინი, არ ვიცი, ამერიკელებით, მე მგონია, დღეს ნაკლებად დასაჯერებელია. ამ ვითარებაში რუსეთს შეუძლია რაიმეს შეცვლა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იქ არის. შეიძლება მოხდეს უცხოელი მეთვალყურეების განთავსება, მაგრამ მათი სრულად შეცვლა? მე მგონია, რუსეთი ამაზე არასოდეს წავა.”

ლისენკოს მსჯელობით, იმის ფიქრი, რომ თუკი კოსოვოს მისცემენ დამოუკიდებლობას, მაშინ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთი შეიერთებს, აუსრულებელი გეგმები და სურვილებია. შესაბამისად, ლისენკოს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მალე ვერ მოგვარდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოდესმე რუსეთმა, თუკი ეკონომიკურად სათანადოდ მომძლავრდა, მეზობლების ეკონომიკური განვითარებაც შეძლოს და ამით უპირატესობა მოიპოვოს.

[ვლადიმირ ლისენკოს ხმა] “მაგრამ, მე ვფიქრობ, რუსეთს ჯერ არა აქვს ამის სერიოზული რესურსები და იქნებ - არც დიდი, განსაკუთრებული სურვილი.”

სხვა რუსი ექსპერტი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი მიხაილ ვინოგრადოვი, ფიქრობს, რომ რუსეთი ამჯერად არ აპირებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, არჩევნების გზით, აფხაზეთისკენ მიმართოს. აფხაზეთის ელიტაში თუ სერიოზული განხეთქილება არ მოხდა, დღევანდელი სცენარი ძალაში დარჩება, უთხრა ვინოგრადოვმა რადიო “თავისუფლების” რუსულ რედაქციას. შემოდგომაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კრიზისის დროს, თქვა მან, იყო ვარაუდი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ან რუსეთთან მის შეერთებას ძლიერი იმპულსი მიეცა, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის. ვინოგრადოვის აზრით, ახლა რუსეთში ეს საკითხი უკანა პლანზე გადავიდა, ამიტომ, დაასკვნის ის, რუსეთი ამ არჩევნების დროს არ შეუდგება იმის აქტიურ ჩვენებას, რომ ეს არჩევნები დამოუკიდებლობისკენ ლტოლვის გამოხატულებაა:

[მიხაილ ვინოგრადოვის ხმა] “მით უმეტეს, რომ ვხედავთ, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, რომელსაც ხშირად მოიხმობს ხოლმე რუსეთი, ახლა თითქოს ჰაერში გამოეკიდა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მიმდინარე სცენარი, სულ მცირე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აქტუალური დარჩება.”

ასე აფასებს რუსეთის დამოკიდებულებას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების მიმართ რუსი ექსპერტი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი მიხაილ ვინოგრადოვი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG