Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კვირის მიწურულს, შაბათს მოხდა - ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გროზნოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავს მიაგნეს.

თბილისში, შესაბამის უწყებებში ექს-პრეზიდენტის საქართველოში გადასვენებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. მანამდე კი ქართველი პოლიტიკოსების ფიქრისა და საქმიანობის საგანს მრავალი საკითხი წარმოადგენდა - ვითარების გამწვავება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, აშშ-ის ანტისარაკეტო კომპლექსების განთავსების თემა, საგარეო ვიზიტები თუ მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა. თუმცა პოლიტიკოსების ძალისხმევას ბოლომდე არ მოუფენია ნათელი იმ კითხვებისთვის, რომლებიც გასულ კვირაში საქართველოს საზოგადოებას აწუხებდა. დაკარგავს თუ არა საქართველო აფხაზეთს ნატოში შესვლით; როგორ მოახერხებს უკრაინა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებას; კარგია თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ანტისარაკეტო კომპლექსების განლაგება და სხვ. მინდა ამ საკითხების ირგვლივ არსებული სხვადასხვა მოსაზრება გაგაცნოთ და შემოგთავაზოთ გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა.

თავდაპირველად თქვენს ყურადღებას კვირის ბოლოზე შევაჩერებ, რადგან სწორედ კვირის ბოლოს გამწვავდა საგრძნობლად ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. ამის მთავარ მიზეზად 4 მარტისთვის დაგეგმილი აფზახეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნები გახდა. გალის რაიონში, ამ არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ”პატრიოტთა კავშირი” გააქტიურდა. ამას კი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.

[სროლის ხმა]

სროლის ხმა სოფელ შამგონასთან დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე ისმოდა პირველ მარტს. სეპარატისტული ხელისუფლების შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “პატრიოტთა კავშირის” რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტები შეამჩნიეს. აფხაზმა სამხედროებმა სამი აქტივისტი დააკავეს და სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. საქართველოს მხარე გმობს მომხდარს და აცხადებს, რომ დაკავებულები არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი ეროვნების სტუდენტები, რომლებიც აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეწინააღმდეგებიან. მომხდარის კომენტირებისათვის რადიო ”თავისუფლება” გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელს რუსლან ქიშმარიას დაუკავშირდა.

[რუსლან ქიშმარიას ხმა]

მისივე თქმით, დაკავებულები აფხაზეთში არ ცხოვრობენ და მათ გათავისუფლებას არ აპირებენ. ქიშმარიას ვერსიის გასამყარებლად აფხაზეთის ტელევიზიამ დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები გადასცა.

[დაკავებულის ხმა] ”გადავკვეთეთ აფხაზეთის ტერიტორიის საზღვარი და, როდესაც ჟურნალისტები გამოჩნდნენ, ჩვენ უკან დავბრუნდით ნიღბებში. იქ შევხვდით სხვადასხვა ხალხს, მივეცით ინტერვიუ და შემდეგ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნებულები, აფხაზმა ჯარისკაცებმა აგვიყვანეს.”

ქართული მხარე გმობს მომხდარს და ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა ასეთი ჩვენება აფხაზების მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცეს. ოფიციალური თბილისის პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა გაახმიანა.

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „აღსანიშნავია, რომ არაკანონიერი მოქმედებები ხორციელდება კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების უმოქმედობისა და, ხშირ შემთხვევაში, ხელშეწყობის ფონზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს დამკვირვებელთა მისიას, რუს სამშვიდობო ძალებს, კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ მხარეებს, უზრუნველყონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.“

რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და, საერთოდ, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გასულ კვირაში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტისას.

უკრაინა დიდი ხანია გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში, რასთან დაკავშირებითაც დღეს უკვე სერიოზულად მსჯელობენ. 1 მარტს პარლამენტის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ იუშჩენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების ელემენტების შექმნაში. ”უკრაინა მზადაა საქართველოს მხარდამხარ ჩაერთოს კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ისეთი საერთაშორისო მისიით, მანდატით და ფუნქციით, როგორიც ორივე ქვეყნისთვის იქნება მისაღები ”, - აღნიშნა ვიქტორ იუშჩენკომ.


აფხაზეთის პრობლემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრობლემადაც იქცა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი - ძირითადად, ”ეროვნული ფორუმიდან” - ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით აფხაზეთი საქართველოს შეიძლება კიდევ უფრო დაშორდეს.

[ნაწყვეტი სადისკუსიო მაგიდიდან]

ასეთი ცხარე დისკუსია გასულ კვირაში რადიო ”თავისუფლების” გადაცემაში ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს - “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მელაშვილსა, და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის გაიმართა.

ხელისუფლების პოზიცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან ჩანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ნატოში ჩვენი ინტეგრაცია არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ. მე უნდა მივუბრუნდე საკითხს, რა კავშირშია ნატო შიდა კონფლიქტებთან. ნატო შიდა კონფლიქტებთან უშუალო კავშირში არ არის. ნატო არის კავშირში საქართველოს განვითარებასთან, დემოკრატიზაციასა და სიძლიერესთან.”

ნატოში გაწვრიანების თემას გასულ კვირაში აქტუალობა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ვიზიტმაც შემატა. საქართველოში ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება ქართველებისთვის ნატოს კარი გაიღოს. ამ დისკუსიას საბაბი მისცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის ამასწინანდელმა განცხადებამ: ”ვისურვებდი 2009-ში დაფასდეს საქართველოს და უკრაინის ამბიცია ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისითო”. 28 თებერვალს კი, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სხეფერმა განაცხადა:

[იააპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ” ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან მე ვიცავ რკინის წესს და არასდროს ვასახელებ დროსა და თარიღს, თვესა და წელიწადს. ეს პროცესი ემყარება მოქმედებას, მიღწევებს. საქართველო კარგად ასრულებდა და ასრულებს თავის ვალდებულებებს. ”

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანასაც შეხვდა.
გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები იყო. მათ მიმართ ევროკავშირის პოზიცია ხავიერ სოლანამ გაახმიანა:

[ხავიერ სოლანას ხმა] "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქ, ევროპაში, მეტად მტკიცე პოზიცია გვაქვს ამ საკითხში. იცით, რომ ქართველები მიიღებენ ჩვენს მხარდაჭერას - თუკი რაიმე დახმარება შეგვიძლია, ამ როლს შევასრულებთ."

დაბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც აქტუალობა გასულ კვირაში შეიძინა. ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ. ვაშინგტონს სურვილი აქვს, რომ ასეთი რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი კავკასიაშიც განალაგოს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხის შესახებ ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ ცნობილია, რომ თბილისი მასში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას აზრით, რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველო დასავლურ თავდაცვის სისტემას, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG