Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადარზე ადრე საქართველოში ამერიკული მფრინავი საშუალებები და ინსტრუქტორები გამოჩნდნენ


სახელი ამერიკელი გენერლის

ჰენრი ობერინგისა, რომელმაც გასულ კვირაში პენტაგონის ანტისარაკეტო მიზნებზე ისაუბრა, მანამ იტრიალებს ქართულ საინფორმაციო საშუალებეში, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა, თუ სამხრეთ კავკასიის რომელ ქვეყანაში დაიდებს ბინას ამერიკული რადარი. თანაც, ობერინგის განცხადებამ, რომ ამერიკას სურს კავკასიაში განალაგოს რაკეტების სტარტის აღმომჩენი სარადარო მოწყობილობა, დამატებითი ინტრიგა შესძინა ამერიკა-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის თემას. მით უფრო, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ რადარის განლაგების ადგილად იქცეს სწორედ საქართველო, სადაც უკვე დიდი ხანია დაფრინავენ ამერიკული ვერტმფრენები და ყოველწლიურ სამხედრო ამოცანას ასრულებს ათეულობით ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” საქართველო-ამერიკის სამხედრო ურთიერთობის ზოგიერთ ნაცნობ და უცნობ ასპექტებს გავიხსენებ.

[ვერტმფრენების ხმა]

ვიეტნამის ომგამოვლილი, მაგრამ კარგად გარემონტებული და სრულად დაკომპლექტებული ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები საქართველოს ცაში 2001 წელს გამოჩნდა. ვინაიდან ეს იყო ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარების პირველი მცდელობა, ამერიკულ პროექტს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. თუმცა -არამხოლოდ. როგორც რადიო ”თავისუფლებას” 1998-2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ უთხრა, ორი რუსული ვერტმფრენის ამარა დარჩენილი ქართული შეიარაღებული ძალებისათვის 7 ამერიკული საფრენი აპარატი სერიოზული შენაძენი იყო.

[დავით თევზაძის ხმა] ”ღირებულებას მანდ იმდენი მნიშვნელობა არ ჰქონდა(დაახლოებით 8 მილიონის მოცულობის პროგრამა იყო), რამდენადაც უფრო პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა ამას ორივე მხარე. სამხედრო თვალსაზრისით, მნიშვნელობა, პირველ რიგში, ის იყო, რომ ის კადრები, რაც ამ ვერტმფრენების ექსპლუატაციას სჭირდებოდა, აუცილებლობა შეიქმნა მათი მომზდებისა. და ეს არხი გაიხსნა სრულიად ახალი, რომელიც თავდაპირველად არც იგეგმებოდა - ავიაციის კადრების მომზადება შეერთებულ შტატებში.”[სტილი დაცულია]


ასევე ორმაგი, სამხედრო-პოლიტიკური, დატვირთვა ჰქონდა 2002 წელს დაწყებულ, თავდაპირველად, ”წვრთნისა და აღჭურვის” ორწლიან პროგრამას და, შემდგომ, მის ტრანსფორმირებულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციებში მონაწილობისათვის დღესაც იწვრთნებიან ქართველი რეკრუტები. ამ პროგრამებით, რაზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დახარჯა, დაახლოებით 6 ათასმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა სამხედრო მომზადება. პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ყოველი ახალი კონტინგენტის გამოშვებას. ასე მაგალითად, ამერიკული პროგრამით მომზადებულმა პირველმა ქართულმა ”კომანდოსთა” ბატალიონმა 2002 წლის 15 დეკემბერს საზეიმოდ დადო ფიცი რესპუბლიკის მოედანზე:

ნაწყვეტი ფიციდან] "ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ვიქნებით შეურიგებელი მტრისადმი, თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით მეომრის მაღალ ღირსებას. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე."

დროთა განმავლობაში ზოგიერთმა სამხედრომ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გაწყვიტა სახელწიფოსთან კონტაქტი და სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. ექსპლუატაციის ვადა ამოეწურება ამერიკულ სამხედრო ვერტმფრენ ”იროკეზებსაც” და მათ ადგილს უფრო თანამედროვე ტიპის საფრენი აპარატები დაიკავებენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სამხრეთ კავკასიაში საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, რომლის საზღვრებიც ამერიკულმა სამხედრო ტექნიკამ და ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გადმოლახეს. ამის გამო, ბუნებრივია, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ყბადაღებული ამერიკული რადარები, რაზეც გასულ კვირაში მხოლოდ მინიშნება გააკეთა ამერიკის ანტისარაკეტო ძალების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სწორედ საქართველოში დაიდებენ ბინას. გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”თუ ეს რადარი, მართლაც, საქართველოს ტერიტორიაზე აიგო, ამას ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ყოველგვარ ”იროკეზებსა” და სხვა პროგრამებთან შედარებით. იმიტომ, რომ ამას ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა და ის განსაზღვრული იქნება მეზობელი ქვეყნებიდან ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეულად აღმოსაჩენად. ის მიმართული იქნება უფრო ირანის სივრცისკენ.”

სამხედრო ექსპერეტის თქმით, ყველაზე საუკეთესო ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული რადარების განსათავსებლად დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომია, სადაც საბჭოთა პერიოდში საფრონტო ბომდამშენები სწორედ ირანზე იყვნენ ორიენტირებულნი.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”დიდი შირაქის აეროდრომი, ამ მხრივ, გამორჩეულია, რადგან თავის დროზე, როდესაც იქ სუ -24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები იყო განლაგებული, მაშინ მათი ერთ-ერთი ამოცანა იყო თურქეთისა და ირანის მიმართულება. ბოლო წლებში ამერიკელმა სპეციალისტებმა დაათვალიერეს მარნეულისა და შირაქის სამხედრო აეროდრომები, აგრეთვე აზერბაიჯანში სამხედრო აეროდრომები და გარკვეული საუბრები მიდიოდა მათ მოდერნიზებაზე.”[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ამერიკული წარმოების სარადარო სისტემის შექმნაზე საუბარი საქართველოში თავდაპირველად 4 წლის წინ დაიწყო. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, რადარებით უნდა მომხდარიყო დაკვირვება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მთელ პერიმეტრზე და აღკვეთილიყო შესაძლო ტერორისტული თავდასხმა. ამჟამად, როგორც აღმოჩნდა, შეერთებულ შტატებს კავკასიიდან სურს დააკვირდეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას და შეაკავოს ამ ქვეყნებიდან აფრენილი რაკეტები. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ სამხრეთ კავკასიის რომელი ქვეყანა აღმოჩნდება მზად ამ რადარის მისაღებად და რა ფასად დაუჯდება მას ამ გამოწვევის მიღება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG