Accessibility links

logo-print

დმიტრი მედვედევის ინტერნეტკონფერენცია, როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი


რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერს დმიტრი მედვედევს ექსპერტთა ერთი ნაწილი ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად მიიჩნევს.

საინტერესოა, რომ რუსეთის ელექტორატთან საურთიერთოდ მედვედევმა აირჩია საშუალება, რომელსაც აქამდე მხოლოდ პრეზიდენტი პუტინი მიმართავდა - საინტერნეტო კონფერენცია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მედვედევი ამომრჩეველთა გულის მოგებაზე ზრუნვას იწყებს?

ჯერ იმას გეტყვით, რომ დმიტრი მედვედევის ინტერნეტკონფერენციისთვის საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ მისამართზე ათასობით შეკითხვა გაიგზავნა რუსეთის ყველა კუთხიდან. მაგრამ კონფერენციის დაწყებამდეც კი ნათელი იყო, რომ ეს არ იქნებოდა ვიცე-პრემიერის პოლიტიკური გამოცდა. კონფერენციის თემატიკა მკაცრად არის განსაზღვრული: რუსეთის ეროვნული პროექტები ჯანდაცვის, განათლების, ბინათმშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ეს კი ბევრს აფიქნებინებს, რომ მედვედევმა გადაწყვიტა, თავი აერიდებინა მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისთვის. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს, მაგალითად, ანტონ ნოსიკი, რუსეთში პოპულარული ბლოგ-სამსახურის, "სუპის" ხელმძღვანელი.

[ანტონ ნოსიკის ხმა] "რაც თავი მახსოვს, ინტერნეტკონფერენციებში პირველად ხდება, რომ ეროვნული პროექტების თემასთან დაუკავშირებელი შეკითხვები შეიძლება მოდერატორის მიერ არ იქნეს დაშვებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ - პუტინის შარშანდელი კონფერენციის გამოცდილების გათვალისწინებით - მოდერატორებს მეტი თავისუფლება ენიჭებათ უხერხული შეკითხვების მოკვეთის თვალსაზრისით."

41 წლის დმიტრი მედვედევი, კიდევ ერთ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის ყოფილ მინისტრთან სერგეი ივანოვთან ერთან, პუტინის მემკვიდრის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება. ზოგი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ ვლადიმირ პუტინი თავად შეაჩერებს არჩევანს ერთ-ერთ მათგანზე და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე თავის არჩევანს ამა თუ იმ გზით საზოგადოებასაც გააცნობს.

[ალექსეი მაკარკინის ხმა] "პრეზიდენტი ამას მაშინ გამოაცხადებს, როცა საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება, ან სულაც არჩევნების მერე. მაგრამ ახლა დმიტრი მედვედევი მისი მემკვდირის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება და, ჩემი აზრით, მას აუცილებლად სჭირდება საკუთარი სახელის პოპულარიზება და სხვადასხვა საარჩევნო ჯგუფის მხრიდან დადებითი დამოკიდებულების მოპოვება."

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელი.

მისივე თქმით, ივანოვი და მედვედევი კრემლის შიგნით განსხვავებულ ბანაკებს წარმოადგენენ. თუ უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანოვი ე.წ. "ძალოვანთა" ბანაკის წევრია, მედვედევს ექსპერტები კრემლის შედარებით უფრო ლიბერალური ძალების წარმომადგენლად თვლიან.

დაბოლოს, ერთი საყურადღებო დეტალი: დმიტრი მედვედევი სათავეში ედგა რუსეთის დელეგაციას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც იანვარში ჩატარდა შვეიცარიის ამ საკურორტო ქალაქში.
XS
SM
MD
LG