Accessibility links

logo-print

აფხაზეთში ჩატარებული ''არჩევნები'' - საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში


დღევანდელი პრესა ეხმაურება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ჩატარებულ არჩევნებს. “დემოკრატია აფხაზურად” – ასე ასათაურებს პუბლიკაციას “მთელი კვირა”,

რომლის კორესპონდენტიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საგანგებო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გია ლომიას გასაუბრებია. ლომიას თანახმად, გალის რაიონში არჩევნებში მონაწილეობა საკუთარი ნებით მოსახლეობის 8-10-მა პროცენტმა მიიღო, დანარჩენი ნაწილი კი აფხაზეთის მხარემ საარჩევნო უბნებზე ძალის გამოყენებით მიიყვანა. ლომიაზე დაყრდნობით, “მთელი კვირა” წერს, რომ განსაკუთრებული ზეწოლა აფხაზებმა სოფელ ოტობაიას მოსახლეობის მიმართ გამოიჩინეს.

“აფხაზური არჩევანი – ვისთვის დემოკრატიული და ვისთვის იძულებითი” – ასეთი სათაურით ქვეყნდება პუბლიკაცია “24 საათში”. ავტორი წერს: “გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით სეპარატისტებმა მდინარე ენგურის ცენტრალური ხიდი ჩაკეტეს. აფხაზური მილიცია და მესაზღვრეები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, განლაგდნენ და გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ენგურის გავლით გალის რაიონის ტერიტორიაზე მოხვედრა კი შეუზღუდავი იყო. ქართულმა მოსახლეობამ სოფლების დატოვება და ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გადმოსვლა ჯერ კიდევ არჩევნების წინა ღამით დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი, ხვიჩა ნარსია ამბობს, რომ ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე ცოლ-შვილი გადმოიყვანა, ასაკოვანი მშობლები კი, რომელთაც გადაადგილება გაუჭირდებოდათ, სახლში დატოვა. მისივე ვარაუდით, მოხუცებს აფხაზები საარჩევნო უბანზე იძულების წესით წაიყვანდნენ”, - წერს “24 საათი”, რომლის დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ვლადიმერ პაპავას წერილი, სათაურით “რუსეთის არალიბერალური “ლიბერალური იმპერია”. პაპავა წერს, რომ “ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკა ეფუძნება “ლიბერალური იმპერიის” დოქტრინას, რომლის თანახმადაც, რუსეთის წამყვანმა სახელმწიფო და კერძო კომპანიებმა ხელში უნდა აიღონ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საკვანძო ეკონომიკური ობიექტების ხელმძღვანელობა, მათი აქტივების შესყიდვის საშუალებით.”

“კვირის პალიტრა” კავკასიაში შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო დადგმის თემას ეხმაურება: “აურზაური რადარის გამო” - ასეთი სათაურით ქვეყნდება გაზეთში პუბლიკაცია, რომლის ავტორი, ირაკლი ალადაშვილი, წერს: “საკითხავია, რას იზამს მოსკოვი? საერთოდ, ასეთ რადარს “მხედველობის” ვიწრო და ერთი კონკრეტული მიმართულებით ორიენტირებული გამოსხივება გააჩნია. ამიტომაც ტექნიკურად ძნელი იქნება ასეთი რადარის ფაზირებულმა ანტენამ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ირანის საჰაერო სივრცესაც უთვალთვალოს და ჩრდილოეთით – რუსეთის სამხრეთსაც. წესით, მოსკოვს საპრეტენზიო არაფერი უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელია თვითონაც იყენებს ანალოგიური დანიშნულების რადარს სამხრეთ კავკასიაში”, - წერს ავტორი და დასძენს, რომ ასეთი რადარი აზერბაიჯანში დგას და, ეკოლოგების თანახმად, მისი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება მავნე ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

“ახალი ვერსია” ინტერესდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბედითა და იმით, თუ რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია თავდაცვის სამინისტროში. პუბლიკაციაში კი საუბარია იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელ ფინანსურ დარღვევებს სწავლობს და, შესაძლოა, საქმეში რაღაც სახით ფინანსური პოლიციაც ჩაერთოს. რესპუბლიკური პარტიის წევრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ “რა სახის დარღვევებიც უნდა აღმოაჩინოს ხელისუფლებამ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს მაინც არ აღძრავს. თუკი რაღაცას გამოიძიებენ, მას კომბალივით ჭერში შემოდებენ, რომ, როცა დასჭირდებათ, თავში ჩასცხონ”, - ამბობს ზაქარეიშვილი “ახალ ვერსიასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG