Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლოვანი სტუდენტური პროტესტის საინფორმაციო უზრუნველყოფა


ვინც ბოლო ორი კვირის მანძილზე ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მთავარ საინფორმაციო პროგრამებს, ალბათ, შეამჩნევდა, რომ აფხაზეთის თემა სხვადასხვა წახნაგით გააქტიურდა.


გუშინ გალის რაიონში არჩევნები ჩაიშალა. ქართული საზოგადოება ამით კმაყოფილია და კიდევ უფრო მეტად კმაყოფილია სტუდენტური პროტესტის აგრესიულ-ცეცხლოვანი ფორმით, რაც გუშინვე მკაფიოდ გამოხატეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ტოკშოუს მაყურებლებმა.

კოცონების დანთების იდეა, როგორც ჩანს, ბოლო დღეების გადაწყვეტილება არ ყოფილა. ენგურის პირას სტუდენტების მშვიდობიანი, მაგრამ საკმაოდ აგრესიული აქცია 19 თებერვალს დაიწყო. იმ დღეს ეს მოვლენა “ქრონიკასა” და “მოამბეში” გაშუქდა. 20 თებერვალს “კურიერმა” გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ აფხაზურ სოფელში მოსახლეობა დაბრუნდა. აჩვენეს ორი ქალბატონი - ლალი ავიძბა და რუსუდან ჯღარკავა, რომლებიც გასაოცრად უშიშრები და აგრესიულებიც კი იყვნენ სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ. 23 თებერვალს “კურიერმა” კიდევ უფრო მოულოდნელი მასალა შესთავაზა მაყურებელს: სიუჟეტის სათაური იყო “სახლების გადაწვა გალში”. თავად სიუჟეტი კი მოგვითხრობდა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მათი სახლებია გადამწვარი, ვინც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლა თვითმმართველობის არჩევნებისას. ადამიანები, რომლებმაც 12 სახლი გადაწვეს, “ქართველ პატრიოტებად” იყვნენ მოხსენიებულნი.

26 თებერვალს “ქრონიკამ” და “მზერამ” გვაცნობეს, რომ გალში სიტუაცია იძაბება და რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში აფხაზებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს. ამავე დღეს გააქტიურდა აფხაზების მიერ გამოცემული ისტორიის სახელმძღვანელოს საკითხი. “ქრონიკისა” და “მოამბის” ეთერში ეს იყო დღის მთავარი თემა, თუმცა სახელმძღვანელო სტამბიდან 26 თებერვალს არ გამოუტანიათ და ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების გზაზე ისტორიულ თემებზე კამათი ყველაზე წამგებიან და კონფრონტაციულ ფონს ქმნის. ასე იყო თუ ისე, “ქრონიკამ”, “მოამბემ” და “კურიერმა” ამ თემას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც სახელმძღვანელოთი არ დაინტერესებულა, იყო “მზე”.

პირველ მარტს “ქრონიკამ”, “კურიერმა” და “მოამბემ” ღამის გამოშვება დაიწყეს ცნობით, რომ მომიტინგეებს სოფ. შამგონაში აფხაზეთის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. “კურიერში” გაჩნდა ტერმინი “გალელი პატრიოტები”, რომელიც შემდეგი დღიდან ყველა ტელეარხმა აიტაცა. იმავე დღეს “კურიერში” გაჩნდა მოკლე ინფორმაცია, რომ “ამცახარა” - აფხაზ მეომართა კავშირი - ქართველთა მხარეს გადავიდა. ხომ უცნაურია აფხაზეთში ვინმეს გადასვლა ქართველთა მხარეს და განსაკუთრებით უცნაურია, როდესაც ამას მაინცდამაინც მეომართა კავშირს - ომში ნაბრძოლ ადამიანებს მიაწერენ. აქვე უნდა ითქვას, რომ “მზერამ” მეშვიდე სიუჟეტად აჩვენა გალში დაძაბული სიტუაცია და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩამორჩა იმ აგრესიულ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელსაც დანარჩენი არხები ატარებდნენ.

შემდეგ დღეს “გალელი პატრიოტების” თემა ისევ აქტუალურია, ამჯერად, ყველა არხზე. “მზერა”, ჩანს, დაკარგულის ანაზღაურებას ცდილობს და ამზადებს სიუჟეტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პირველი პირების ქართულ კავშირებზე. ამავე დღეს “კურიერს”, ფაქტობრივად, უკან მიაქვს მის მიერ წინა დღეს გავრცელებული ინფორმაცია “ამცახარას” შესახებ და ამჯერად აცხადებს, რომ აფხაზ მეომართა კავშირი იშლება. ორ მარტსვე “კურიერი” საზოგადოებას ატყობინებს, რომ სტუდენტები აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებს და მათი თანატოლების დაკავებას დიდი კოცონით გამოუცხადებენ პროტესტს. ერთადერთი თემა, რომელიც არბილებს ბოლოო დღეების საინფორმაციო სივრცის ესკალაციას, აფხაზი გოგონასთვის ქუთაისში ჩატარებული ოპერაციაა.

სამი მარტი სტუდენტური კოცონების დღეა. სიმბოლური ცეცხლი ინთება დავით აღმაშენებლის ძეგლთან და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. საინფორმაციო სივრცეში - განსაკუთრებით, “კურიერში” - დომინირებს სიტყვა “პატრიოტები” და ფრაზა “პატრიოტების სოლიდარობის კოცონი”. ტელემაყურებელს უხსნიან, რომ სხვადასხვა ქალაქში დანთებული ცეცხლი სიმბოლურად ეხმიანება იმ დროს, როდესაც ქართველები მტრის შემოსევას ერთმანეთს დიდი კოცონის დანთებით ატყობინებდნენ. ბოლოს, 4 მარტს, პრეზიდენტი სტუდენტებით ამაყობს და ამბობს, რომ ამიერიდან საქართველო აფხაზებს დაელაპარაკება არა სუსტი სახელმწიფოს, არამედ ძლიერი სახელმწიფოს პოზიციებიდან.

იმის შემდეგ, რაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში გადაიტანა, მართლაც აუხსნელია, როგორ ინარჩუნებს მიმზიდველობას პრობლემების მოგვარების ზემოთ აღწრილი სტილი. არადა, რომ ინარჩუნებს, ფაქტია...
XS
SM
MD
LG