Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ უნდა აქციოს თბილისი სანიმუშო სისუფთავის ქალაქად


თბილისის ქუჩებიდან ყოველდღიურად 5 ათასამდე კუბური მეტრი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი გადის,

თუმცა, როგორც დედაქალაქის მერიის დასუთავების სამსახურში აცხადებენ, მეეზოვეთა ლამის 24 საათიანი შრომა, ცალკეულ მოქალაქეთა უკულტურობის გამო, ჯეროვან შედეგს ვერ იძლევა. თბილისელთა ნაწილი, ურნებისა და სანაგვე ბუნკერების ნაცვლად, ნარჩენებს კვლავაც სადარბაზოებთან, ეზოების მახლობლად მდებარე ხევებში ანდა სულაც ქუჩებში ყრის. ვითარების შესაცვლელად, თბილისის მერის ბრძანებულებით, დასუფთავების სამსახურში შეიქმნა ზედამხედველობის განყოფილება, რომლის დანიშნულება დასუფთავების წესების დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმებაა. ვინ და როგორ უნდა აქციოს თბილისი სანიმუშო სისუფთავის ქალაქად?


5 მარტიდან დედაქალაქის ქუჩების სისუფთავეზე, მეეზოვეებისა და დასუფთავების სამსახურის ტექნიკური პერსონალის პარალელურად, დასუფთავების ზედამხედველობის ინსპექციაც ზრუნავს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ინსპექტორების პირველი სამუშაო დღე თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, შეხვედრით დაიწყო.

[გიგი უგულავას ხმა] „ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ სპეციალური ინსპექცია. კანონში შევიდა ცვლილება, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმების უფლება. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ რომელიმე პირი დადგენილ წესს არღვევს, ანაგვიანებს გარემოს და ამას აღმოაჩენს ინსპექცია, ამ ადამიანებს ექნებათ უფლება გამოწერონ ჯარიმა.“(სტილი დაცულია)

ჯარიმა, გიგი უგულავას თქმით, მაღალია, თუმც, როგორც დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი განმარტავს,
ქალაქში სისუფთავეზე კონტროლის დაწესება და მეეზოვეთა შრომის დაცვა სხვანაირად ვერ ხერხდება:

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] „ქალაქის მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის წესები და მკაფიოდ არის ჩამოთვლილი ამ წესებში რა სახის მოქმედება ითვლება დარღვევად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 146-ე პრიმა მუხლი და 148-ე მუხლი ზუსტად განმარტავს ამ საკითხს და იქ არის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები: ფიზიკური პირებისთვის - 200 ლარი პირველ შემთხვევაში, 500 ლარი განმეორების შემთხვევაში. იურიდიული პირებისთვის - 500 ლარი პირველ შემთხვევაში, 3000 ლარი განმეორების შემთხვევაში.“

ტარიელ ხიზანეიშვილის თქმით, დასუფთავების ზედამხედველობის ინსპექტორები თბილისის ქუჩებში ნარინჯისფერი ავტომობილებით იმოძრავებენ. სულ დედაქალაქს 27 ეკიპაჟი მოემსახურება, ერთ-ერთი მათგანის წევრს მე წერეთლის გამზირზე, ეროვნულ სტადიონთან, გამოველაპარაკე.

[ინსპექტორის ხმა] „ქალაქში პატრულირების დროს ქუჩების დანაგვიანების რამდენიმე შემთხვევა დავაფიქსირეთ, რაზეც მივეცით შენიშვნები, რომელიც მოსახლეობამ ყურად იღო, დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს. იმედია, მოქალაქეები გულისხმიერებით მოეკიდებიან დევიზს, გადავაქციოთ თბილისი სანიმუშო სისუფთავის ქალაქად, და ჩვენთან ერთად ხელს შეუწყობენ ქალაქში სისუფთავესა და წესრიგს.“ (სტილი დაცულია)

დედექალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვას თავად თბილისელებიც მიესალმებიან. რამდენიმე მათგანს მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

[ქალბატონის ხმა] „ამ სამსახურის შექმნა, რა თქმა უნდა, ქალაქს წაადგება და დამნაგვიანებელი აუცილებლად უნდა დააჯარიმონ. მშვენიერი იდეაა! მერე რა, რომ დიდი ჯარიმებია. ასე ჯობს. ერთსა და ორს რომ დააჯარიმებენ, მესამე აღარ დაანაგვიანებს.“

[მამაკაცის ხმა] „ასეთი სამსახური საჭიროა, იმიტომ რომ ყველგან ყრიან ნაგავს. ჩვენს ხალხს, გულახდილად რომ გითხრათ, ისეთი მენტალიტეტი აქვს, რომ უყვარს დანაგვიანება.“

უყვართ თუ არა დედაქალაქელებს ქუჩების დანაგვიანება, ცხადია, ამის შესახებ, ყველაზე უკეთ თბილისელმა მეეზოვეებმა უწყიან.

[მეეზოვის ხმა] „მოსახლეობა ძალიან ჭუჭყიანია. ვხვეტავ და მაინც ანაგვიანებენ. მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს ქალაქის სისუფთავეზე, ისე როგორც რუსეთშია, გერმანიაში და ყველგანაა.“

და მართლაც, საინტერესოა, როდის იქცევა თბილისი სანიმუშო სისუფთავის ქალაქად. ამ კითხვას თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი ასე უპასუხებს:

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] „ეს საკმაოდ რთული თემაა. არაერთი განვითარებული ქვეყანა წლების განმავლობაში აგვარებდა ამ პრობლემას. გერმანიამ ამ დარგის მოწესრიგებას 7-8 წელი მოანდომა. ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომამდე აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება თბილისში.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG