Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პარლამენტის რიგით მესამე არჩევნები ჩატარდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკვე რიგით მესამე საპარლამენტო არჩვენები ჩატარდა.



სოხუმიდან გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 4 მარტს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, საპარლამენტო არჩევნები შედგა გალის რაიონშიც. აფხაზეთში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს თბილისი - მათ შორის, ცნობას იმის შესახებ, რომ გალის რაიონში არჩევნები ჩაიშალა.
4 მარტის არჩევნებს არ ცნობს საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება, თუმცა საგულისხმოა, რომ 4 მარტს, პირველად აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს შორის, აფხაზეთში არჩევნების მიმდინარეობას რუსი დამკვირვებლების გვერდით ევროპელი დამკვირვებლებიც აკვირდებოდნენ.


აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნები შედგა და მასზე ამომრჩეველთა აქტივობამ არათუ დადგენილ 25 პროცენტს, 45 პროცენტს გადააჭარბა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი 35 საარჩევნო ოლქიდან, 18 ოლქში გამოვლინდა პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ ოლქებში მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. მეორე ტური, ხელახალი არჩევნები, დაინიშნება გალის რაიონის 2 საარჩევნო ოლქშიც. აქვე განვმარტავთ, რომ ქართველებით დასახლებული გალის რაიონი, ძირითადად, 3 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი.

სოხუმში გალის რაიონში არჩევნების ჩაშლაზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, გალის რაიონში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნები არ შედგა, რადგან ქართველებმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გალის რაიონში არჩევნებში ჩაშლა უარყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ:

[სერგეი შამბას ხმა] ”არჩევნები ჩატარდა წყნარად. წარუმატებელი აღმოჩნდა გალის რაიონში ქართველი პროვოკატორი ახალგაზრდების შეშვების მცდელობა. გალის რაიონში არჩევნები შედგა. 2 ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ხალხი აქტიურად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.”

ასე რომ არ იყო, ამას ქართველი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ამტკიცებს, თუმცა შეკითხვაზე, რატომ არ მიიღო გალის რაიონის მოსახლეობამ მონაწილეობა 4 მარტის არჩევნებში, მას ასეთი პასუხი აქვს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”რატომ არ მიიღო? ქართველების შეეშინდა და არა აფხაზების. მთელი ტრაგედია ამაშია. გალის რაიონის მოსახლეობას დაურეკეს და უთხრეს: თუ წახვალთ არჩევნებზე, დედას გიტირებთ!. ” (სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებისადმი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, მიიღებდა თუ არა გალის რაიონის მოსახლეობა ამ არჩევნებში მონაწილეობას და არა იმაზე, საერთო ჯამში რამდენად კანონიერია ეს არჩევნები.

{სერგეი შამბას ხმა] ”აქტივობა დამაკმაყოფილებელია, აფხაზეთში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ უცხოელი დამკვირვებლები. მათ აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული ნორმების დაცვით. ”

აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი. აფხაზეთში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, მართლაც, უცხოელი დამკვირვებლები და არამარტო რუსეთიდან. მაგალითად, უცხოელ დამკვირვებელთა ჯგუფში იყო: პოლონელი სილვესტრ ხრუშჩი - ევროპარლამენტის დეპუტატი, კოსოვოს კომისიის წევრი, მარცინ ფრიდრიხი - ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომელი, იტალიელი ლუკა ბენდე, ფაბრიც ბიორი საფრანგეთიდან და ასე შემდეგ.
აფხაზეთში არჩევნების მიმდინარეობით ევროპელები პირველად დაინტერესდნენ. რას ნიშნავს ეს სიახლე? ამასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს:

]პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”გაყინული კონფლიქტი მართლა გაყინვას ხომ არ ნიშნავს. დრო მიდის და ჩვენ თუ არ ვზემოქმედებთ პროცესებზე, სხვები ზემოქმედებენ - რუსები ზემოქმედებენ. რუსებს აწყობთ გავრცელდეს
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მეტი წესრიგია, მეტი დემოკრატიაა. ”

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა. აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. ამ დადგენილების მიხედვით, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამიტომ იქ 4 მარტს ჩატარებული არჩევნები კანონიერად ვერ ჩაითვლება.



XS
SM
MD
LG