Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო ჩხაიძე - 70


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ამერიკელი რეჟისორის, პოლ შრადერის, ჟიურიმ ”ოქროს დათვით” აღნიშნა ჩინური ფილმი ”ტუის ქორწილი”, რომელმაც ქართველ კინოკრიტიკოსებს 30 წლის წინ გადაღებული ”თუში მეცხვარე” გაახსენა. ამ სატელევიზიო, სამსერიანი ფილმის ავტორს, სოსო ჩხაიძეს, 18 მარტს 70 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მინდა სოსო ჩხაიძის შემოქმედება გაგახსენოთ.

”როგორია ეს ჩინური ფილმი?” - კითხულობდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც ბერლინში ”ოქროს დათვით” აღნიშნული ”ტუის ქორწილის” ნახვა ვერ მოახერხეს. ”ბერლინალეზე” ეს ჩინური სურათი დილის 9 საათზე უჩვენეს, ნახევრად ცარიელ დარბაზში. ფესტივალზე არავინ ელოდა თითქმის სრულიად უცნობი რეჟისორის ასეთ წარმატებას. ”როგორია და ”თუშ მეცხვარეს” ჰგავს. ის, რაც ამ ჩინურ ფილმში ვნახეთ, სოსო ჩხაიძემ 30 წლის წინ გააკეთა”, - აღნიშნა კინოკრიტიკოსმა ნანა თუთბერიძემ, რომელსაც სოსო ჩხაიძის შესახებ იქვე, ბერლინის კინოფესტივალის პრესცენტრში, გავესაუბრეთ.

საქართველოს ტელევიზიით ”თუში მეცხვარის” პრემიერა 1976 წელს შედგა. ცოტა ხანში ფილმის რეჟისორი სოსო ჩხაიძე და ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი რუსთაველის პრემიით დაჯილდოვდნენ, მანჰაიმში პრიზი საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის სოსო ჩხაიძეს იშტვან საბომ გადასცა. დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა და უცხოური პრესა აღფრთოვანებული წერდა ”თუში მეცხვარის” ნოვატორულ ენაზე, ეპიკურობაზე, დოკუმენტურისა და მხატვრულის დამაჯერებელ სინთეზზე. ”თუშ მეცხვარეს” ხშირად უჩვენებდა საქართველოს ტელევიზია. მაგრამ 1992 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჩხაიძე გარდაიცვალა და ”თუში მეცხვარე”, ისევე როგორც ჩხაიძის დოკუმენტური ფილმი ”ქართული საგალობლები”, ტელეეკრანიდან გაქრა. მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც მაინცდამაინც არა აქვს წარმოდგენა ქართული კინოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ. თუმცა, ნანა თუთბერიძის თქმით, კომუნისტური ხელისუფლება ”თუშ მეცხვარეს” არც არასდროს სწყალობდა და ყველანაირად ერიდებოდა ფილმის ჩვენებას დასავლეთში. სურათის გადაღება რამდენჯერმე შეაჩერეს, ცენზორის დასკვნით, ”მასალის უნიჭობისა და უპერსპექტივობის გამო”, ისევე როგორც ”ძველი ქართული საგალობლები”, რომელიც ცენზურამ რელიგიის პროპაგანდად აღიქვა. ნანა თუთბერიძის თქმით, სოსო ჩხაიძე უაღრესად მოკრძალებული კაცი იყო, თავისი ფილმებისთვის ბრძოლა არ ეხერხებოდა. ამიტომაც არ არის დაფასებულიო, - ამბობს ქართველი კინოკრიტიკოსი.


[ნანა თუთბერიძის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ არ არის დაფასებული და ამაში ”დამნაშავე”, კარგი გაგებით, რასაკვირველია, თვით ბატონი სოსოა, იმიტომ რომ იყო საოცრად მოკრძალებული ადამიანი, ძალიან ერიდებოდა ინტერვიუს მიცემას, როცა ეს ეხებოდა საკუთარ თავს, თავის ფილმებს, სხვებზე სიამოვნებით საუბრობდა, მაგრამ ერიდებოდა ამაზე საუბარს.”(სტილი დაცულია)

ნანა თუთბერიძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კინოპროგრამების რედაქციას საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სოსო ჩხაიძის ფილმები, გარკვეულწილად, ჰგავს მის ავტორს - გამოსახულება არასდროს არაა აგრესიული, ჭვრეტისთვის, ფიქრისთვის განაწყობს მაყურებელს. ადამიანის მიმართ ეს ნდობა იმაშიც გამოიხატება, რომ ”თუშ მეცხვარეში”, ირაკლი ხიზანიშვილის გარდა, არაპროფესიონალები თამაშობენ, მაგრამ თამაშობენ და, რაც მთავარია, ახმოვანებენ ისე, რომ სიყალბის განცდა არსად იქმნება.

[ნანა თუთბერიძის ხმა] ”სოსო ჩხაიძე როდესაც მახსენდება, ეს ხსოვნა დაკავშირებულია ორ კადრთან. უპირველესად, კადრი, როდესაც ტელევიზიის დერეფანში მიდის ულამაზესი მამაკაცი, ჯინსებში, და მე ვუყვირი: ”ბატონო სოსო, ინტერვიუს როდის მომცემთ?” ის კი მპასუხობს: “ცოტა ხანი დამაცადე.” ეს ინტერვიუ არ შედგა...”

[მუსიკა. ”შვიდკაცა”]

[ნანა თუთბერიძის ხმა] ”და მეორე კადრი: კინოსტუდიის დიდი სამონტაჟო და უამრავი ფირის კოლოფი, სავსე დაუმთავრებელი ”შვიდკაცათი”. თითოეულ კოლოფზე იყო უზარმაზარი ინფორმაცია ჩამოწერილი. ამაში ჩანდა ამ კაცის მოწესრიგებულობა და თავდადება. ეს ფილმი მან ვერ დაამთავრა.”

ქართული პოლიფონიური მუსიკა სოსო ჩხაიძის ყველაზე დიდი გატაცება იყო. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ”თუში მეცხვარეც” მთლიანად პოლიფონიის წესებზეა აგებული - ფაქტობრივად, ესაა მრავალხმიანი გალობა, რომელშიც არც ერთი ხმა არ კარგავს ინდივიდუალობას და ამავე დროს, ყველა ერთ მთლიანობას ქმნის. ამიტომაც ბუნებრივია, რომ სოსო ჩხაიძემ გატაცებით დაიწყო მუშაობა ”შვიდკაცაზე”, ფილმზე, რომლის შესახებ ნანა თუთბერიძე გვიამბობს:

[ნანა თუთბერიძის ხმა] ”შვიდკაცა” ეძღვნებოდა გურულ სიმღერებს, უფრო მეტიც, ქართულ ხალხურ სიმღერებს. უზარმაზარი ნამუშევარია. არც კი ვიცი, რამდენი სერიის მასალაა. ახლა გამოინახა საშუალება, რომ დამთავრდეს ეს სურათი. მისმა მეუღლემ, ნანა ზურაბიშვილმა, ეს სამუშაო ბოლომდე მიიყვანა და თითქმის ისეა გაკეთებული, მიახლოებულია.”

[მუსიკა]

სოსო ჩხაიძემ ბევრი ვერ მოასწრო. სწორედ სიზუსტის სიყვარულმა განაპირობა, ალბათ, ის, რომ მისი შემოქმედება სულ რამდენიმე ფილმით ამოიწურება. ”თუშ მეცხვარეს” იგი 5 წელი იღებდა - ჯერ მწყემსების ცხოვრება შეისწავლა ამირან ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ფილმის სცენარის ავტორი იყო, და მხოლოდ მერე შეუდგა გადაღებას. მუშაობის ასეთი სტილი მას სხვა ქართველი რეჟისორებისგან გამოარჩევს, ამავე დროს, მისი ფილმების ენა ძალიან უხდება ტელევიზიის ბუნებას - სატელევიზიო ფილმის აღქმა ხომ აგრეთვე განსაკუთრებულ სიმშვიდესა და კამერულ გარემოს მოითხოვს. სხვა საქმეა, რომ ყველა მის ფილმში ასეთი კამერულობა თანდათან ეპიკურ მასშტაბებს იძენს და ჭეშმარიტ პოეზიად იქცევა.


[ნანა თუთბერიძის ხმა] ”ძველი ქართული საგალობლები” - ხატწერა და მუსიკაა ერთად შერწყმული. აქ ჩანდა უკვე უზარმაზარი ტალანტი სოსოსი და მერე ”თუში მეცხვარე” - არაპროფესიონალური მსახიობების პროფესიონალიზმის, რეჟისურის, ოპერატორის ნამუშევრის. ჩვენ ცოტა გავაყალბეთ პატრიოტიზმის თემა, ყველაფერს პატრიოტიზმს ვარქმევთ. ეს კი მართლა პატრიოტიზმი იყო - სამშობლოს სიყვარული ისე, როგორც გულში გვაქვს, მაგრამ სიტყვით ვერ გამოვთქვამთ. ასეთი სიყვარული იყო ქვეყნის ამ ფილმში.”(სტილი დაცულია)


[თუშური]

ბერლინის კინოფესტივალის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში დღეს ისეთ კინოს აფასებენ, რომელშიც ავტორი თვითმყოფადობაზე, უნიკალურობაზე უარს არ ამბობს - ”პატარა”, შეუმჩნეველ ადამიანებზე გადაღებულ კინოს. ნანა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ ”თუშ მეცხვარეს”, თუნდაც დღეს რომ ეჩვენებინათ ”ბერლინალეზე”, მსოფლიო ახლებურად შეაფასებდა. ჩვენს საუბარს ბერლინში ქართველი კინოკრიტიკოსი ასე ამთავრებს:

[ნანა თუთბერიძის ხმა] ”რეზო თაბუკაშვილის სიტყვები გამახსენდა ახლა... და ტყუილად არ გამახსენდა, რადგან ეს ორი დიდი ხელოვანი მეგობრობდა, ერთ წელიწადს გარდაიცვალნენ და ორივეს წელს აქვს იუბილე... ბატონი რეზო ხშირად იმეორებდა: პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს ქვეყანას მოახმარ. ეს სიტყვები იცოდა სოსო ჩხაიძემ და ასე გაიარა თავისი ცხოვრება.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG