Accessibility links

logo-print

საქართველოში ყაზახური ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება


სამშაბათს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ეს ქვეყანა საქართველოს არ ესაზღვრება და არ მდებარეობს არც დასავლეთში, რომელზე ორიენტაციაც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად ითვლება. საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ყაზახეთს - ის უსწრებს ყველა დანარჩენ ქვეყანას (მათ შორის მეორე და მესამე ადგილზე მყოფ თურქეთსა და ბრიტანეთს) საქართველოში ინვესტიციების მოცულობით.

შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იდგა ყურადღების ცენტრში ასტანაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მსვლელობაში.

როგორც ბოლოდროინდელი ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ცხადჰყოფს, ყაზახეთსა და საქართველოს მარტო საბჭოთა წარსული არ აკავშირებს, ან, თუნდაც, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ამჟამინდელი წევრობა. ამ გაერთიანების წევრია, როგორც ცნობილია, ბევრი სხვა ქვეყანაც, რაც - თუნდაც რუსეთ-საქართველოს შემთხვევაში - სულაც არ ჩანს მჭიდრო ეკონომიკური კავშირის გარანტი.

რაც შეეხება ყაზახეთს, მიხეილ სააკაშვილი, რასაკვირველია, მასთან ურთიერთობას შეეხო დღეს ასტანაში ყაზახ მასპინძელ ნურსულთან ნაზარბაევთან მოლაპარაკების შემდეგ: [სააკაშვილის ხმა] “ჩვენ მუდამ სიამოვნებით მივუთითებთ იმ გარემოებაზე, რომ ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. ეს არის ორ ქვეყანას შორის სანიმუშო ურთიერთობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში - ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ტიპის ურთიერთობები ახალ პირობებში, დამოუკიდებლობის, თავისუფლების პირობებში, იმავდროულად ერთმანეთისადმი პატივისცემისა და მეგობრობის საფუძველზე”.

მაგრამ მთავარი მაინც, როგორც ჩანს, სავაჭარო-ეკონომიკური სფეროა, რახან მას ცენტრალური ადგილი ერგო ორივე პრეზიდენტის გამოსვლებში ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ქართველი სტუმრის ინფორმაციით, გასული წლის მანძილზე ყაზახეთს და საქართველოს შორის საქონელბრუნვა, თითქმის გაორმაგდა და წელს, სავარაუდოდ, ისევ გაორმაგდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყაზახი მასპინძელი საქართველოში მიიწვია, რის შემდეგაც ნაზარბაევმა გაიხსენა 2005 წლის ვიზიტი, როცა საქართველოში ბიზნესმენების დიდ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ბიზნესმენები საქართველოს არ იცნობდნენ, მაგრამ ისინი გაამხნევა გარემოებამ, რომ იქ ჩვენც ვიყავით, პრეზიდენტებიო, დასძინა ყაზახმა ლიდერმა:

[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] “მას შემდეგ ყაზახეთის კაპიტალი და ბიზნესი საქართველოში წავიდა. ჩემი მონაცემებით, საქართველოში ყაზახური კომპანიების კაპიტალდაბანდების საერთო გეგმები გასულ წელს 300 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. ათვისებულია თუ არა ეს თანხები - სხვა საკითხია, მაგრამ მიმართულება გარკვეულია. ეს ეხება ბანკ “ტურანალემის” კაპიტალდაბანდებას - მან ხელი მოკიდა ცენტრში მდებარე სასტუმროს რეკონსტრუქციას. წუხელ სწორედ იმას ვარკვევდი, რატომ არ ატარებენ მას შემდეგ აქტიურ სამუშაოებს. ისინი პირობას დებენ, რომ გააქტიურდებიან და საქმეს მიხედავენ. მათვე შეისყიდეს მთელი რიგი ტურისტული ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე. ხოლო კომპანია “ყაზმუნაიგაზმა”, მისმა შვილობილმა კომპანია “ყაზატრანსგაზმა” შეიძინა გაზის სადისტრიბუციო ქსელი თვით თბილისში. ეს ძალიან სერიოზული საქმეა.”

არანაკლებ სერიოზულია ინვესტიციები, ახლა რომ მზადდება: როგორც ნაზარბაევმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “ყაზმუნაიგაზი” ბათუმის პორტის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას აპირებს და, წარმატების შემთხვევაში, ნავთობგადამამუშავებელ ტერმინალს ააგებს. ცნობილია ასევე, რომ ყაზახური ინვესტიციით, ფოთში ხორბლის ტერმინალი აიგება.

ამ კონტექსტში ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველო შეაქო ბიზნესისთვის, ბიზნესმენებისთვის “ხელსაყრელი პირობების შექმნის გამო”, [ნაზარბაევის ხმა] შემდეგ კი ეკონომიკური კავშირების მთავარი სფეროც დაასახელა: [ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი თანამშრომლობის მთავარი თემაა ნავთობისა და გაზის ენერგეტიკული კომპლექსი. ჩვენ ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ყაზახეთი მიუერთდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტს, რომელიც თბილისზე გადის.”

დღესვე ყაზახეთს და საქართველოს შორის გაფორმდა სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება: ლაპარაკია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებაზე.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყაზახეთი კიდევ კარგახანს დარჩება საქართველოში ინვესტირების მოცულობით ლიდერის როლში.
XS
SM
MD
LG