Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების სფეროში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარების შესახებ.

ანგარიშში ნაჩვენებია, როგორ იცავენ კერძო პირთა, სამოქალაქო, პოლიტიკურ და მშრომელთა საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაშია მოცემული. ანგარიშში შექებულია საქართველო მიერ უკანასკნელ ხანებში მიღწეული წარმატებები, თუმცა მისი ავტორების თანახმად, მთელ რიგ სფეროებში ვითარება ჯერ კიდევ არასახარბიელოა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2006 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მრავალმხრივი სურათია მოცემული.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა ვაშინგტონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა წლიური ანგარიშის დასკვნებზე.

[რაისის ხმა] "გასული წლის მანძილზე ერთობ ხშირად გვიწევდა იმის გახსენება, რომ, მართალია, ადამიანის უფლებები თავისთავად ცხადია, მაგრამ ისინი თავისით არ ხორციელდება. და რომ თავისუფლებისკენ კაცობრიობის სწრაფვას, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული, ჯერაც არ სცემენ ყველგან პატივს."

წლიურ ანგარიშში საგანგებო ყურადღება ეთმობა რუსეთს. მასში მოტანილია ჩეჩნეთში ფედერალური და ადგილობრივი უშიშროების ძალების მიერ სამოქალაქო პირთა მკვლელობისა და მათ მიმართ ძალადობის ფაქტები. უმეტეს შემთხვევებში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ამ კანონდარღვევებისთვის.

ანგარიშის თანახმად, "რუსეთში გრძელდებოდა აღმასრულებელი შტოს ხელში ძალაუფლების ცენტრალიზაცია" და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის პირობებში მთავრობა კიდევ უფრო ნაკლებად კონტროლირებადი გახდა.

ბელორუსიაში, ანგარიშის ავტორების თანახმად, გრძელდებოდა და ძლიერდებოდა მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა.

ადამიანის უფლებების სფეროში ვითარება გაუმჯობესდა უკრაინაში, მაგრამ "კვლავაც რჩებოდა სერიოზული პრობლემები, მათ შორის კორუფცია მთავრობის ყველა შტოში."

სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ქებას იმსახურებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებისკენ მიმართული ზომებისთვის. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეფორმებს სასამართლოს სფეროში.

საპირისპირო ვითარებაა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც, ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების არასათანადოდ იცვება.

ჩვენი რადიო დაუკავშირდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ჯეფ კრილას, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით გვითხრა:

კრილას ხმა "საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ძალიან დადებითი ტრაექტორია შეიმჩნევა. თუმცა უკანასკნელ ხანებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად ზოგიერთ სფეროში ჯერაღ გადასაჭრელია სერიოზული პრობლემები. ესაა ადამიანების სიკვდილის შემთხვევები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების გამო; პატიმართა წამებისა და მათ მიმართ ძალადობის გახშირება; წინასწარი პატიმრობის გადამეტებული გამოყენება; და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ვითარების გაუარესება.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეზეა წინსვლა მთელ რიგ სფეროში. მთლიანობაში უკანასკნელი რამდენიმე წელი საქართველოში წარმატებებით აღინიშნა. მაგრამ ადამიანის უფლებების შესახებ წლიურ ანგარიშებში ჩვენ ვითვალისწინებთ ვითარებას მთელ საზოგადოებაში, ყველა დაწესებულებაში. საქართველოს უფრო მეტი წარმატების ჩვენება შეუძლია მთელ რიგ სფეროებში, რომლებსაც ვაქცევთ ყურადღებას საქართველოსთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში."

ცენტრალურ აზრიაში სიტყვის თავისუფლება ხშირ შემთხვევებში იზუღდება. გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული ყირგიზეთში, მაგრამ გასული წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მრავალი თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების სფეროში.

ანგარიშში გაკრიტიკებულია ირანის ხელისუფლება, რომელიც ახშობს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და ხელს უწყობს ტერორიზმს სირიასა და ლიბანში.

რაც შეეხება თავად შეერთებულ შტატებს, კონდოლიზა რაისმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამერიკაც არ არის სრულყოფილი და შეუმცდარი.
XS
SM
MD
LG