Accessibility links

logo-print

სუამი: პრობლემები და პერსპექტივები


ერთი წელი სრულდება, რაც ორგანიზაცია სუამი, რომელიც ოთხ სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს - აერთიანებს,

საერთაშორისო ორგანიზაციად გაფორმდა. წესდების თანახამად, ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, "გაყინული კონფლიქტების" მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რისთვისაც კიევში უნდა შექმნილიყო საკოორდინაციო შტაბი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, საკოორდინაციო შტაბის შექმნა კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად უკრაინაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას ასახელებენ. შესაბამისად, შექმნილი პოლიტიკური ვითარების პირობებში, უკრაინელ ექსპერტთა შორის სულ უფრო მეტ ეჭვს იწვევს ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა.

ორგანიზაცია სუამს ათწლიანი ისტორია აქვს. მისი ფუძემდებლები, ექს-პრეზიდენტები ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ კუჩმა ამჟამად პენსიაზე არიან, ჰეიდარ ალიევი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ორგანიზაცია არსებობას განაგრძობს და მისი ძირითადი ამოცანები ზუსტად ისეთივეა, როგორიც ფუძემდებლებმა 10 წლის წინათ დაუსახეს მიზნად, უთხრა რადიო "თავისუფლებას" უკრაინის "მშვიდობის, კონვერსიისა და საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის" დირექტორმა ალექსანდრ სუშკომ.

[ალექსანდრ სუშკოს ხმა] "თავის დროზე, 10 წლის წინ, სუამი იქმნებოდა, როგორც იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებსაც უსაფრთხოების საკითხებში საერთო ინტერესები აერთიანებდათ. და პრინციპში, ეს დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. რადგან სუამის ქვეყნები მსგავსი პოზიციიდან უდგებიან შეიარაღების კონტროლს, ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოწესრიგების საკითხს და, ასევე, სხვადასხვა ხარისხით, მხარს უჭერენ ამბიციურ პოზიციას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით."

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით რვა წლის წინ, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სუამი საერთაშორისო სტატუსს შეიძენდა, კიევსა და თბილისს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა სუამის სამშვიდობო ბატალიონის შექმნის თაობაზე. 1998 წელს ამ იდეას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანმაც და თბილისის მახლობლად, კრწანისის პოლიგონზე, ნავთობსადენის დაცვის სცენარით, პირველი სწავლებაც გაიმართა. მართალია ამის შემდეგ სამშვიდობო ბატალიონის ჩამოყალიბებაზე საუბარი შეწყდა, მაგრამ უკრაინა კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების სამხედრო ოპერაციაში. თბილისში ამასწინანდელი სტუმრობისას, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნათქვამ სიტყვებს ანგარიშგასაწევ განცხადებად მიიჩნევს კიევის გლობალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, იური შჩერბაკი, თუმცა პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას მარტო პრეზიდენტის კომპეტენცია არ ეყოფა.

[იური შჩერბაკის ხმა] "ამიტომ ის, რაც იუშჩენკომ თბილისში თქვა, მართალია და უკრაინა, თუკი გაეროს ნება იქნა, მზად არის, გაგზავნოს საკუთარი სამშვიდობო ძალები საქართველოში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მაგრამ, მე არ ვიცი, როგორი იქნება უმაღლესი რადის გადაწყვეტილება, რომლის კომპეტენციაშიც შედის მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში ჯარის გაგზავნა."

უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, ქვეყანაში შიდაპოლიტიკური დაპირიპირების მსხვერპლი გახდა არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის მომავალი, არამედ ქვეყნის სხვა საერთაშორისო პრიორიტეტებიც; მათ შორის, ინტეგრაცია ნატოში, რაც იური შჩერბაკის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების შემდეგ სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

[იური შჩერბაკის ხმა] "ვიქტორ იანუკოვიჩის ახალი მთავრობა რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტს ასრულებს. მისი წევრები ყოველმხრივ ცდილობენ, დააბრკოლონ და შეაჩერონ ჩვენი მოძრაობა ნატოსკენ, გარკვეული მეთოდებით შეცვალონ ჩვენი საგარეო პოლიტიკის გეზი ევროპის კავშირის მიმართულებით; და ასევე დიდ როლს ასრულებს მათი დამოკიდებულება სუამისადმი."

სწორედ უკრაინაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით ხსნიან უკრაინელი პოლიტოლოგები იმ გარემოებას, რომ დღემდე ვერ ხერხდება შესაბამისი შენობის გამოყოფა სუამის საკოორდინაციო ორგანოსთვის, რომლის დაფუძნება, მხარეთა წილობრივი მონაწილეობის საფუძველზე, ოთხი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის - პრეზიდენტების ხელმოწერით, სწორედ კიევში გადაწყდა. სხვათა შორის, თავის დროზე, იმავე რუსეთის მძლავრი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სუამის წევრობაზე უარი თქვა უზბეკეთმა. თუმცა, მოსკოვის მხრიდან ასეთი მძლავრი პრესინგის პირობებშიც კი, სუამის სიცოცხლისუნარიანობის უარყოფა არასწორად მიაჩნია უკრაინელ პოლიტოლოგს ალექსანდრ სუშკოს.

[ალექსანდრ სუშკოს ხმა] "სუამის ქვეყნები ერთიანი პოზიციით გამოდიან გაეროსა და ეუთოს ჩარჩოებში გაყინული კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთხ ქვეყანას ამ საკითხებში საერთო პოზიცია აქვს და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებშიც აცხადებენ."

საინტერესოა აღინიშნოს, რომ 6 მარტს ლატვიაში სუამის ქვეყნების ელჩები რიგაში შეხვდნენ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს არტის პაბრიკსს და მას მიმართეს თხოვნით, მხარი დაუჭიროს გაეროს რეზოლუციას გაყინული კონფლიქტების თაობაზე და ამ ორგანიზაციის უფრო აქტიურ მონაწილეობას სუამის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.
XS
SM
MD
LG