Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში – გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი დაეთმო.


ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე პირები შენიშნავენ, რომ ფაქტობრივი მასალის სიუხვე თავისთავად მიანიშნებს პრობლემათა სიმრავლეს. „თავისუფლებისაკენ კაცობრიობის სწრაფვას ჯერაც არ სცემენ ყველგან პატივს“, – შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ეს ვაშინგტონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ დაბალანსდა ადამიანის უფლებათა დაცვა და დაუცველობა 2006 წელს საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად.

გასული 2006 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, საქართველოს ხელისუფლებამ მდგომარეობა ზოგიერთ სფეროში გამოასწორა, თუმცა სერიოზული პრობლემები მაინც ძალაში დარჩა, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშის შეფასებით ნაწილში ხაზგასმულია ძირითადი დარღვევები – კერძოდ, წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, წინასწარი პატიმრობის ვადების დარღვევა, კანონდამცავი სტრუქტურების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება და მოქალაქეთა სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, სასამართლოსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სხვ.

[სოზარ სუბარის ხმა]“მთლიანობაში, ძალიან სერიოზული ანგარიშია, ძალიან დიდია, და სადაც პრობლემები არ არის, იმ ქვეყნების ანგარიში 2–3 გვერდს არ აღემატება, მეორე მხრივ, აქ არის გამახვილებული ყურადღება როგორც დადებითზე, ასევე უარყოფითზე. მთავარი ის არის, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა ძალიან დეტალურად აღწერილი, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობდით წლის განმავლობაში და რომლებზეც ძალიან ხშირად შესაბამისი ორგანოების მიერ ხდებოდა თვალის დახუჭვა.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომლის თქმითაც,ანგარიშში თავმოყრილი ფაქტების სიმრავლის მიუხედავად, ჯერჯერობით მაინც ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადეკვატურად ასახა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2006 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის სრული სურათი.

[თინა ხიდაშელის ხმა]“ ჩვენ, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვხედავთ, რომ ერთგვარი პროგრესი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხედვასთან დაკავშირებით. უფრო თვალგახელილი პოლიტიკა ჩანს, ვიდრე რევოლუციურ ეიფორიაში მყოფი მეგობარი ქვეყნისა - უფრო დახმარებაზე ორიენტირებული მეგობრისა, ვიდრე ეიფორიაში მყოფი მეგობრისა. მე განსაკუთრებით მივესალმები იმას, რაც სასამართლო რეფორმის მარცხთან დაკავშირებით წერია ამ ანგარიშში.“(სტილი დაცულია)

რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის შენიშვნებს გულისყურით მოეკიდება და მათ გამოსწორებასაც შეეცდება. რაც შეეხება პოზიტივებს, ანგარიშში საუბარია ანტიტრეფიკინგული კანონმდებლობის ინიცირებაზე, სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების უზრუნველყოფისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და სხვ.

[ლალი ფაფიაშვილის ხმა]“სასამართლო სფეროსთან დაკავშირებითაც საკმაოდ დეტალურად არის მიმოხილული დღეს არსებული ვითარება. აღნიშნულია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრაქტიკულად უფრო მეტია გაკეთებული სასამართლო სისტემაში, ვიდრე ის, რაც აქ იყო მითითებული. დადებითად არის შეფასებული ასევე ის ცვლილებები, რაც იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, თუმცა ის პრობლემა, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, ვფიქრობ, ეს უდავოა და ამის თაობაზე არაერთხელ იყო განცხადებული.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი მთლიანობაში ანგარიშის ნაკლოვანებად აფასებს დეპორტირებულთა საქმეებზე ინფორმაციის სიმწირეს. ამას გარდა, ფიქრობს, რომ, დადებითი ტენდენციების გამოკვეთის მიუხედავად, ცალკეულ საკითხებში ვითარება საქართველოში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ, გამუქებულიც კია. სხვაგვარად ფიქრობს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დირექტორი უჩა ნანუაშვილი:

[უჩა ნანუაშვილის ხმა]“სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის შესაძლებლობა იმის, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც არიან დაკავებულები, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ისინი დაკავებულები. სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. მათი რაოდენობა ოცამდეც მერყეობს, სხვადასხვა მონაცემებით. ეს ანგარიში, შესაძლოა, იყოს უფრო მეტად კრიტიკულიც კი, ვიდრე ეს იყო წინა წლების ანგარიშები.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG