Accessibility links

logo-print

''ნარინჯისფერი რევოლუციის'' ერთი გმირი ბრიუსელში, მეორე კი - ვაშინგტონში ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას


პოლონეთის ქალაქ პლოცკში გუშინ გაკეთდა განცხადება, რომელიც საყურადღებოა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსთვისაც:

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ და მისმა უკრაინელმა სტუმარმა, ვიქტორ იუშჩენკომ ისაუბრეს გეგმაზე, რომ მაისში გაიმართოს ხუთი ქვეყნის სამიტი ენერგეტიკის საკითხებზე. სამიტზე - პოლონეთისა და უკრაინის გარდა - აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ლიდერების მიწვევას აპირებენ, რათა ისაუბრონ პოლონეთში სწორედ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნავთობის იმპორტზე საქართველოს და უკრაინის გავლით. ითქვა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელი ვიზიტი პოლონეთში ემსახურებოდა ორივე ქვეყნის მცდელობას, შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე.

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთიდან გაემგზავრა და ბრუსელს ეწვია. იქ, როგორც იუწყებიან, უკრაინისა და მისი პრეზიდენტის შესახებ ძალიან გულთბილი განცხადება გაკეთდა: [პიოტერინგის ხმა] “უკრაინისადმი ევროპარლამენტი დიდი სიმპათიით არის განწყობილი და პრეზიდენტი იუშჩენკო არის ძალიან დამაჯერებელი, სანდო, პასუხისმგებლობით სავსე პიროვნება და სარგებლობს ჩვენი, ყველას მხარდაჭერით, ისევე როგორც პირადად ჩემი მხარდაჭერითაც”.

ეს განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ჰანს-გერტ პიოტერინგმა გააკეთა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, რაც იუშჩენკოსთვის მნიშვნელოვან მომენტში მხარდაჭერას ნიშნავს: როგორც იუწყებიან, ბრიუსელში იუშჩენკო, უწინარეს ყოვლისა, უკრაინის საშინაო-პოლიტიკურ პრობლემებს შეეხო - გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გარკვეულ როლს შეასრულებს იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩს შორის ძალაუფლების განაწილებისთვის დაპირისპირების მოგვარებაში.

[იუშჩენკოს ხმა] “დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შეუძლიათ დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანი და დიდი როლის შესრულება უკრაინის სახელისუფლო უწყებებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში”. ამ საკითხს იუშჩენკო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, ხავიერ სოლანასთან მოლაპარაკების შემდეგ შეეხო.

თუ იუშჩენკო ბრიუსელს ეწვია, ნარინჯისფერი რევოლუციის მეორე, არანაკლებ ცნობილმა გმირმა, იულია ტიმოშენკომ ბოლოხანს ვაშინგტონი მოიარა და მანაც ილაპარაკა უკრაინის საშინაო-პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ტიმოშენკოს ტურნე, რომელიც - როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგა იუწყება - თვით ტიმოშენკოს შეფასებით, ფრიად წარმატებული იყო, მოიცავდა შეხვედრებს უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის შეერთებული შტატები ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან.

ტურნე 28 თებერვალს დაიწყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, ვაშინგტონში და შემდეგ მესიჯზე იყო აგებული: ტიმოშენკო და მისი პოლიტიკური პარტია, “იულია ტიმოშენკოს ბლოკი”, რჩება პრომოსკოვური ორიენტაციის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის უძლიერეს დემოკრატიულ ალტერნატივად. თავისი პროდასავლური ორიენტაციის დასასაბუთებლად, ტიმოშენკომ (როგორც ცნობილია, უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა) ილაპარაკა, უწინარეს ყოოვლისა, ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე.

თუმცა, მოხდა ისე, რომ მაინცდამაინც იმ დღეს, 28 თებერვალს გააკეთა გერმანიის (ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის) კანცლერმა არც თუ სასიამოვნო შინაარსის განცხადება: ანგელა მერკელმა იანუკოვიჩთან შეხვედრაზე მიანიშნა, რომ უკრაინას, 10 წელი მაინც, ევროკავშირში არ მიიღებენ. ამდენად, უკრაინას მოუწევს, ამ ეტაპზე დასჯერდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც, როგორც ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობას არეგულირებს.

და კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი, რომელსაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეეხო ვაშინგტონში: ენერგეტიკული უსაფრთხოება. მან გააკრიტიკა “როსუკრენერგო”, შვეიცარიაში დაფუძნებული გაზის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ბუნებრივი აირის იმპორტზე თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგა იუწყება, ტიმოშენკოს კრიტიკა “როსუკრენერგოს” მისამართით მძაფრი იყო და მოიცავდა ვარაუდს, რომ ამ კომპანიას სურს სრული კონტროლის დამყარება უკრაინის ენერგეტიკულ ბაზარზე.

შესაძლოა, ამ ვარაუდს უკრაინის პრეზიდენტიც იზიარებდეს: როგორც ზემოთ უკვე ითქვა, იუშჩენკო და მისი პოლონელი კოლეგა მაისისთვის გეგმავენ სამიტს 5 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციის მისაღწევად.
XS
SM
MD
LG