Accessibility links

logo-print

რა განაპირობებს ხშირ ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში?


საქართველოს საკანონმდებლო ცხოვრებაში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ცვლილებებისა და დამატებების ხშირი შეტანა მოქმედ კანონებში,

რომლებიც სამეწარმეო ურთიერთობებს არეგულირებს. ამგვარი ტრადიცია მნიშვნელოვნად ართულებს ბიზნესის წარმოებას და უამრავ პრობლემას უქმნის მეწარმეებს. პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო განხორციელებულ ცვლილებაში კიდევ ახალი ცვლილების შეტანას ცდილობს ხოლმე. რამდენიმე ასეთ მცდელობას ადგილი ჰქონდა 9 მარტს საქართველოს პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლო ბაჟისა და მეწარმეთა კანონის ცვლილებები განიხილეს. რამ განაპირობა ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა?

[ისმის კამათის ხმა] ”...ესე იგი თქვენ უნდა შეზღუდოთ...”

ასეთი კამათით ცდილობდა ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე უმრავლესობის წარმომადგენლების დარწმუნებას იმაში, რომ დაბალგანაკვეთიანი სასამართლო ბაჟი უფრო კარგია, ვიდრე ამჟამად მოქმედი მაღალი ტარიფები.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ეს არის სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონი. მიგვაჩნია, რომ მაღალია. სულ რაღაც 6 თვის წინ უმრავლესობამ შეიტანა ცვლილება - არაუმეტეს 5 ათასისა, შეიცვალა - არაუმეტეს 50 ათასისა. ამით შეიზღუდა ადამიანის უფლებები, რომ მას ჰქონდეს თავისუფალი მიწვდომა სასამართლოსთან... აქედან გამომდინარე, გვინდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს და ისევ 5 ათასი იყოს მაქსიმალური ოდენობა.”(სტილი დაცულია)

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, მიუხედავად ცხარე კამათისა, ზურაბ ტყემალაძის კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი კანონით, სხვადასხვა სამეწარმეო დავების გადაწყვეტისას სასამართლო ბაჟი 50 ათას ლარს შეადგენს, რისი გადახდაც ხშირ შემთხვევაში უჭირს დაზარალებულ მხარეს. შესაბამისად, ის მოკლებულია სასამართლოში ჩივილის საშუალებას. ეს აისახა კიდეც ბოლოდროინდელ სტატისტიკაზე. უზენაეს სასამართლოში იკლო სამეწარმეო დავების რაოდენობამ, ხოლო, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, შემცირდა სასამართლოს ბაჟიდან შემოსული თანხების ოდენობა.

შეიცვლება თუ არა ეს რეალობა, დამოკიდებულია საქართველოს პარლამენტზე, რომელმაც 6 თვის წინ მიღებულ ცვლილებაში ახალი ცვლილება უნდა შეიტანოს.

მეორე საკითხი, რომელიც ასევე მეწარმეთა საქმიანობის შემაფერხებელი საკანონონმდებლო ნორმის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ეხება კომპანიის დაფუძნებისას საჭირო საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის წესს.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”დღევანდელ კანონში წერია ასეთი რამ, რომ თითოეული პირის შენატანი უნდა იყოს 10-ის ჯერადი. პრაქტიკამ დაგვანახვა, რომ ეს ცუდ ფორმებს იღებდა. პირებს არ შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რომ ერთის არის 87 პროცენტი, ხოლო მეორეს 13 პროცენტი ეკუთვნის. ეს არის ალოგიკური შეზღუდვა და ჩვენ ამ შეზღუდვას ვხსნით.”(სტილი დაცულია)

ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი. მას იმედი აქვს, რომ ცვლილებების პროექტის მიღების შემდეგ მეწარმეებს საქმიანობის დაწყება შეუმსუბუქდებათ და საქართველოს საგარეო ეკონომიკური რეიტინგიც გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG