Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 686-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 686-ე გამოშვებას. მასში გავიხსენებთ 1956 წლის 9 მარტის ტრაგიკულ მოვლენებს; გესაუბრებით ორ წიგნზე, რომელთა პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა მოსკოვში; ვიმსჯელებთ ე.წ. "ზაფხულის დროზე" და იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ზამთარ-ზაფხულ საათის ისრების წინ და უკან გადაწევა; დაბოლოს შემოგთავაზებთ მასალას დიდ კოლუმბიელ მწერალზე გაბრიელ გარსია მარკესზე, რომელსაც 6 მარტს 80 წელი შეუსრულდა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

შეუსწავლელი 1956 წლის 9 მარტი

დავით კაკაბაძე:
9 მარტს 51 წელი შესრულდა 1956 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ნახევარი საუკუნის წინ მაშინდელი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ "პიროვნების კულტის" წინააღმდეგ გალაშქრებას საქართველოში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, რაც ხალხმრავალ მანიფესტაციაში გადაიზარდა. საბჭოთა ჯარებმა მაშინ ცეცხლი გაუხსნეს თბილისში შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს, თუმცა ზუსტად დღემდე არავინ იცის ამ მოვლენების დროს დაღუპულთა, დაჭრილთა თუ გადასახლებულთა ზუსტი რიცხვი. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის დღემდე შეუსწავლელობაში ექსპერტთა ნაწილი საზოგადოებისა და ხელისუფლების საყოველთაო ინდიფერენტულობას ასახელებს. ზოგიც აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ შეინიშნება საკუთარი ქვეყნის წარსულის მეტ-ნაკლებად ღრმა ცოდნის, მისი ხელახლა შეფასების სურვილი. ამ სპეციალისტთაგან ერთ-ერთს ალექსანდრე ელისაშვილი ესაუბრა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
სულ ახლახან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდს - police.ge - დაუმატა საარქივო განყოფილება, სადაც წარმოდგენილია უშიშროების უწყების არქივის მასალების ნაწილი. ამ განყოფილების პირველსავე გვერდზე 9 მარტის მოვლენებსაც ეძღვნება ერთ-ერთი სტატია, თუმცა 9 მარტის მოვლენები რატომღაც 1956 წლის 25 მარტის მოვლენებადაა მოხსენიებული. სიტყვასიტყვით კი ამ თემის სათაური ასე იკითხება: "სისხლიანი ფურცლები, 1956 წლის 25 მარტი". ამის მიუხედავად, სტატიაში საუბარი სწორედ 9 მარტს, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზეა:

"9 მარტს, უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემებით, პირველი შეტევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა 22 კაცი, შემდეგ მიემატა კიდევ 5, დაიჭრა რამდენიმე ათეული. 1956 წლის სისხლიანი დღეების განმავლობაში სულ დაპატიმრებულ იქნა 375 კაცი, დახოცილთა და დაზარალებულთა რიცხვი დღემდე უცნობია" - ვკითულობთ შინაგან სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. სამინისტროს მსგავსად, მარტის დღეების მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და მსხვერპლის ზუსტი რიცხვი გამოკვლეული არც ქართველ ისტორიკოსებს აქვთ:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "საზოგადოებაც არის ინდიფერენტული, გარკვეული პატარა ჯგუფების გარდა. ამ ჯგუფებს კი ძალა არ შესწევთ, რომ ეს საკითხები გამოიკვლიონ, რადგან ამას რაღაც საზოგადოებრივი ინტერესი სჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ 9 მარტთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი იქნა მოკლული, რამდენი ადამიანი გადაასახლეს."

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი უახლესი წარსულისადმი ინდიფერენტულობა, სამწუხაროდ თანამედროვე ქართული საზოგადოების დამახასიათებელ თვისებად იქცა. "ფაქტების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის ნაცვლად ჩვენ მითოლოგიზებული და ზედაპირული ინფორმაციით ვკმაყოფილდებით. ამ ყველაფერის შედეგად კი შეუძლებელია სერიოზული დისკუსიის დაწყება" - ამბობს ლაშა ბაქრაძე:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ისე, როგორც 9 მარტი, საერთოდ, შესასწავლი არის მთელი საბჭოთა პერიოდი, გამოსაქვეყნებელი არის დოკუმენტები, რომ არ იყოს ზედაპირული, ანეკდოტის დონეზე ზღაპრების მოყოლა, არამედ იყოს მართლაც სერიოზული დისკუსია საზოგადოებაში, თუ რა მოხდა, რას წარმოადგენდა ეს საბჭოთა კავშირი, რომლის გავლენასაც ვერავინ უარყოფს დღემდე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე."

ლაშა ბაქრაძე ფიქრობს, რომ წარსულის შეუსწავლელად შეუძლებელია თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარიც კი. "თუ საზოგადოებამ არ გაათვითცნობიერა კომუნისტური რეჟიმის 70-წლიან პერიოდში საკუთარი ქმედებების არსი, ისე შეუძლებელია სამომავლოდ ჯანსაღი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სწორედ ამ იდეას და არა შურისძიებას უნდა ემსახურებოდეს ლუსტრაციაც, რომელიც, ისტორიკოსის აზრით, დემოკრატიული საზოგადოების აშენებაში და არა ყოფილი უშიშროების აგენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაში უნდა დაგვეხმაროს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "არსებობს ასეთი გერმანული სიტყვა, რომელსაც ყველა არ იზიარებს, მაგრამ მაინც საინტერესო სიტყვა არის თავისთავად - "წარსულის დაძლევა". ის, რაც მოხდა, ვიცოდეთ, რომ არ უნდა განმეორდეს. ეს ერთი. და მეორეც - შევისწავლოთ, თუ როგორი იყო ადამიანის ქცევის სტრუქტურა საბჭოთა პერიოდში. რატომ იყო საბჭოთა ძალაუფლება ასეთი ძლიერი წლების განმავლობაში და ათწლეულების განმავლობაში? იმიტომ, რომ მას ეთანხმებოდა ხალხი."

თუმცა, ფაქტია, რომ საბჭოთა უშიშროების აგენტურის ლუსტრაციის იდეა დღემდე განუხორციელებელი, მიუღწეველი და თითქმის მითიურია, ხოლო 1956 წლის 9 მარტის მოვლენები კი მიზეზთა გამო - ჯეროვნად შეუსწავლელი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობის პერიოდში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი სახლის შენობაზე გაიკრა მემორიალური დაფა, რომცლზეც წერია, რომ ამ შენობასთან 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი ქართველი დემონსტრანტები დახვრიტეს. მშრალ ხიდთან მდებარე ბაღში კი - იქ, სადაც ერთ დროს იოსებ სტალინის ძეგლი იდგა და სადაც 51 წლის წინ ვნებათაღელვის ეპიცენტრი იყო - უკვე 15 წელია, დევს მარმარილოს ფილა, რომელზეც თანდათან სულ უფრო ძნელად ამოიკითხავთ, რომ აქ 9 მარტის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი უნდა აღიმართოს. მემორიალის რა მოგახსენოთ და ეს ფილა ახლა ძველმანებით მოვაჭრეთა ალყაშია მოქცეული.

მართლმადიდებლური ენციკლოპედიის საქართველოსადმი მიძღვნილი ტომის პრეზენტაცია მოსკოვში

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის მიწვევით დაესწრო მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მეცამეტე ტომის პრეზენტაციას - ეს ტომი საქართველოს ეძღვნება. მოსკოვშივე გაიმართა პრეზენტაცია ტრილოგიისა სახელწოდებით: "ნათელი ქრისტესი - საქართველო"; უფრო სწორად, შედგა ამ გამოცემის მეორე ტომის პრეზენტაცია. აქვე გეტყვით, რომ ტრილოგიის გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალები, რუსეთის გამომცემლობამ დააფინანსა. უფრო მეტს ამ ორი ახალი გამოცემის შესახებ მეტს თამარ ჩიქოვანისგან შეიტყობთ.

თამარ ჩიქოვანი:
თავდაპირველად, ორი სიტყვით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსკოვში ვიზიტის შესახებ - მას საქართველოში უკვე უწოდეს ისტორიული, თუნდაც იმის გამო, რომ შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ უწმინდესი, თავის მხლებლებთან ერთად, პირველი გახლდათ, ვინც პირდაპირი რეისით ჩავიდა მოსკოვში. და მეორე - ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ურთიერთობის ფონზე, საქართველოს პატრიარქმა თავისებური სამშვიდობო მისია შეასრულა.

ასე აფასებენ საქართველოს პატრიარქის ვიზიტს ის ადამიანები, ვინც უწმინდესს მოსკოვში ახლდა და თავად იხილა, როგორი პატივისცემით მიიღეს იგი. რაც შეეხება ვიზიტის საბაბს - მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მეცამეტე ტომზე ქართველი და რუსი მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ილია მეორემ განაცხადა, ამ გამოცემის მომზადებისას ისტორიისადმი სხვადასხვა მიდგომასა და პოლიტიკურ დინებებთან დაკავშირებული სირთულეები არსებობდა. საქართველოში მართლმადიდებლური ენციკლოპედიის წარმომადგენლობის კოორდინატორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ერეკლე ჟორდანია, ამ განცხადებას რომ განმარტავს, ისტორიისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომის საილუსტრაციოდ, ამავე გამოცემის მეორე ტომს ასახელებს, რომელიც სომხეთის ეკლესიას ეძღვნება და რომელშიც მთელი რიგი ქართული ეკლესიები სომხურად არის მოხსენიებული. პოლიტიკასთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე კი ერეკლე ჟორდანია ამბობს:

[ერეკლე ჟორდანიას ხმა] "რაც შეეხება პოლიტიკურ შეუთავსებლობას, რაზეც თქვენ ბრძანეთ, ესეც, ხშირ შემთხვევაში, ეხება რუსეთის 200 წლიან ბატონობის პერიოდს საქართველოში, ასევე ეკლესიის როლსა და ადგილს ამ პროცესში. მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ რუსეთის ეკლესია თავად რუსეთის სახელმწიფოსგან, განურჩევლად ამა თუ იმ პერიოდისგან, განიცდიდა ძალიან დიდ პრესს და, ხშირ შემთხვევაში, იგი გამოდიოდა როგორც გარკვეული იარაღი ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად."

[ჟურნალისტის ხმა] "ანუ ენციკლოპედიაში წერია, რომ ქართულ ენაზე წირვა აკრძალული იყო და ხდებოდა ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება?"

[ერეკლე ჟორდანიას ხმა] "ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა საქართველოში დასაბამისად დღემდე, არის ასახული. ასახულია, როგორც ისტორიული ფაქტი. მისი ანალიზი არ არის გაკეთებული." (სტილი დაცულია)

მართლმადიდებლური ენციკლოპედიის მეცამეტე ტომის გარკვეული რაოდენობა საქართველოში გაიყიდება, ტრილოგია "ნათელი ქრისტესი - საქართველოსგან" განსხვავებით. ტრილოგიის ავტორისა და რედაქტორის, პროფესორ ნესტან კირთაძის თქმით, ტირაჟი დიდი არ არის - ათასი ცალი. აქედან 200 უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. მათ კი, ვისაც წიგნის შეძენა სურს, ნესტან კირთაძე ასეთ რჩევას აძლევს:

[ნესტან კირთაძის ხმა] "გამომცემლობამ გახსნა საიტი - აქ არის გამოფენილი წიგნი მთელი თავისი დიდებულებით. აქ არის ინფორმაცია, რომ წიგნი არის რარიტეტული და სერტიფიცირებული, რომ წიგნი უკვე აჩუქეს რუსეთის, ამერიკის პრეზიდენტებს, ევროპის სახელმწიფოების პირველ პირებს, გაგზავნილია წმინდა ათონის მთაზე და ა.შ. და მითითებულია, რასაკვირველია, ღირებულება, ანუ დაინტერესებული ადამიანები მიმართავენ გამომცემლობას და არა რომელიმე ჩვენგანს საქართველოში." (სტილი დაცულია)

აქვე გეტყვით, რომ წიგნის ფასი - თუ შეძენას გადაწყვეტთ - დაახლოებით ორი ათას ხუთას დოლარს აღწევს.

"ზაფხულის დრო" - პლუსები და მინუსები

დავით კაკაბაძე:
"ამიერიდან ქართულ საათებზე მუდამ ზაფხული იქნება" - ამ შინაარსისა და მსუბუქი სარკაზმის შემცველი იყო გამოხმაურება, რომელიც საინფორმაციო საშუალებებში 2005 წელს მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ზამთრის დროის შემოღებაზე. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება "საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ" ხელმოწერილ იქნა 2005 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, 30 ოქტომბერს საქართველოს - მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით - საათის ისრები ერთი საათით უკან არ გადაუწევია. ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ნათია თურნავამ ისიც აღნიშნა, საქართველო აღარ აპირებს დროის შეცვლას ზაფხულსა და ზამთარშიო. ასეც მოხდა: საათის ისრების მოძრაობის თვალსაზრისით, საქართველო შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა. რაიმე ცვლილება არც ახლაა მოსალოდნელი: 25 მარტს, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, საათის ისრებს წინ გადასწევენ - ანუ ზაფხულის დროზე გადავლენ. შეერთებული შტატები კი ამჯერად კიდევ უფრო ადრე, 11 მარტს აპირებს ზაფხულის დროის შემოღებას. მარიამ ჭიაურელი, ვიდრე ისევ საქართველოს დავუბრუნდებოდეთ, ჯერ სწორედ შტატებზე შეაჩერებს თქვენს ყურადღებას.

მარიამ ჭიაურელი:
აშშ-ში ზაფხულის დროს მრავლისმეტყველი სახელწოდება აქვს: “დღის სინათლის დაზოგვის დრო”. მართლაც, ეჭვი არ არის, რომ დღის სინათლე უფრო ეფექტიანად გამოიყენება - საათის ისრის ერთი საათით წინ გადატანის გამო, დილას ერთი საათით უფრო ადრე გიწევს ადგომა და, ბუნებრივია, იყენებ სინათლეს, რომელსაც ზაფხულში ადრე ამოსული მზე ასხივებს. სხვა საქმეა ენერგო-ეფექტურობის საკითხი. მაგრამ მასზე მოგვიანებით.

შეერთებულ შტატებში წელს უჩვეულოდ ადრე, 11 მარტს აპირებენ ზაფხულის დროის შემოღებას. 30 წელიწადზე მეტია, ასე ადრე არ გადაუწევიათ საათის ისრები დღის სინათლის დასაზოგად. წლევანდელ ზომას ითვალისწინებს 2005 წელს მიღებული დოკუმენტი: ენერგეტიკული პოლიტიკის აქტი, რომლის მიზანიც აშშ-ში ენერგიის დაზოგვაა.

[ტომ ო'ბრაიანის ხმა] “დღის სინათლის დაზოგვის დროის” შემოღების მიზანია მცდელობა, რაც შეიძლება უკეთ დავამთხვიოთ ერთმანეთს დრო, რომელიც ადამიანების უმრავლესობისთვის ჩვეული სამუშაო დროა და როცა სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს - და დღის სინათლის პერიოდი,” განმარტავს ტომ ო'ბრაიანი, აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი.

აშშ-ის მაგალითი კი საგულისხმოა თუნდაც იმის გამო, რომ ზაფხულის დროის შემოღების იდეას იქ უკვე სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს! ისევ ტომ ო'ბრაიანს მოვუსმინოთ: [ტომ ო'ბრაიანის ხმა] “შეერთებულ შტატებში ამ წინადადებით ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოვიდნენ. თვით ბენჯამენ ფრანკლინი, მე-18 საუკუნის დიდი ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ზაფხულის დროის შემოღებას მიემხრო. მაგრამ ეს იდეა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როცა იდეისთვის დრო ჯერ არ მომწიფებულა, მაშინ არ მიიღეს. მოგვიანებით ის რამდენჯერმე წამოიჭრა, მაგრამ ამაოდ. პირველად ზაფხულის დრო შეერთებულ შტატებში 1916-1917 წლებში შემოიღეს, რაც უკავშირდებოდა მსოფლიო ომის დროს ენერგიის დაზოგვის სურვილს.”

ანუ, ამერიკელი ექსპერტის განმარტებით, ზაფხულის დროის შემოღების მთავარი არგუმენტი ენერგოეფექტურობა გახდა. არადა, დღეს სწორედ ენერგოეფექტურობა ითვლება სადავო საკითხად.

მიზეზად საქართველოს ხელისუფლების 2005 წლის გადაწყვეტილებისა, უარი ეთქვა ზამთრის, ანუ ბუნებრივი დროს დაბრუნებაზე, ენერგიის დაზოგვის სურვილი დასახელდა. გამოდის, ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ზაფხულის დროს ნახევარწლიანი პერიოდით ამკვიდრებენ, რომ ენერგია დაზოგონ, ხოლო საქართველოში - სამუდამოდ დამკვიდრდა ზაფხულის დრო იმავე მიზნით, რომ ენერგია დაიზოგოს...

არ გეგონოთ, ეს განსხვავებული მიდგომა რაიმენაირად უჩვეულო იყოს - ზაფხულის დროის შემოღების დღიდან მოყოლებული, პრაქტიკულად არ შემწყდარა დისკუსია მის ხანგრძლივობასა თუ მიზანშეწონილობაზე.

გერმანიაში, სადაც ზაფხულის დრო, ისევე როგორც ამერიკაში, 1916 წელს შემოიღეს, შემდეგ დიდი ხნით, 30-მდე წლით გააუქმეს, ვიდრე ისევ აღადგენდნენ 80-იან წლებში, გარემოს დაცვის ფედერალური უწყების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულის დროის შემოღების შედეგად მართალია საღამოს ელექტროგანათებაში იზოგება ფული, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი ფული იხარჯება - დილაობით ბინების გათბობაში, განსაკუთრებით მარტის ბოლოს და ოქტომბერში, როცა შედარებით ცივა. მთლიანობაში - ზაფხულის დროის შედეგად, ენერგიის მოხმარება, არათუ არ კლებულობს, იზრდება კიდეც!

ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ამერიკელმა ექსპერტმა, ტომ ობრიანმა დაადასტურა, რომ ზაფხულის დროსთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობა დღემდე რჩება სადავო საკითხად: [ტომ ო'ბრაიანის ხმა] “მართალი ბრძანდებით, რომ საკამათო საკითხია, მართლაც იზოგება თუ არა ენერგია “დღის სინათლის დაზოგვის გახანგრძლივებულ პერიოდში”. სინათლის დაზოგვის დროის გახანგრძლივებას ითვალისწინებს 2005 წელს მიღებული ენერგეტიკული პოლტიკის აქტი. ამ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ზაფხულის გახანგრძლივებული დროის შემოღებიდან 9 თვეში კონგრესს უნდა ჩააბაროს ანგარიში იმის შესახებ, დაიზოგა თუ არა მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია (...) ამგვარად, ამ კანონის მიღებაში ჩადებულია იდეა, რომ ენერგიის დაზოგვა მოსალოდნელია, მაგრამ აღიარებულია, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ საკითხთან და არ არის მთლად ნათელი, მოჰყვება თუ არა (წლევანდელ ზომას) ენერგიის დაზოგვა”.

წლევანდელი ზომა, რომელზეც ტომ ო'ბრაიანის განმარტება მოისმინეთ, როგორც უკვე ითქვა, ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში ზაფხულის დროის უჩვეულოდ ადრე, 11 მარტს შემოღებას. მაგრამ ზაფხულის დროს დაწესებას ხომ არა მარტო ეკონომიკური ასპექტი აქვს - მას, ასე ვქთვათ, ადამიანის ფაქტორიც უკავშირდება. როგორ მოქმედებს, თუ საერთოდ მოქმედებს, საათის ისრების გადაწევ-გადმოწევა თითოეულ ჩვენგანზე? ამის გასარკვევად დავურეკეთ ქართველ ნევროპათოლოგს, პროფესორ მარინა ჯანელიძეს.

[მარინა ჯანელიძის ხმა] “საზოგადოდ, ადამიანს გააჩნია საკუთარი ბიოლოგიური რიტმი, ე.წ. ცირკადული რიტმი, რომელიც არეგულირებს მის ადაპტაციას დღის და ღამის ციკლში. საერთოდ დღე-ღამის ციკლი ეს არის ბუნების ერთ-ერთი უმთავრესი ციკლი. ზამთარ-ზაფხულის ციკლი - ცხოველებს ეს ციკლი კიდევ უფრო კარგადა აქვთ გამოხატული. მაგალითად, დათვი ზამთარში იძინებს, მაგრამ ეს ციკლი, ცირკადული რიტმი ჩვენს ორგანიზმში, ყველა ორგანიზმში არსებობს. ეს არის ადამიანის შინაგანი ბიოლოგიური საათი. ამ საათში ძალიან უხეში ჩარევა, რასაკვირველია, ადაპტაციის მექანიზმს არღვევს. ეხლა, მე არა მგონია, რომ ერთი საათი დროის გადაწევა ასეთი პრინციპული მნიშვნელობის იყოს ორგანიზმის ცირკადულ რიტმთან მიმართებაში, მაგრამ, რასაკვირველია, უფრო მეტი დრო უფრო უარყოფითად უნდა აისახოს, ზოგადად, ორგანიზამის ადაპტაციურ უნარზე.”

ესეც რომ არ იყოს, საქართველოში ისრების გადაწევ-გადმოწევა პროფესორ მარინა ჯანელიძეს მაინც არ მიაჩნია აქტუალურ საკითხად და აი, რატომ: [მარინა ჯანელიძის ხმა] “იმდენად გვიან იწყებს საქართველო ცხოვრებას - თუ არ ჩავთვლით, ვთქვათ, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს, ჩვენი დაწესებულებები იმდენად გვიან იწყებენ ცხოვრებას, რომ ეს ეროვპულთან სრულიად შეუსაბამოა (...) თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ ხშირად არის, რომ სამსახურში ძალიან გვიანობამდე ხალხი, ასე ვთქვათ, ყოვნდება. აი, 7-ზე, 8-ზე, 9-ზე სამსახურში ხალხი შეიძლება კიდევ იყოს, მაგრამ დილას ადრე აქტიური ცხოვრების დაწყება (მიღებული არ არის) - “ადრეთი” ვგულისხმობ 8 საათს, ვთქვათ 8:30-ზე ჩვენთან ცხოვრება არ იწყება”.

ცხოვრება, მუშაობა უფრო გვიან იწყება, ადამიანების უმრავლესობა მიჩვეულია ამ რიტმს და მისით, როგორც ირკვევა, საკმაოდ კმაყოფილიცაა - განსხვავებით ამ რამდენიმე წლის წინანდელი ვითარებისაგან, როცა ერთმა ყოფილმა პარლამენტარმა, საქართველოში დროისადმი დამოკიდებულების გამო პროტესტის ნიშნად, პირი აიკრა...

მაგრამ დავუბრუნდეთ დღევანდელობას. აი, რა პასუხები მივიღეთ თბილისის ქუჩებში შეკითხვაზე, ემხრობით თუ არა საათის ისრების გადაწევას:

[სტუდენტი გოგონას ხმა] “არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის არანაირი. რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს?”
[ქალის ხმა] “და მე მგონი, უნდა დავტოვოთ. ჩემს აზრს თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა, დავტოვოთ! ესე ვართ თითქოს მიჩვეულები, ბიორიტმის ფაქტორიცაა. ადრე გაღვიძება ბავშვებისთვის ... ჩემთვის პირადად არა, მაგრამ ბავშვები რომ სკოლაში უნდა წავიდნენ, ცოტა ადრე უწევთ უფრო ადგომა, ტემპში ჩაცმა.”
[მამაკაცის ხმა] “როგორც არის, ასე ჯობია”
[ხანდაზმული მამაკაცის ხმა] “არა, დარჩეს ჯობია, შეჩვეული ვართ რა...”

როგორც ხედავთ, გამვლელები ნამდვილად არ არიან უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლების უარით ზაფხულის და ზამთრის დროის მონაცვლეობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოქმედებდა საქართველოს ტერიტორიაზე და 2005 წელს გაუქმდა - საბოლოოდ, როგორც მაშინ ითქვა. ამასთან, საქართველო, შესაძლოა ევროკავშირის წევრებისაგან, ან თავისი უშუალო მეზობლებისაგან - თუნდაც რუსეთისგან და სომხეთისგან - განსხვავდებოდეს ნახევარწლიან ზაფხულის დროზე უარის თქმით, მაგრამ მსოფლიოში გამონაკლისი ნამდვილად არ არის. არც ბრაზილიაში, პარაგვაიში, ჩინეთში, აზიის კიდევ ბევრ ქვეყანაში და აფრიკის თითქმის მთელს კონტინენტზე, ავსტრალიის შტატების ნაწილშია მიღებული საათის ისრების გადაწევ-გადმოწევა - უმეტესწილად ლაპარაკია ქვეყნებზე, რომლებიც ეკვადორთან ახლოს მდებარეობენ, ან, ზოგადად, თბილი, მზიანი ამინდებით არიან განებივრებული.

ზაფხულის დროისადმი ეს, განსხვავებული დამოკიდებულება, რასაკვირეულია ართულებს გლობალურ კოორდინაციას თუნდაც საჰაერო მიმოსვლაში, მაგრამ როცა პასუხისმგებელი უწყებები სწორი ინფორმაციით არიან აღჭურვილი, კოორდინაცია რთული არ არის - 24 სასაათო სარტყლის გამო ისედაც აუცილებელია.

[ტომ ო'ბრაიანის ხმა] “მართლაც შესაძლოა, მომგებიანი იყოს, რომ ყველა ქვეყანამ სცადოს შეთანხმება დროის ათვლასა და კალენდრის სისტემაზე, მაგრამ ამას უარყოფითი მხარეებიც ექნებოდა. ქვეყნებს აქვთ თავიანთი კულტურით და ადგილობრივი ეკონომიკით განპირობებული მიზეზები, როცა დღის სინათლის დაზოგვის გარკვეულ სისტემას ირჩევენ და საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე, სხვადასხვა პირობებში მყოფი ქვეყნების შეთანხმება რაღაცაზე, რაც ყველასთვის მისაღები იქნებოდა”.

საერთო დროზე შეთანხმება არა მარტო რთული იქნებოდა, არამედ, როგორც ჩანს, ზედმეტიც - ყოველ შემთხვევაში, საქართველოში არ აპირებენ რაიმეს შეცვლას 25 მარტს, როცა ევროპის ქვეყნები ზაფხულის დროზე გადავლენ. საქართველოში, 2005 წლის ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად - ზამთარ-ზაფხულ - საათებზე ზაფხულის დრო სუფევს.

მარინა
გაბრიელ გარსია მარკესს 80 წელი შეუსრულდა
სამშაბათს, 6 მარტს, ნობელის პრემიის ლაურეატს, კოლუმბიელ მწერალსა და პუბლიცისტს, გაბრიელ გარსია მარკესს 80 წელი შეუსრულდა. უცნაური დამთხვევით, წლევანდელი წელი მრავალმხრივ არის საიუბილეო მის შემოქმედებასა და ცხოვრებაში. 60 წლის წინათ, 1947 წელს, მარკესის პირველი მოთხრობა დაიბეჭდა. 40 წლის წინათ კი - 1967 წელს - გამოქვეყნდა "მარტოობის ასი წელი", რომანი, რომელმაც მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 2007 წელი ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში მარკესის წლად გამოცხადდა. კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში გაიხსნა მარკესის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ტელე- და კინოფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ამ თვის ბოლოს კი გაიმართება ესპანური ენის მეოთხე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც მთლიანად მარკესის შემოქმედებას მიეძღვნება. როდის და როგორ გაიცნო მწერალი საქართველომ და რას ნიშნავს ქართველი მკითხველისათვისგაბრიელ გარსია მარკესი? ამის შესახებ მარინა ვაშაყმაძე ისაუბრებს.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG