Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ერაყში თავის სამხედრო კონტინგენტს 2000 კაცამდე გაზრდის


“ამ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით, ჩვენ იმედი გვაქვს, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიც ვართ”,

უთხრა ასოშიეიტედ პრესს საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით სიხარულიძემ მას მერე, რაც მისმა უწყებამ გაავრცელა ცნობა ერაყში საქართველოს ჯარის 2000 კაცამდე გაზრდის შესახებ. ამ ნაბიჯის შემდეგ, ერაყის ოპერაციაში ჩართულ ქვეყნებს შორის, იქ განთავსებული კონტინგენტის რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილზე იქნება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ქართველებმა ყველას უნდა დაანახვონ, რომ რთულ სიტუაციაში ჩვენ არ ვიხევთ უკან. რთულ სიტუაციაში ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი პრინციპები ბოლომდე შევინარჩუნოთ. ამას ვამბობ, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში საუბარი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა ჩვენ მზად ვართ ორი ათასამდე გავზარდოთ ჩვენი ყოფნა ბაღდადში, დავეხმაროთ იმაში, რომ ბაღდადში დამყარდეს წესრიგი. და ეს დაახლოებით უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში.” (სტილი დაცულია)

ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტოკიოში. მანამდე ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ, სააკაშვილზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა ერაყში ჯარის 2000 კაცამდე გაზრდის შესახებ. საელჩოს თანახმად, თითქმის გაორმაგება კონტინგენტისა სიგნალია ალიანსის მისამართით, რომელშიც გაწევრიანებას ესწრაფვის საქართველო. ახლა სამხედროთა ერაყში მივლინების თაობაზე, ამავე ინფორმაციით, ამერიკელ და ერაყელ პარტნიორებთან მიდის კონსულტაციები.

შალვა ფიჩხაძემ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა “საქართველო ნატოში”, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ამგვარი ნაბიჯით საქართველოს სურს სტრატეგიული მოკავშირეობა დაუმტკიცოს შეერთებულ შტატებს, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მთავარი ხელშემწყობია:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] “ვუმტკიცებთ, ჯერ ერთი, იმას, რომ მოკავშირე ვართ; მეორეც, რომ კარგი მოკავშირე ვართ და ნატოში თუ მიგვიღებენ, ნამდვილად ერთგული მოკავშირე ეყოლებათ აქ. ანუ ჩვენ შენი მოკავშირე ვიქნებით, დაგეხმარებით, რითიც შეგვიძლია, შენ კი დაგვეხმარე იმით, რომ ნატოში შევიდეთ. და შეიძლება ამით კომპენსირება ხდება იმისა, რასაც არ ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით.” (სტილი დაცულია)

საქართველოს სამხედრო ნაწილის ერაყში გაზრდა იმ პერიოდში ხდება, როცა ერაყში აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ, ბრიტანეთმა, ერაყიდან თავდაპირველად 1600-მდე სამხედროს გაყვანის შემდეგ, კიდევ თავისი 7100 კაციანი ნაწილის შემცირების შესახებ გამოაცხადა. ამ დროს ერაყს საერთოდ ტოვებს დანიის 300 სამხედრო, ასევე - ლიტვის მცირე, 53 სამხედროსგან შემდგარი, რაზმი. თვით ნატოს მსხვილმა წევრმა ქვეყანამ, - ერაყის სამხედრო ოპერაციის მომხრეებზე გვაქვს ლაპარაკი, - იტალიამ, შარშან სექტემბერში გაიყვანა ჯარი ერაყიდან. მისი კონტინგენტის რიცხვი სერიოზული იყო, 3000-ს აღწევდა. ასევეა პოლონეთიც, რომლის ჯარი ერაყში თავიდან, 2003 წლისთვის, 2400 სამხედროს ითვლიდა, ახლა კი დარჩენილი 900-ის გაყვანასაც აპირებს. ახლა, როცა მისი სამხედრო დანაყოფის რიცხვი 2000-ს მიაღწევს, - არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით, საერთო მაჩვენებლითაც, - საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის დადგება. აშშ-სა და ბრიტანეთს რიცხვით ამჟამად სამხრეთი კორეა მოსდევს, რომელიც წლის განმავლობაში მესამედით შეამცირებს ჯარს. საქართველოს სამხედრო რესურსისა და აშშ-თან ერთი შეთანხმების შესახებ განმარტებას იძლევა ჩვენი რადიოს სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე:

[კობა ლიკლიკაძის ხმა] “ჯარისკაცები, რომლებიც გადიან მომზადებას ამერიკული პროგრამით, იწვრთნებიან ერთადერთი მიზნით, ერთადერთი დანიშნულებით, გაიარონ სამხედრო მივლინება ერაყში და დაეხმარონ კოალიციას იმ ამოცანების შესრულებაში, რაც ერაყის სტაბილურობის ოპერაციას სჭირდება. შესაბამისად, საქართველო, ამ სწავლების მიხედვით, ერთგვარად კისრულობდა ვალდებულებას, რომ ამერიკელებს დახმარებას აუნაზღაურებდა თუ დაუბრუნებდა ამგვარი სახით, ამ თავის კონტრიბუციით, ცოცხალი ძალა გაეგზავნა ერაყში.”

საქართველო, რომელიც ცდილობს, შეამციროს გოლიათი მეზობლის გავლენა, ავღანეთში ნატოს მეთაურობით მიმდინარე ოპერაციაში ჩართვასაც აპირებს, თუმცა ნაკლები რაოდენობით - ამ შემთხვევაში 100-კაციან ნაწილზეა ლაპარაკი. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა იაპონიაში განაცხადა, ავღანეთში, შესაძლოა, 200 ქართველი ჯარისკაცი გაემგზავროს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG