Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე გაამართლა


8 მარტს პრაღის მეექვსე რაიონულმა

სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქის, ჯიმი დაბრუნდაშვილისა და ზურაბ ლალიაშვილის, საქმე განიხილა. ორივე პირს ბრალად ედებოდა (ეს მათ დაუსწრებლად სასამართლომ ადრე გადაწყვიტა) ეროვნული სიძულვილის გაღვივება და სხვა ერის უფლებების შეზღუდვის მცდელობა. ეს ქმედება, საქმის თანახმად, მათ ჩაიდინეს რუსეთის საელჩოსთან ჩეხეთის ქართველთა სათვისტომოს მიერ მოწყობილი სანქცირებული დემონსტრაციის დროს. დაუსწრებლადვე, დეკემბერში, სასამართლომ ჯიმი დაბრუნდაშვილს მიუსაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ერთი წლით პირობითი სასჯელით შეიცვალა, და ზურაბ ლალიაშვილს - სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეიცვალა ერთ წლით პირობითი სასჯელით. თავდაპირველი გასამართლება მოხდა ჩეხეთში მოქმედი “მხოლოდ მოსამართლის” მიერ განსჯის წესით.

ხუთშაბათს, საქმის განხილვის შემდეგ, მოსამართლემ, როცა უკვე ბრალდებულებსა და მათ ადვოკატს მოუსმინა და ნახა დემონსტრაციის ამსახველი ვიდეოკადრები, გამოაცხადა, რომ დაბრუნდაშვილი და ლალიაშვილი არ არიან დამნაშავენი და მათი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულებრივ აქტს.

[ხმა სასამართლო დარბაზიდან]

აი, ასე - ტაშით - შეხვდა პეტრუშკა შუსტროვა, ცნობილი ჩეხი პუბლიცისტი, უფლებადამცავი, კომუნისტური რეჟიმის დროს პატიმრობაში მყოფი, ჩეხოსლოვაკიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ლეგენდარული პეტიციის - “ქარტია 77-ის” - ერთ-ერთი ხელისმომწერი, განაჩენის გამოცხადებისას ცნობას, რომ საქართველოს ეს მოქალაქეები არ არიან დამნაშავენი. ამ ტაშის გამო შუსტროვას დარბაზი დაატოვებინეს, მაგრამ ამას, ალბათ, მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ჩემს შეკითხვაზე, რა იყო თავდაპირველი განაჩენი – კანონის მიმართ კონფრონტაცია (მე აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვგულისხმობდი) თუ უბრალო შეცდომა, ცნობილმა პუბლიცისტმა მითხრა:

[პეტრუშკა შუსტროვას ხმა] "პროკურორი ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენელია და რასაც ამბობს, ჩანს, შესაძლებელია კანონის ძალით. მაგრამ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პროტესტი პოლიტიკური წარმომადგენლებისა და არა ხალხის მიმართ პროტესტია."

გავრცელებას ცნობისა, რომ რუსეთის საელჩოსთან დემონსტრაციის დროს ქმედების გამო, მართალია, პირობით, მაგრამ მაინც პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეებს, გამოხმაურება მოჰყვა ჩეხეთის საზოგადოებაში.

ჩეხმა სენატორმა იარომირ შტეტინამ, ჩეხეთის ჰელსინკის კავშირმა, ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ პეტრუშკა შუსტროვამ სასამართლოს გადაწყვეტილებას "აბსურდული" უწოდეს და ის უვიცობის გამოხატულებად და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად შეაფასეს. სასამართლოზე მოვიდა სენატორი შტეტინა, რომელმაც გვითხრა:

[იარომირ შტეტინას ხმა] "ჩეხეთში მცხოვრებმა ამ ორმა პირმა რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ქმედების გამო თავისი პროტესტი გამოხატა და ეს საკუთარი აზრის გამოხატვაა. ჩეხეთში რომ ასეთი რამისთვის ასამართლებენ, სამარცხვინოა - ამით ჩვენ წარსულში ვბრუნდებით."

საქმე განიხილებოდა პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ 12 ადამიანის ადგილი იყო. ეს მცირე დარბაზი ვერ დაიტევდა ყველა მოსულს, რომელთა შორის იყვნენ ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, მათ შორის - ელჩი და კონსული, ასევე სხვა უფლებადამცავები, საკმაო რაოდენობის ჩეხი ჟურნალისტი. საქმის განხილვამდე სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ ხალხს ეჭირა ტრანსპარანტები, რომელთაგან ერთ-ერთზე ეწერა: “კანონიერი მოთხოვნა თუ დანაშაული?”.

სასამართლოზე მთავარი თემა იყო პლაკატი, რომელიც განსასჯელ ლალიაშვილს სჭერია ხელში დემონსტრაციისას. ამ პლაკატზე კარიკატურულად ყოფილა გამოსახული რუსეთის ჯარისკაცი, რომლის სამკლაურზეც ნაცისტური სვასტიკა მოჩანდა. მას ჩექმიანი ფეხი ედგა, სიმბოლურად, საქართველოს მიწაზე, ზემოთ კი იყო წარწერა ჩეხურ ენაზე: "რუსეთის დუმა: მკვდარი ქართველი, კარგი ქართველი." ჯიმი დაბრუნდაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ მათი პროტესტის ობიექტი იყო რუსეთის ფედერაციაში ეთნიკური ქართველებისადმი მოპყრობა, რაც მას ებრაელთა მიმართ ნაცისტების დამოკიდებულებას აგონებს. მან სასამართლოს წარუდგინა ჩეხეთის სენატის პოზიციაც, რომლის თანახმად, დაგმობილ იქნა რუსეთში ქართველთა მიმართ ქმედებები. სასამართლოზე უჩვენეს ფირი, რომელიც, ჩანს, ჩეხეთის პოლიციის მიერ იყო გადაღებული და, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ოპერატიულ მასალას.

სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა. ითქვა, რომ აზრის გამოხატვა არ არის დანაშაული. პროკურორს აქვს უფლება ამ ეტაპზე, თუკი სურს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. მომავალში გამოჩნდება, რა ნაბიჯს გადადგამს სახელმწიფო ბრალმდებელი. პროცესის შემდეგ კომენტარი ვთხოვე ბრალდებულების ადვოკატს, პაველ ბობიკს.

[პაველ ბობიკის ხმა] "პროკურორს შეუძლია, უკან წაიღოს თავისი პროტესტი - მე არ მესმის, რას ეყრდნობა ის. როგორც ნახეთ, მოსამართლემ თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება შეცვალა და მე მგონია, რომ დანაშაულთან არა გვაქვს საქმე. არც იყო, არც არის შესაძლებელი, ეს დანაშაული იყოს."

მე მოსამართლე გაბრიელა ჰიუტლოვასაც ვთხოვე კომენტარი. მან მითხრა, რომ რისი თქმაც შეეძლო, განაჩენში გამოხატა, სხვა საკითხებზე კი პრესმდივანს უნდა მიმართოთო.

ახლა მოუსმინეთ ზურაბ ლალიაშვილს, რომელიც ჩეხეთში სწავლობს, სტუდენტია და რომელიც პროტესტის გამოსახატავად რუსეთის საელჩოსთან მივიდა. მას, როგორც გვითხრა, ჩეხეთის მართლმსაჯულებაში თავიდან ეჭვიც კი შეეპარა, მაგრამ ახლა სხვაგვარად ფიქრობს:

[ზურაბ ლალიაშვილის ხმა] “ამ სასამართლოთი, შემიძლია ვთქვა, უკვე დავრწმუნდი, რომ აქ შეუძლიათ ხალხს მოუსმინონ და სამართალმა, ასე ვთქვათ, ქართულად, პური ჭამოს. ანუ ჩემი სიმართლე, შეიძლება ითქვას, ამ სასამართლოზე დამტკიცდა.” (სტილი დაცულია)

როცა შარშან დეკემბერში ბრალდებულებმა სასამართლოს პირველი განაჩენის შესახებ შეტყობინება მიიღეს, გაისმა სკეპტიკური ხმები და შეკითხვები: იყო თუ არა სანქცირებული მიტინგი, ხომ არის სვასტიკის გამოქვეყნება აკრძალული, ხომ არ იყო, მართლაც, რუსი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებები. დღეს უკვე, გამართლების შემდეგ, ჯიმი დაბრუნდაშვილმა შეკითხვაზე, რა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა, ასე მიპასუხა:

[ჯიმი დაბრუნდაშვილის ხმა] “იმავე მოსამართლემ, რომელმაც გაგვამტყუნა, ახლა გაგვამართლა; გადამწყვეტი იყო, ალბათ, ის, რომ არ მიაქციეს ამ შემთხვევას დიდი ყურადღება, რაც მიმაჩნია შეცდომად და ის, რომ ჩეხეთის საზოგადოების დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა ეს საქმე, ამანაც გავლენა იქონია და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ჩვენ აქ მოვიტანეთ ის დამამტკიცებელი საბუთები, რამაც დაარწმუნა მოსამართლე, რომ ჩვენ მართლები ვართ.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG