Accessibility links

სემუელ ბარბერი


ძნელად წარმოსადგენია,

რომ სიკვდილის წინ სემუელ ბარბერს განვლილი ცხოვრება კმაყოფილებით გაეხსენებინა. თუმცა, ვინ იცის...

ოპერა “ანტონიუსი და კლეოპატრას” სცენიური მარცხის შემდეგ კომპოზიტორი თითქმის არ ეკარებოდა მუსიკას. ბარბერის ნაწარმოებებს არ უკრავდნენ, მისი სახელი კი დავიწყებას მიეცა. უნდა ითქვას, რომ თანამედროვეების სიყვარულით სემუელი არასოდეს ყოფილა განებივრებული. შესაძლოა, იმის გამო, რომ, ხმამაღალი მანიფესტების გარეშე, გამუდმებით ცდილობდა ძველმოდური ხერხები უჩვეულო დისონანსებსა და ანგარმონიზმებთან შეეერთებინა. ალბათ, ამიტომაც მას “ნეორომანტიკოსის” იარლიყი მიაკერეს. მთელი ცხოვრების მანძილზე ბარბერი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას წერდა – კონცერტებს, სიმფონიებს, ოპერებს, ბალეტებს. და აი, სიცოცხლის ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს წყალში ჩაიყარა. ბარბერმა არ შექმნა საკუთარი საკომპოზიტორო სკოლა, მისი მელოდიები დავიწყებას მიეცა. და მიუხედავად ყველაფრისა, მან დაგვიტოვა ცხრაწუთიანი ნაწარმოები, რომელიც ათასწლეულის საუკეთესო ოცეულში შევიდა. შეერთებულ შტატებში “ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის” კომპაქტდისკებზე სარეკორდო რაოდენობით ხელახლა გამოიცა. ამ მელოდიას იქ ყველა იცნობს, თუმცა ხშირად კომპოზიტორის გვარი არ ახსოვთ. “ადაჟიოს” ყოველთვის უკრავენ ამერიკელი პრეზიდენტების დაკრძალვაზე...

ეს ნაწარმოები 1936 წელს სიმებიანი კვარტეტის მეორე ნაწილის სახით დაიწერა და მყისვე, დანარჩენი ნაწილებისგან დამოუკიდებლად, ჭეშმარიტად ტრიუმფული საკონცერტო ცხოვრება დაიწყო. “ადაჟიო” ბარბერმა მრავალჯერ გადაწერა. ის სულაც არ ცდილობდა გაეუმჯობესებინა ნაწარმოები – უბრალოდ, სურვილი ჰქონდა მუსიკის სამყაროში მისთვის ღირსეული ნიშა მოეძებნა. პიესა, შესაბამისად, სექსტეტის, ოქტეტის, სიმფონიური სურათის, ქორალის ფორმას იძენდა. არსებობს ვარიანტი ისეთი ინსტრუმენტისთვისაც, როგორიც ორღანია. “ადაჟიოს” კიდევ ერთი საინტერესო თვისება ახასიათებს: ის იმ მცირერიცხოვან ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა შესრულების, ანუ ჟღერადობის, დრო თითქმის ნებისმიერ გაგრძელებას ექვემდებარება. საავტორო ტემპში ის 8 წუთს ჟღერს, მაგრამ არსებობს აგრეთვე 11, 12, 13-წუთიანი შესრულების მაგალითებიც.

[მუსიკალური ჩანართი. “ადაჟიოს” ასრულებს სიმებიანი ორკესტრი]

სემუელ ბარბერი ზუსტად ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის წინათ, 1910 წლის 9 მარტს, აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ უესტ-ჩესტერში დაიბადა. მუსიკის სწავლა 6 წლის ასაკში დაიწყო და სწავლის დაწყებისთანავე კომპოზიტორული ნიჭი გამოავლინა. ცამეტი წლის ჭაბუკი ფილადელფიის კერტისის მუსიკალურ ინსტიტუტში შევიდა, სადაც ცხრა წლის მანძილზე ფორტეპიანოს, სიმღერას და კომპოზიციას სწავლობდა. პარალელურად ის მაესტრო ფრიც რაინერის ხელმძღვანელობით დირიჟორობას ეუფლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბარბერი შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. 1945 წლის აპრილში სემუელი გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის საპატიო წევრად აირჩიეს. 1947-48 წლების ზაფხულის სეზონების დროს ის რომის ამერიკული აკადემიის მუსიკალურ კონსულტანტად მუშაობდა. სხვათა შორის, ათი წლით ადრე სწორედ რომში დაიწერა ბარბერის პირველი სიმფონია, რომელიც იქვე მოლინარის დირიჟორობით შესრულდა, შემდეგ კი ზალცბურგის ფესტივალზე გაჟღერდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარბერის სხვადასხვა ნაწარმოებებს გამოჩენილი მუსიკოსები - ჰოროვიცი, კუსევიცკი, ორმანდი - ასრულებდნენ, მთავარ ქმნილებად მაინც “ადაჟიო” რჩებოდა.

[მუსიკალური ჩანართი. “ადაჟიოს” უკრავს ორღანისტი]

თავისი ცხოვრების მანძილზე ბარბერმა უამრავი პრემია დაიმსახურა. მათ შორის აღსანიშნავია ორი, უაღრესად პრესტიჟული, პულიცერის პრემია. კომპოზიტორის მუსიკალური ნიჭის ექსპრესიული ხასიათი, ძირითადად, რომანტიკული, ლირიკული ბუნების იყო. სწორედ ამის გამო მე-20 საუკუნეში შექმნილი არც ერთი მუსიკალური სისტემა – ატონალიზმი, სტრავინსკის ნეოკლასიციზმი, შენბერგის დოდეკაფონია - მას არ იზიდავდა. ბარბერის შემოქმედება, ალბათ, კიდევ დიდი ხნის მანძილზე კრიტიკოსების კვლევის საგანი იქნება. უბრალო მსმენელისთვის კი მისი “ადაჟიო” სამუდამოდ დარჩა მუსიკის შედევრად.

[მუსიკალური ჩანართი. “ადაჟიოს” ასრულებს სიმებიანი კვარტეტი]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG