Accessibility links

logo-print

რუსეთში მცხოვრები ერთი კაცი ასო ”ё”-ს გადასარჩენ კამპანიას მარტო აწარმოებს


ეს ასო - ”ё”- ერთი შეხედვით, რუსული ენის განუყოფელი ნაწილია. სხვა თუ არაფერი, ახალი ისტორიის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის გვარი - ხრუშჩოვი და გორბაჩოვი - ამ ასოს გამოყენებით იწერება.



თუმცა ბოლო დროს ეს ასო წერილობით ენაში, დიდწილად, ამოვარდა ხმარებიდან. გაზეთების რედაქტორები თუ დოკუმენტების ავტორები ხშირად თავს აღარ იწუხებენ ასო ”e"-ს თავზე ორი პატარა წერტილის დასმით. ამ ტენდენციას მედგრად ებრძვის ერთი კაცი, პენსიაში გასული ინჟინერი და მწერალი, ვიქტორ ჩუმაკოვი:

[ჩუმაკოვი კითხულობს ტექსტს]

მოსკოვის ჩრდილოეთ უბანში მდებარე თავის პატარა ბინაში ვიქტორ ჩუმაკოვს ასო ”ё”- სთვის საპატიო კუთხე აქვს მოწყობილი. აქ აწყვია ”ჟიგულიოვსკოეს” მარკის ლუდის ბოთლები, მენიუ სანკტ-პეტერბურგში მოქმედი რესტორნიდან, სახელად ”იოკსელ-მოკსელი”, და ”ტიომას” ფირმის მიერ გამოშვებული რძის ბოთლის იარლიყი.

პენსიაში გასვლის შემდეგ რუსული ალფაბეტის მეშვიდე ასო ”ё”-ს გადარჩენა ჩუმაკოვმა ცხოვრების მიზნად დაისახა:

[ჩუმაკოვის ხმა] ”მე ჩვენს დამწერლობაში ასო ”ё”-ს აღსადგენად ვმუშაობ აბსოლუტურად ყველა გაზეთში, ჟურნალსა თუ წიგნში. ამის დრო ახლა დადგა. ამ მიზნის განხორციელებაში წინ აღარაფერი გვეღობება.”

ხშირად და ფართოდ მოღიმარი ჩუმაკოვის თანახმად, რომელიც, სხვათა შორის, ოჯახში უკვე დიდი პაპის სტატუსს ატარებს, ეს ასო, ”ё”, რუსულ ალფაბეტში გვიან, 1795 წელს, დამკვიდრდა. მას შემდეგ რუსეთში ბავშვებმა ძალიან პატარა ასაკიდანვე იცოდნენ, რა განსხვავება იყო, მაგალითად, შემდეგ სიტყვებს შორის - ”небо", ანუ ცა, და "нёбо”, იგივე სასა; ან "солитер", დიდი ბრილიანტი, და "солитёр", ბრტყელი ჭია.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტალინმა, არაოფიციალური ბრძანებით, ასო ”ё”-ს ხმარება სავალდებულოდ აქცია:

[ჩუმაკოვის ხმა] ”ომი იყო და ყველაფერში სიზუსტის დაცვა გახდა აუცილებელი. მაგალითად, თუ საქმე გქონდათ დასახლებულ პუნქტთან, რომელსაც ”ბერიოზოვო” ერქვა, მაშინ ეს ”ბერიოზოვო” იყო, ხოლო ”ბერეზოვო” სულ სხვა ადგილს ერქვა. თუ, ვთქვათ, გენერალი ოგნევი გჭირდებოდათ, მაშინ სწორედ გენერალი ოგნევი უნდა გეთქვათ. იყო სხვა გენერალიც,ოგნიოვი, რომელიც სულ სხვა პიროვნებას წარმოადგენდა. ამდენად, ეს ასო - ”ё” - რიგ შემთხვევაში მნიშვნელობათა შორის ერთგვარი განმასხვავებლის ფუნქციას ასრულებდა.”

მაგრამ სტალინის სიკვდილის შემდეგ ასო ”ё”, დიდწილად, ამოვარდა ხმარებიდან - ნაწილობრივ, იმ მიზეზით, რომ სტამბები ძველ აპარატურას იყენებდნენ და ორი წერტილის დაუსმელობით ფულის დაზოგვა სურდათ. დღეს კი სხვაგვარი ვითარებაა - წამყვანი გამომცემლობები კომპიუტერებით მუშაობენ, რაც ასო ”ё”-ს გამოყენებას ღილაკზე ხელის დაჭერით ხდის შესაძლებელს.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა გამომცემლობამ თუ შეიწუხა თავი ასო ”ё”-ს აღდგენით. გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” ენობრივი რედაქტორი სვეტლანა ლიუბოშეტსი ამბობს, რომ ორი პატარა წერტილის დასმა არაფერს ცვლის - ყველამ ისედაც კარგად იცის ასოებს შორის სხვაობა:

[ლიუბოშეტსის ხმა] ”თუკი რუსული ენა კარგად იციან, ”ელკას” არავინ იტყვის - წაიკითხავენ როგორც ”იოლკას”. არავინ წაიკითხავს ”იეჟიკს” - იტყვიან ”იოჟიკს”. მიხვდებიან, რომ საუბარი ზღარბზეა, იოჟიკზე”.

ასო ”ё”-ს თანდათანობითი გაქრობის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს მისი კავშირი უწმაწურ რუსულთან - ეგრეთ წოდებულ ”მატთან”. რუსულ ენაში ასო ”ё”-თი ძალიან ცოტა სიტყვა იწყება და ასეთი სიტყვების უმრავლესობა ცალსახად განეკუთვნება, ასე ვთქვათ, უცენზურო სიტყვების ჯგუფს.

მაგრამ, ვიქტორ ჩუმაკოვი აცხადებს, რომ მას ასო ”ё”-ს რეპუტაცია არ აშინებს. ამ ასოს ისტორიის შესახებ მან უკვე სამი წიგნი დაწერა - გარდა ამისა, შეადგინა ლექსიკონი სიტყვებისა, რომლებიც ”ё”-ს შეიცავენ. დღესდღეობით ასეთი 12,500 სიტყვა და 2,500 გვარი მოიპოვება. ამასთან, ჩუმაკოვის ლექსიკონში არც ერთი გინება არ არის შეტანილი. ჩუმაკოვი ასო ”ё”-ს მდიდარ და ემოციურ ასოდ მიიჩნევს და ამ მოსაზრებას სხვებიც იზიარებენ:

[ჩუმაკოვის ხმა] ”თავის რომანში ”სხვა ნაპირები” ვლადიმირ ნაბოკოვმა რუსული ალფაბეტის ასოებს სხვადასხვა შეფერილობა მისცა. ასო ”ё”-ს ნარინჯისფერი მიანიჭა. ეს ძალიან კარგი შეფარდებაა. მაგალითად, შეძახილი - ”ёлки-палки" - ამაში რაღაც ნარინჯისფერი, მართლაც, არის. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?”

სხვა მნიშვნელობებთან ერთად, გამოთქმა ”Ёлки-Палки” მოსკოვში პოპულარული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის სახელია. ეს რესტორნები იმ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენენ, როდესაც ასო ”ё” აბრაზე წერია.

ვიქტორ ჩუმაკოვი გაზეთების რედაქტორებს კვირაში ათეულობით წერილს უგზავნის და, ზოგიერთ შემთხვევაში, მისმა მიზანსწრაფულობამ, მართლაც, მოიტანა შედეგი. ”სოვეტსკაია გაზეტამ”, ”ლიტერატურნაია გაზეტამ” და “არგუმენტი ი ფაქტიმ” ასო ”ё” უკვე დააბრუნეს თავიანთ ტექსტებში.

ორ ქალაქში - ულიანოვსკსა და პერმში - ასო ”ё”-ს პატივსაცემად ძეგლებიც კი დადგეს. იმ პირებმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სიტყვებს წერენ, პრეზიდენტის საშობაო მიმართვაში, სადაც საჭიროება მოითხოვდა, ყველგან დასვეს ორი პატარა წერტილი ასო "е"-ს თავზე მას შემდეგ, რაც მათ ვიქტორ ჩუმაკოვი დაუკავშირდა.

ჩუმაკოვმა საკუთარი თავის სახელად ახალი სიტყვაც კი მოიგონა - ”იოფიკატორი”, ანუ ასო ”ё”-ს დამცველი.

[ჩუმაკოვი კითხულობს ტექსტს]

ვიქტორ ჩუმაკოვი თავის ბინაში ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას კითხულობს, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ასო ”ё”-ს გამოყენება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ჩუმაკოვი ძალიან უკმაყოფილოა - დაღონებული ამბობს, რომ ასე დაუდევრად თავის ალფაბეტს არც ერთი სხვა ქვეყანა არ მოექცეოდა. ამიტომაც იგი აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს გამომცემლებსა და პოლიტიკოსებთან წერილების გზავნას - მანამ, სანამ კუთვნილი ორი პატარა წერტილი ყველა ”ё”-ს არ დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG