Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფერენცია და დეკლარაცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი შაბათს სასტუმრო ”შერატონ-მეტეხი პალასი” ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ ერთდღიან კონფერენციას მასპინძლობდა.

”საქართველო რიგის სამიტის შემდეგ” - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ნატოს საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაცია ”უსაფრთხოების სწავლების ცენტრი” იყვნენ. კონფერენციაში ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაც მონაწილეობდა. პარალელურად ქართულმა სახელისუფლებო და ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა მოამზადეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია, რომლის ხელმოწერაც მომავალი კვირის დასაწყისშია დაგეგმილი.

”შერატონ-მეტეხი პალასში” კონფერენციამ სულ რაღაც ერთ საათს გასტანა. ძირითადი მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ედგარ რინკევიჩი იყვნენ. გამომსვლელთა მოხსენება, ძირითადად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგის სამიტიდან მომდევნო სამიტამდე საქართველოს მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებს შეეხებოდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა ქვეყნის, ლატვიის, გამოცდილება, ვინაიდან ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, ყველაზე მეტად სწორედ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებს ესმით და ამ პრობლემათა მოგვარებისათვის ეფექტური რჩევის მოცემაც სწორედ მათ შეუძლიათ. ასე ფიქრობს დღევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია:

[ბათუ ქუთელიას ხმა] “ლატვია არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და აქვს ძალზედ დიდი გამოცდილება სწორედ ნატოში ინტეგრაციის პროცესის. კონკრეტულად რაც შეეხება საკითხებს, პირველ რიგში, უმთავრესი განხილვის საგანი იყო რიგის სამიტი და მისი შედეგები, ანუ რა პრიორიტეტები აქვს ნატოს. “ (სტილი დაცულია)

ედგარ რინკევიჩის ხელმძღვანელობით, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სამკაციანი დელეგაცია, თბილისში გამართული კონფერენციის შემდეგ, გუდაურში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის საკითხების განხილვას. გუდაურში გამგზავრებამდე კი, პარასკევს, პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმეს. ორგვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხმად ემხრობა ნატოში საქართველოს ინტეგრაციას:

[დავით გამყრელიძის ხმა] “თითოეულ წინადადებაზე მიმდინარეობდა მუშაობა. ...ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ ხელმოწერით შემოერთება იმ მთავარ განაცხადთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ ნატოში. “(სტილი დაცულია)

”მემარჯვენეთა” ლიდერის დავით გამყრელიძის მსგავსად, პარასკევს გამართული კონსტრუქციული თანამშრომლობით კმაყოფილებას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც გამოთქვამდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]”მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ, მართლაც, საპარლამენტო ფრაქციებისა და პარტიების უმრავლესობას, გვაქვს ერთიანი და ძალიან სწორი ხედვა საქართველოს მომავალ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან დაკავშირებით, ერთიანი ხედვა. იმასთან დაკავშირებით, რომ, მართლაც, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს არა მარტო სტაბილურობას, არამედ ნიშნავს ქვეყნის შემდგომ პროგრესულ დემოკრატიულ განვითარებას.” (სტილი დაცულია)

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები ხელს, სავარაუდოდ, ორშაბათს მოაწერენ. მათზე ხელმოწერის საშუალება არასაპარლამენტო პარტიებსაც ექნებათ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია კი თბილისიდან 13 მარტს გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG