Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გიორგი ისაკაძე დღიურებს ამჯერად საქართველოს ბიზნესმენთა

ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე წერდა.

4 მარტი, კვირა
დღევანდელმა კვირა დღემ ზედმეტად საქმიანად ჩაიარა. კაცმა რომ თქვას, ყოველთვის სხვადასხვა შეხვედრით გამოირჩევა, რასაც კვირის დარჩენილ დღეებში ვერ ვასწრებ. დილიდან ბიზნესმენთა ფედერაციიდან რამდენიმე წერილი გავაგზავნე ისრაელში ჩვენს პარტნიორებთან, რომლებსაც ძალიან უნდათ ინვესტირება საქართველოში. შემდეგ უკვე ჩავედი ჩვენს “მეორე” ოფისში. კომპანია “ქართული შაქარი”, ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წევრი, გარკვეული და საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რაც ჩემს ჩარევას საჭიროებს. რამდენიმე სერიოზული პროექტი მაქვს განხორციელებული ჩემს უახლოეს მეგობართან გოჩა ძასოხოვთან ერთად. ამიტომ, ყველა შემთხვევაში ამ მძიმე პერიოდსაც ერთად გავივლით და ღირსეულადაც. მოკლედ, რამდენიმესაათიანმა მსჯელობამ ადვოკატებთან ერთად შედეგად მოგვიტანა ის, რომ კომპანიას უდავოდ ჰმართებს ბიუჯეტის - ამ თემას გოჩა თავად ავითარებს, მაგრამ ის დარიცხვები, რასაც საგადასახადო სამსახურები ამტკიცებენ, ნამდვილად ზღვარგადასულია. მოკლედ, იურისტების მტკიცებით, პოზიციები არის და საკმაოდ სერიოზულიც. ვნახოთ... იმედია, ჩვენი გეგმა გაამართლებს. მთავარია, საქმე სასამართლომდე არ მივიდეს. აი, მერე მართლა აღარაფერს ექნება აზრი.
ფედერაციაში ჩემს მიერ დაგეგმილ კვირას დაემატა შეხვედრები ამ თემაზე. ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, რომელსაც შევუთანხმდი შეხვედრაზე ორშაბათს დილით. ასევე ვხვდები დიდი ხნის უნახავ ნიკა გვარამიას. სალაპარაკო მართლა ბევრი დაგვიგროვდა. ვესაუბრე პრემიერ-მინისტრსაც, სამშაბათს ან ოთხშაბათს შევიპირე აუდიენციაზე. მოკლედ, მაგარი კვირა მელის. მთავარია, ახლა ეს ყველაფერი დღიურშიც ავსახო. ნეტა, სხვა კვირა შემხვედროდა და არა ასეთი “გიჟური”. და ვინმე თვლის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება “დღიურში” მოხვდეს?! გამორიცხულია... წინასწარ ვიცი, რომ დამდეგი კვირის ბევრი დეტალი თუ შეხვედრა ვერ მოხვდება ამ ფურცლებზე...
საღამოს აუცილებელი ხდება, ვნახო “დროება”. დამირეკა მარიკა სპარსიაშვილმა და მითხრა, რომ ანონსებში ძალიან სკანდალური თემა ტრიალებს, რომელიც უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ერთ-ერთი პატიმრის ფარულ ჩანაწერს. ფიგურირებს ბადრის სახელიც. ანონსის ნახვისთანავე ვთქვი, რომ ძალიან “აქტიური” და მძაფრი კვირა გველის. ამ საკითხს ემატება უმნიშვნელოვანესი თემა: ნაპოვნია პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტი გროზნოში და დაწყებულია პროცესი - რაღა თქმა უნდა, ცხარე დისკუსიასთან ერთად! - ექსპერტიზის და მისი გადმოსვენებისა საქართველოში. ძალიან დიდი დავა იქნება პრეზიდენტის საბოლოო განსასვენებლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

5 მარტი, ორშაბათი
მთელი საქართველო “დროების” გუშინდელ სიუჟეტზე საუბრობს. ჩემთვის ეს თემა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს ბადრი პატარკაციშვილი, როგორც სავარაუდო ობიექტი, ვის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოსანი ისურვებდა, ჰქონოდა კომპრომატები.
ძალიან მაინტერესებს, რისთვის ხდება ეს ყველაფერი. ახლა აზრი არა აქვს რაიმეს დაწერას. წავედი ფინანსთა სამინისტროში.
კმაყოფილი ვარ ლექსო ალექსიშვილთან შეხვედრით. ამომწურავი პასუხები მივიღე ყველა საკითხზე, რაც მაინტერესებდა. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში მოვაწყობთ შეხვედრას ბიზნესმენებთან შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ “ქართული შაქრის” პრობლემებზეც. შევეხეთ ზურა ანთელიძის საკითხსაც.
საღამოსთვის კვლავ ანონსებიდან ვიგებ, რომ გვიან ღამით “ღია ეთერში” იქნება ბადრი პატარკაციშვილის პირდაპირი ჩართვა. საკმაოდ საინტერესო გამოსვლას ველი. მახსენდება მისი ბოლო გამოსვლა ფედერაციაში. მოკლედ, ველოდები გამოსვლას. ანონსების კვირაა, რა!
ძალიან გაწონასწორებული და გულწრფელი გამოსვლა მოვისმინე “ტელეიმედის” ეთერით. ბადრიმ თითქმის ყველა კითხვას გასცა პასუხი, თუმცა ბუნდოვანია პასუხი მთავარ კითხვაზე: წავა თუ არა ის პოლიტიკაში? მიუხედავად იმისა, რომ მან აბსოლუტურად გასაგებად მიანიშნა, თუ პოლიტიკაში რა შემთხვევაში წავა, საბოლოო გადაწყვეტილება არა გარემოებებზე, არამედ პირადად მასზეა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მას საბოლოო ჯამში აუცილებლად მოუწევს.

6 მარტი, სამშაბათი
კვლავ ბადრის თემა დომინირებს. თუმცა, სულ უფრო მეტი კითხვა მიჩნდება: ვის უფრო სურს, იხილოს ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკაში - ხელისუფლებას თუ სხვებს? საკმაოდ საინტერესოა, ეს სხვები ვინ არიან? იქნებ, უბრალო გულშემატკივრები, რომლებიც მართებულად მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში სერიოზულ მოთამაშეთა ნაკლებობაა?..
კიდევ რამდენიმე შეხვედრა მქონდა სხვადასხვა საკითხზე. შემეხმიანა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, დამინიშნეს შეხვედრა ხვალ 5 საათზე.
კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ აღარ მახსოვს... შევხვდი უცხოელ ბიზნესმენთა რამდენიმე ჯგუფს ბიზნესმენთა ფედერაციაში. შემდეგ კვლავ “ქართული შაქრის” პრობლემებზე გადავერთე.

7 მარტი, ოთხშაბათი
დილიდან რამდენიმე შეხვერა მქონდა ფედერაციის წევრებთან, ბიზნესმენებში იზრდება უკმაყოფილება მაკონტროლებელთა მიმართ. “იმედი” ავრცელებს ინფორმაციას, ბადრი პატარკაციშვილზე ძალოვანმა სტრუქტურებმა ძებნა გამოაცხადესო.
არ ვიცი, რა უნდა დავწერო ამაზე... ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებზე ნამდვილად არ ვარ მაღალი აზრის, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მათი მხრიდან წარმოუდგენელ უგუნურებად მიმაჩნია. ვარჩევ, დაველოდო ოფიციალურ კომენტარებს.
შუადღისას შევხვდი ნიკა გვარამიას, რომელთანაც სულ სხვა თემებზე მქონდა სასაუბრო, მაგრამ, ბუნებრივია, ამ თემასაც შევეხე. საკმაოდ კარგი ლანჩი გამოგვივიდა. შინაარსიანიც და შედეგიანიც, როგორც ყოველთვის. ფრანგულ სამზარეულოსაც ვერაფერს დაუწუნებ. საქართველოშიც კი!
შევიარე ოფისში და ტელევიზიით მოვისმინე კომენტარები პატარკაციშვილის თემაზე. ამასობაში, ტელეფონი არ გაჩერებულა. მხოლოდ მას შემდეგ იკლო ზარებმა, რაც ოფიციალურმა სტრუქტურებმა - მათ შორის, ძალოვანებმაც - დაადასტურეს, რომ ბადრიზე არანაირი ძებნა არ გამოცხადებულა. თუმცა, საკითხი კვლავ ძალიან აქტუალურად რჩება.
საღამოს 5 საათზე ვიყავი პრემიერ-მინისტრთან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს, დააფუძნოს საქართველოს მთავრობასთან არსებული ბიზნესსაბჭო, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. მე მგონია, რომ ამ ფორმატით საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის დიალოგის გაღრმავებას. შევეხეთ სხვა თემებსაც.

8 მარტი, ხუთშაბათი
დილიდან თანამშრომელ მანდილოსნებს მივულოცე დღევანდელი დღე. არც მახსოვდა, რომ დღესაც უქმე დღე იყო. შეიძლება 8 მარტს არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ შესამჩნევად ჭარბად არის უქმე დღეები ქართულ კალენდარში. მათი სიმრავლე გარკვეულ დისკომფორტს ქმნის... არც ძალიან გადაღლილი ვჩანვართ ქართველები საქმის კეთებით, წელიწადში 30 დღე (თუ მეტი არა) რომ არ დავისვენოთ.
შევხვდი “თიბისი ბანკის” დირექტორის მოადგილეს გიორგი ასლანიკაშვილს. შევთანხმდით სხვადასხვა საკითხზე, დავგეგმეთ მომავალ კვირაში ჩვენი ქარხნების დათვალიერება. სხვათა შორის, მე და გიორგი ერთად ვმუშაობდით “თიბისიში”, როცა ბანკში მაქსიმუმ 30 კაცი იყო დასაქმებული და მხოლოდ პირველ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამდით საბანკო სექტორში. დღეს “თიბისი” იუბილარია! ეს ჯგუფი წარმატებული ქართული ბიზნესის საუკეთესო მაგალითია. ვულოცავ ჩემს მეგობრებს!
შევიარე და დავხედე მშენებლობებს. თითქოს ნორმალურად მიდის ყველაფერი. ამინდი ხელს ნამდვილად არ გვიწყობს...
საღამოს ვნახე ჩემი მოძღვარი, სამების ტაძრის წინამძღვარი მამა ილია. შემდეგ შევუარე მეგობრებს რესტორანში. უკვე საკმაოდ გვიანია, თუმცა, კაკი რამიშვილმა შემჭამა, შემომიარეო. დამხვდა სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი, იგივე “ფესვები”. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. მაგრადაც ვიქეიფეთ სასწაული ჰანგების თანხლებით. სუფრას გია კობახიძე უძღვებოდა. გული დამწყდა, რომ თავიდანვე ვერ შევუერთდი.

9 მარტი, პარასკევი
დილიდან კვლავ ფედერაცია, მიმდინარე შეხვედრები თანამშრომლებთან, სხვადასხვა სტუმართან.
შემდეგ მთელი დღე გავატარე ბანკებთან და ადვოკატებთან შეხვედრებში, ვცდილობ, რომ რაც შეიძლება დროულად მოვამთავროთ პრობლემები “ქართულ შაქარში”...
საღამოს უნდა შევხვედროდი კაკი რამიშვილს და კახა ნუცუბიძეს, გადავდეთ შაბათისთვის.
საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებას ვიღებ ბიზნესთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, დღიურების გამოქვეყნებისთვის გარკვეული ცვლილებებიც მოხდეს ჩემს ირგვლივ. “ჩემს ირგვლივ” - ცუდად გამომივიდა. ჩვენზეა საუბარი – გუნდზე, რომელიც 7-8 წელიწადია, ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა სტრუქტურაში და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ შედეგებს.

10 მარტი, შაბათი
დღეს გადავავლე თვალი ჩემს დღიურებს...
და ეგრევე გამიჩნდა სურვილი, დროზე წავიდე “თავისუფლებაში” და ჩავწერო დღიურები.
ვაღიარებ, რომ ამ კვირაში ბევრი რამ მოხდა, თუმცა ამ ფორმატით გულწრფელობა ნამდვილად არ გამომდის...
თუ რამეა, ჩემი პოვნა არ არის რთული...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG