Accessibility links

logo-print

სოფო ხალვაში და ”ევროვიზია”


სიმღერის შერჩევა

”ევროვიზიის” კონკურსის მონაწილის სოფო ხალვაშისთვის იმ ადამიანს, რომელიც დიდად ვერ ერკვევა თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიუანსებში, შეიძლება გაუკვირდეს, თუკი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოწყობილ ამ კონცერტს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევთ. მაგრამ მასკულტურის ხლართებში გაბმულ ქართულ (და უნდა ვაღიაროთ, არამარტო ქართულ) საზოგადოებას მაინცდამაინც არ აკვირვებს, როგორი, პოპულარულ სიტყვას თუ გავიხსენებთ, ”პრომოუშენი” გაუკეთეს ამ კონცერტს თბილისში - ბოლო დროს ქართული სატელევიზიო არხები ხაზგასმით ერიდებიან ერთი და იმავე კულტურული მოვლენის გაშუქებას თავიანთი საინფორმაციო გადაცემების ბოლო, ეგრეთ წოდებულ, ”კულტურულ ბლოკებში” (კულტურას ჩვენს ტელეარხებზე უკვე ”ამინდიც” კი უსწრებს) - თუკი ერთ არხზე გავიდა, მაგალითად, სიუჟეტი საოპერო სპექტაკლის პრემიერაზე ანდა ახალ წიგნზე, ამ მოვლენის ამსხველ მასალას სხვა არხი, როგორც წესი, ეთერში აღარ უშვებს.

მაგრამ სოფო ხალვაში და ”ევროვიზია”, რომელშიც საქართველო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას, არც ოპერაა და არც წიგნი. ”ევროვიზია” - კონკურსია, ე.ი., გარკვეული თვალსაზრისით, სპორტი, რომელიც, ისევ და ისევ ჩვენი ტელემედიით თუ ვიმსჯელებთ, გაცილებით უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე კულტურა. ასეთი ”სპორტული ფორმა” ჰქონდა ამას წინათ მუსიკალურ კონკურსს ”ჯეოსტარი”, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო პროექტად ითვლება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ახალი ვარსკვლავის - სოფო ხალვაშის - შექმნის პროცესში დღეს ლამის ყველა ქართული ტელეარხია ჩართული.

სხვა საქმეა, რომ ”ევროვიზიას”, თავისი ასი მილიონი მაყურებლით, თავისი წესები აქვს; “ევროვიზიის” სამაუწყებლო კავშირში გაერთიანებულია საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია, ამიტომ სწორედ საზოგადოებრივ ტელევიზიას ეკუთვნის ექსკლუზივი სოფო ხალვაშზე და სწორედ საზოგადოებრივი ტელევიზიაა ორგანიზატორი ”სიმღერის არჩევის კონცერტისა”, რომელიც გასულ კვირას გაიმართა ფილარმონიაში. რატომ სოფო ხალვაში და არა სხვა? კითხულობდა ხალხი, ვისაც ახსოვს, რომ ”ევროვიზიის” კონკურსისთვის მომღერალი საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ ირჩევა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ასეთი გამოკითხვა შედგა - ”საზოგადოებრივმა” სატელეფონო გამოკითხვა მოაწყო. არ ვიცით, ვინ იყვნენ ხალვაშის კონკურენტები ან, საერთოდ, ჰყავდა კი მას კონკურენტი? ეს შეკითხვა ნაკლებად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში იმ სიმღერების კონკურსი გაიმართა, რომელიც სოფო ხალვაშმა საგანგებოდ შეისწავლა ”ევროვიზიის” ფინალისთვის.

მართალია, ერთი კითხვა აქაც დაიბადა: რატომ ირჩევენ სიმღერას მხოლოდ და მხოლოდ ”ჯეოსელის” აბონენტები, კონცერტის წამყვანების თქმით, ”სრულიად ჯეომოსახლეობა”? ”ევროვიზია” ხომ ”ჯეოსტარი” არ არის? ეტყობა, ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ სიმღერის შესარჩევი კონცერტი ”ჯეოსტარივით” რეიტინგული იქნებოდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი სანახაობით ”აიმაღლებდა” რეიტინგს...

არ გამოვიდა. ”ჯეოსტარის” კონკურსში ასი ათასამდე აბონენტმა მიიღო მონაწილეობა, აქ, საუკეთესო სიმღერის არჩევაში, - მხოლოდ და მხოლოდ 7 ათასმა. პუბლიკის პასიურობამ თვით საღამოს წამყვანებიც კი გააკვირვა:

[წამყვანები] ”სირცხვილი, ვინც არ დარეკეთ და დაამესიჯეთ. მგონი, ჯეოსელს გაცილებით მეტი აბონენტი ჰყავს... დრო გაქვთ, რომ თქვენი შელახული რეპუტაცია აღადგინოთ... მე არ ვიცი, რამდენად მუსიკალურები არიან ისინი...”(სტილი დაცულია)

ასეთი თვითკრიტიკა ნამდვილად მოულოდნელი და სახალისო იყო. საერთოდ, დუტა სხირტლაძე რომ არა, სიმღერის შესარჩევ კონცერტს შეიძლებოდა ის 7000 აბონენტიც არ გამოხმაურებოდა. წამყვანი ყველაფერს აკეთებდა, რომ რაღაცნაირად გაეცოცხლებინა სრულიად მონოტონური სანახაობა. დუტა სხირტლაძე სოფო ხალვაშის ბიოგრაფიასაც კი ორიგინალურად მოჰყვა.

[დუტა სხირტლაძის ხმა - ჰყვება სოფო ხალვაშის ბიოგრაფიას]

საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ გამართულ შიდა კონკურსზე სოფო ხალვაშისთვის ხუთი სიმღერა შეირჩა - ავტორები: მიხეილ მდინარაძე, ზურაბ მახნიაშვილი, ლილიკო ნემსაძე, ბექა ჯაფარიძე, ოთარ ტატიშვილი. კონცერტზე მოგვასმენინეს ხუთივე სიმღერა - ”შოუს” ელემენტებით: სოფო იცვლიდა კოსტიუმებს და მღეროდა ცეკვის თანხლებით - ე.ი. სოფო მღეროდა, ხოლო ყმაწვილი გოგო-ბიჭები ცეკვავდნენ, დაახლოებით იმ სტილში, დიდი ხნის წინ რომ ამკვიდრებდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტელევიზიის ეგრეთ წოდებული ბალეტი... კარელ გოტს რომ ”უფორმებდა” მუსიკალურ ნომრებს. ცეკვის ეს სტილი, პანტომიმისა და ქორეოგრაფიის ეს ნაზავი, კოსტიუმებშიც კი გამოიხატა. თუმცა ზოგიერთ მსმენელს, რომელიც სოფო ხალვაშის ნიჭს აფასებს და დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა მომღერლის მთელი ხიბლი მისი მოკრძალებულობა და უშუალობაა, აქ კიდევ ერთი კითხვა დაებადებოდა: რა შუაშია ყველაფერი ეს სოფო ხალვაშთან და თუნდაც იმ საღამოს შესრულებულ სიმღერებთან? ანდა, რატომ უნდა წარადგინოს სიმღერა კულტურის მინისტრმა (რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს საქართველოს მონაწილეობა ”ევროვიზიის” კონცერტებში)?

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”მართლაც, მნიშვნელოვანი დღეა დღეს, იმ სიმღერის შერჩევა, რომლითაც საქართველო წარდგება ‘ევროვიზიაზე’....”

ეს ”მნიშვნელოვანი დღე” იმით დასრულდა, რომ ”სრულიად ჯეომოსახლეობამ” საუკეთესო სიმღერად ცნო კომპანია ”სტეპ-რეკორდის” გენერალური პროდიუსერის ბექა ჯაფარიძის სიმღერა ”ჩემი ამბავი”, რომელიც უკვე ბიორკის სიმღერებს შეადარეს. ზოგმა ირონიით შეადარა, ზოგმაც - აღფრთოვანებით: არ ჯობია, ბიორკს მიბაძოს, ვიდრე, მაგალითად, რუსლანასო? არადა, გაგახსენებთ, რომ სწორედ უკრაინელი რუსლანაა ( და არა ბიორკი) ”ევროვიზიის” კონკურსის ერთ-ერთი ლაურეატი. ”მსუბუქ კიტჩს” ”ევროვიზიაზე” ყოველთვის აფასებდნენ; აფასებდნენ მომღერლებს, რომლებიც უფრო კივიან, ვიდრე მღერიან. ამიტომ სოფო ხალვაშის კრიტიკოსები, რომლებიც მომღერალს ურჩევენ ოდნავ ”დასწიოს” მოდულაცია, უმჯობესია, ალბათ, ჯერ ”ევროვიზიის” კონკურსის ისტორიას გაეცნონ.

[სიმღერა ”ჩემი ამბავი”]

”ევროვოზიის კონკურსში” წელს 40-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ”ნამდვილი ფანტაზია” - ასეთი დევიზით ჩატარდება კონკურსი. გამარჯვებული სიმღერა, რომელიც ხორუმით იწყება და თანამედროვე რიტმებში გადადის, ამ დევიზს ძალიან უხდება. დევიზი უხდება სოფო ხალვაშსაც. ასე მიიჩნევს ”სრულიად ჯეომოსახლეობა” და არამარტო ”ჯეოსელელები”. მაგრამ, კონკურსის პირობების მიხედვით, სოფო ხალვაშს საქართველოდან მხარდაჭერის უფლება არა აქვს. ფინალურ კონცერტზე, რომელიც 12 მაისს ფინეთში ჩატარდება, სოფოს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა - მათ შორის, ჩვენი რადიოს მსმენელებმა.
XS
SM
MD
LG