Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ერაყში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს


ამ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ერაყში თავისი სამხედრო კონტინგენტის რიცხობრივი შემადგენლობა 2000 კაცამდე გაზარდოს. იმ ფონზე, როდესაც ერაყის სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციას ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა ტოვებს, საქართველოს ლიდერის ეს გადაწყვეტილება ზოგისთვის, შესაძლოა, უცნაურად გამოიყურებოდეს. მაგრამ ექსპერტების აზრით, სააკაშვილის იდეა გათვლილია ვაშინგტონის გულის მოგებაზე, რამდენადაც საქართველოს ლიდერი ვაშინგტონისგან კიდევ უფრო ქმედით დახმარებას ელოდება როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში.

შარშან ივლისში, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი უცხოელი და შინაური ანალიტიკოსი განაცვიფრა. პატარა ქვეყნის ლიდერმა ჯორჯ ბუშს სთხოვა, ბოლომდე მიეყვანა ერაყში დაწყებული საქმე და თანაც დაჰპირდა, რომ საქართველოს სამხედრო ძალაც ოპერაციის ბოლომდე დარჩებოდა კოალიციაში. სააკაშვილი, როგორც ჩანს, სიტყვის გატეხვას არ აპირებს. ერაყში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხს იგი პარასკევს იაპონიაში ვიზიტისას შეეხო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ მზად ვართ, 2000-მდე გავზარდოთ ჩვენი ყოფნა ბაღდადში, დავეხმაროთ იმაში, რომ ბაღდადში დამყარდეს წესრიგი. და ეს დაახლოებით უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში." (სტილი დაცულია)

ეს წელი ერაყში მოქმედი კოალიციისათვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ 19 ქვეყანას, რომლებმაც ერაყიდან ჯარები მთლიანად ან ნაწილობრივ გაიყვანეს, მალე დიდი ბრიტანეთი, დანია და ლიტვაც შეუერთდებიან. ლიტვის კონტინგენტი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 53 სამხედროს ითვლის, ერაყის ტერიტორიას 2007 წლის აგვისტოში დატოვებს. აღსანიშნავია, რომ, შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ, ერაყში ყველაზე მეტი - 900-მდე სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს ჰყავს, რაც ხუთმილიონიანი ქვეყნისათვის მეტად მაღალი მაჩვენებელია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის – "საქართველო-ნატოში" – ხელმძღვანელმა შალვა ფიჩხაძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, ამ შთამბეჭდავი ციფრის კიდევ უფრო გაზრდით სააკაშვილს სურს, სტრატეგიული მოკავშირეობა დაუმტკიცოს შეერთებულ შტატებს, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მთავარი ლობისტია:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "ვუმტკიცებთ, ჯერ ერთი, იმას, რომ მოკავშირე ვართ, მეორეც, რომ კარგი მოკავშირე ვართ და ნატოში თუ მიგვიღებენ, ნამდვილად ერთგული მოკავშირე ეყოლებათ აქ. ანუ ჩვენ შენი მოკავშირე ვიქნებით და დაგეხმარებით, რითიც შეგვიძლია, შენ კი დაგვეხმარე იმითი, რომ ნატოში შევიდეთ. და შეიძლება ამითი კომპენსირება ხდება იმის, რასაც არ ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით.” (სტილი დაცულია)

პატარა საქართველოს მიერ საერთაშორისო კონფლიქტებში გაღებული ასეთი წვლილი ვაშინგტონში შეუმჩნეველი არ რჩება. ღირს აღინიშნოს, რომ ზუსტად ერთი თვის წინ ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელსაც მხარი რესპუბლიკელებმაც დაუჭირეს და დემოკრატებმაც, ალიანსში გაწევრიანების დასაჩქარებლად საქართველოსთვის, პირდაპირი დახმარების სახით, 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის კვალობაზე, საქართველოც სულ უფრო ცდილობს დაუმტკიცოს ალიანსის ხელმძღვანელობას, რომ იგი არა მხოლოდ სხვათა დახმარების მომხმარებელია, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი იმ სამშვიდობო ოპერაციებში, რომლებშიც ნატოს წევრი სახელმწიფოები - და, პირველ რიგში, შეერთებული შტატები - მონაწილეობენ. როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, კოსოვოსა და ერაყის გარდა, წელს ქართველი სამხედროების გაგზავნა იგეგმება ავღანეთშიც, სადაც სამხედრო ოპერაციას უშუალოდ ნატოს სარდლობა ხელმძღვანელობს:

[გიგა ბოკერია] "ჩვენ ვაპირებთ, რომ, ისევე როგორც ერაყში, ავღანეთშიც კონტრიბუცია - და თანაც სერიოზული - მოვახდინოთ. იმიტომ რომ, ეს, ჯერ ერთი, შედის ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში და, მეორე, ეს შედის ცივილიზებული კაცობრიობის ინტერესებში. ამიტომ საქართველო ყოველთვის დგას ცივილიზაციის გვერდზე, მით უმეტეს, როდესაც ის უპირისპირდება ველურობას." (სტილი დაცულია)

მაგრამ "ველურობის წინააღმდეგ" ბრძოლა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. 2004 წელს ექვსი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ერაყში იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა ქვეყანაში, რომ, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 1200-კაციანმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა ერაყის ტერიტორია 2005 წლის ბოლოს დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ყოფნის 4 წლის განმავლობაში ქართულ ქვედანაყოფს არც ერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს, ქართული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდის კვალობაზე, გაიზრდება მსხვერპლის ალბათობა, განაცხადა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში შალვა ფიჩხაძემ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა "საქართველო-ნატოში":

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, გასაგებია, რაც არის, ხო? ეს არის, ღმერთმა ნუ ქნას, მსხვერპლი, ყველაზე დიდი საფრთხე. სად 10 ათასი ადამიანი რომ გეყოლება და სად ათასი. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით დაჭრილებით შემოვიფარგლეთ, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. და ახლა, თუ მსხვერპლიც იქნება, ეს არ ივარგებს." (სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაიზარდოს სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ერაყში, სავარაუდოდ, უფრო მეტი წინააღმდეგობა არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ელოდება. გასულ კვირაში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სამხედრო ქვედანაყოფის "ცხელ წერტილებში" გაგზავნის თაობაზე. ერაყში ქართული მშვიდობისდამცველების რიცხვის გაზრდაზე ოპოზიციის რეაგირება მწვავე იყო წინა წლებშიც. ორი წლის წინ საქართველოში ხელმოწერებიც გროვდებოდა ერაყიდან ქართული კონტინგენტის გამოსაყვანად, მაგრამ ამ კომპანიამ არათუ მიზანს ვერ მიაღწია, არამედ ქართველი მშვიდობისდამცველების რაოდენობა ერაყში სულ მალე 300-დან 850-კაცამდე გაიზარდა. მყარი უმრავლესობა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ყველა ინიციატივის ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG