Accessibility links

ერაყთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია


ათ მარტს ბაღდადში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ერაყში ვითარების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები მომავალშიც გააგრძელონ. მაგრამ შეერთებულ შტატებს, ირანსა და სირიას შორის კვლავაც დიდია აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რა მიზნებს უნდა ისახვადეს ასეთი თანამშრომლობა.


ერაყის უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მან თავი მოუყარა შეერთებულ შტატებს, ირანსა და სირიას - სამ ქვეყანას, რომელთა ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება ერაყში.

[ხალილზოდის ხმა] "შეხვედრის ყურადღების ცენტრში იყო ის, თუ როგორ დავეხმაროთ ერაყს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან მომდინარეობს. ასევე მისი მიზანი იყო ერაყში ზავისთვის ხელის შეწყობა. აზრთა გაცვლა-გამოცვლა კარგად შედგა. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ერაყისა და მისი მეზობლების მონაწილეობით, რათა მოვაგვაროთ უშიშროების საკითხები, ნავთობისა და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ლტოლივლთა პრობლემა."

ეს გახლდათ შეერთებული შტატების ელჩი ბაღდადში, ზალმაი ხალილზოდი, რომელიც შეერთებული შტატების ტელევიზიით გამოვიდა 11 მარტს.

ელჩების დონეზე გამართული კონფერენციის მთავარ მიღწევად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომზადდეს შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა მინისტრების დონეზე.

სამომავლო კონფერენცია, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ასევე თავს მოუყრის შეერთებულ შტატებს, ირანს, სირიას, თურქეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებს და რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანასა და ორგანიზაციას.

კონფერენციაში ასევე შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დიდი რვიანის წევრებმაც, რათა პროცესს მეტი წონა მიენიჭოს.

ვაშინგტონის მსგავსად თეირანიც დადებითად აფასებს ამგვარ პრესპექტივას.

[ჰოსეინის ხმა] "ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ერაყს დაეხმარება თავი დააღწიოს ამჟამინდელ პრობლემებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც ერაყის ხალხისა და მთავრობის ინტერესებს ემსახურება და რომელიც ხელს შეუწყობს ერაყის უსაფრთხოებას. ირანი პირველი დაუჭერს მხარს ნებისმიერ ასეთ გეგმას," განაცხადა კვირას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ალი ჰოსეინიმ.

პროცესს დადებითად აფასებს სირიაც. ასევე თერთმეტ მარტს სამთავრობო მედია იტყობინებოდა, რომ დამასკი მხარს უჭერს ერაყში ძალადობის შეწყვეტისკენ მიმართულ ზომებს.

მაგრამ რაც უნდა ერთსულოვანნი იყვნენ მხარეები ამ შეხვედრის შეფასებაში, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ მოლაპარაკებებში მათ განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვირას თავის გამოსვლაში თქვა, რომ ირანმა და სირიამ უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა, რაც ხელს უწყობს ერაყში მოკავშირეთა ჯარების მიმართ ძალადობას და რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს.

ირანს სურს, შეერთებულმა შტატებმა ერაყში უშიშროების საკითხები ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბაროს. თეირანი ამგვარ რიტორიკას ხშირად ურთავს ხოლმე მოხოვნას, რომ ვაშინგტონმა ერაყიდან ჯარების გაყვანის კონკრეტული კალენდარი წარმოადგინოს.

ირანი მთავარ მხარდამჭერია ერაყის შიიტური პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც დომინირებენ ერაყის მთავრობაში. ვაშინგტონი თეირანს ასევე ბრალს სდებს, რომ ის სამხედრო დახმარებას უწევს შიიტურ გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

მრავალი ანალიტიკოსის აზრით, თეირანი ცდილობს, ერაყის პრობლემა ჩართოს უფრო ფართო მასშტაბის დისკუსიაში მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე.

თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ თეირანს შეეძლება ერაყში თანამშრომლობის სანაცვლოდ მოითხოვოს ურანის გამდიდრების პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლის შესუსტება. ვაშინგტონი გამორიცხავს ირანთან საუბარს ერაყის გარდა რამე სხვა საკითხზე.

რაც შეეხება სირიას, მასაც სურს, ერაყთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში თავად მისთვის უფრო მტკივნეული საკითხებიც ჩართოს.

შეერთებული შტატები დამასკს ბრალს სდებს ერაყში სუნიტი მეამბოხეების მხარდაჭერაში. შესაძლოა სირიის ხელისუფლებამ ამ საკითხში დათმობის სანაცვლოდ დათმობები მოითხოვოს სხვა საკითხებში. ერთ-ერთი ასეთი საკითხია დასავლეთის მცდელობა, შეასუსტოს ლიბანში სირიის გავლენა. ასევე შესაძლებელია, სირია ერაყში თანამშრომლობის ფასად გოლანის მაღლობების საკითხის გადაჭრას ეცადოს.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ბაღდადის კონფერენციის ყველა მონაწილე თანახმაა კვლავ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ვარაუდობენ, რომ ეს აპრილში უნდა მოხდეს. ოღონდ არ არის ნათელი - სად.
XS
SM
MD
LG