Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ითხოვენ საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვას


ამჟამად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია იმის კონტროლი,

გამოყენებულია თუ არა იმპორტირებულ ანდა ადგილზე შექმნილ პროდუქციაში გენური ინჟინერია. არადა, გაეროს შესაბამისი კონვენცია გენმოდიფიცირებული პროდუქციის სათანადო აღნიშვნას მოითხოვს, თუმცა საქართველო მას ჯერაც არ შეერთებია, რადგან პარლამენტში გაეროს კონვენციის რატიფიცირების ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტს ოპოზიციური ფრაქცია ”მრეწველების” ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ მაინც მიმართა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით გამდიდრებული პროდუქციისთვის საქართველოს დახურულ ზონად გამოცხადების ინიციატივით.

თავდაპირველად იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც თან ახლავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით გამდიდრებულ პროდუქციას, მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის აზრს მოვუსმინოთ:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას თუ დათესავთ, იწვევს ბიომრავალფეროვნების დარღვევას. დადგენილია, რომ ბავშვებში იწვევს ალერგიას და სხვა.”(სტილი დაცულია)

ამჟამად ამ საფრთხეებისგან საქართველოს როგორც ბუნება, ისე მოსახლეობა ნაკლებად არის დაცული, რადგან ქვეყანაში ყოველგვარი კონტროლისა და აღრიცხვის გარეშე ხორციელდება გენმოდიფიცირებული საკვებისა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.

საქართველოს კანონმდებლობა არც იმას ავალდებულებს იმპორტიორს, რომ პროდუქციაზე აღნიშნოს, გენეტიკური ინჟინერიის ნაყოფია ის თუ ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს. ამ ვითარების გახანგრძლივებას ისიც უწყობს ხელს, რომ საქართველო დღემდე არ შეერთებია გაეროს კონვენციას, ეგრეთ წოდებულ კარტახენას ოქმს. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირება და მარკირება, ასევე მისი საერთოდ აკრძალვაც კი. გიორგი გაჩეჩილაძის კომენტარი:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”სამწუხაროდ, ეს კარტახენას ოქმი მესამედ ჩავარდა პარლამენტის სხდომაზე.”

კარტახენას ოქმის ჩავარდნის მიზეზი კვორუმის უქონლობა არ ყოფილა. მის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გამოვიდა.
თუ რატომ, ამის კომენტირება ვთხოვე უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს შოთა გვენეტაძეს. აღმოჩნდა, რომ მან კარტახენას ოქმის ჩავარდნის მიზეზი კარგად არც კი იცის, თავად კი გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ასეთი აზრი აქვს:

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”ცოტა შეზღუდული უნდა არსებობდეს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ცოტა საფრთხილო არის. ”(სტილი დაცულია)

ამ საკითხების დასარეგულირებლად საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ჯერ კიდევ 2006 წლის მიწურულს სპეციალური კანონპროექტის შემუშავება დაავალა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. არსებული სტატუსკვოს შეცვლა ოპოზიციური ფრაქციის, “მრეწველების”, ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განიზრახა და პარლამენტს გენმოდიფიცირებული პროდუქციის საერთოდ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”რომ არ მოხდეს ბიომრავალფეროვნების დარღვევა, უნდა მოხდეს საქართველოს დახურვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისთვის.”(სტილი დაცულია)

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში მკაცრი კონტროლია დაწესებული სხვადასხვა სახის პროდუქციაში გენმოდიფიცირებული ორგანოების პროცენტულ მაჩვენებელზე. იქ, სადაც აკრძალული არ არის, კვების პროდუქტებსა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში გენური ინჟინერიის ნაყოფი შეიძლება მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენდეს. არის ქვეყნები, სადაც გენური ინჟინერია საერთოდ იკრძალება. საქართველოში კი ჯერჯერობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია ისევე იყიდება, როგორც ნატურალური.
XS
SM
MD
LG