Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობის ინციდენტმა ხელისუფლების ”საბრძოლო მზადყოფნა” შეამოწმა


11 მარტის ღამეს ზემო აფხაზეთს, იმავე კოდორის ხეობას, მძლავრი საავიაციო იერიში დაატყდა თავს.




სამხედრო ვერტმფრენებმა, რომელთა აფრენის ზუსტი მარშრუტის დაფიქსირება საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვერ მოახერხეს, სოფელ აჟარასა და ჩხალთაში რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და სკოლა დაბომბეს. მსხვერპლი არ არის, თუმცა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში დაიღუპა საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების ვერტმფერნის ეკიპაჟი, რომელიც დასახმარებლად ზემო აფხაზეთში მიფრინავდა. საჰაერო ინციდენტის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყვიტა ყაზახეთში ვიზიტი და უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

ზემო აფხაზეთის - კოდორის ხეობის - სოფლების საავიაციო დაბომბვის თაობაზე ინფორმაცია 12 მარტს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა და თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელეს. აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მალხაზ აქიშბაიას თქმით, საავიაციო იერიშის სამიზნე ლეგიტიმური ხელისუფლების ზემო აფხაზეთის ოფისი გახლდათ, ვერტმფრენები კი აფხაზურ მხარეს ეკუთვნოდა:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ” აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ოფისი წარმოადგენდა აფხაზური მხარის მიზანს.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ხეობის დასაბომბად რუსეთის ტერიტორიის მხრიდან შეფრინდნენ:




[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] ”როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ვერტმფრენები, მართლაც, შემოვიდა ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე და, მართლაც, მოხდა დაბომბვა რუსეთის ტერიტორიის მხრიდან.”(სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ნიკოლეიშვილს ბრიფინგზე არ დაუზუსტებია, თუ რუსეთის რომელი ტერიტორიიდან აფრინდნენ ვერტმფრენები და არსებობს თუ არა საჰაერო საზღვრის დარღვევის ამსახველი სარადარო სქემა. უნდა აღინიშნოს, რომ 12 მარტს დილით ცნობილი გახდა ინფორმაცია ქართული ვერტმფრენის ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ვერტმფრენი, რომელიც ზემო აფხაზეთის დასახმარებლად მიფრინავდა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, ბაზალეთის თავზე ჩამოვარდა:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] ”ამ ვერტმფრენის ეკიპაჟი - კაპიტანი გიორგი ლონდარიძე, უფროსი ლეიტენანტი გაგა ტყემალაძე და უფროსი ლეიტენანტი სერგო ღვალაძე დაღუპულები არიან. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, გახლავთ რთული მეტეოპირობები.”

მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო კოდორის ხეობაში შეღწევა ვერ მოახერხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც, რომელიც ოპერატიულად არის პასუხისმგებელი ხეობის უსაფრთხოებაზე.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ,,ზემო აფხაზეთში ბოლო 6 თვის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირებულა დარღვევები, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გამოყენებული იყო იარაღი და ფრენა განხორციელდა ღამის საათების განმავლობაში. ჩვენს დანაყოფებს დღემდე ჰქონდათ ბრძანება, რომ არ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი, რათა ჩვენ არ ავყოლოდით პროვოკაციას, თუმცა, გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, ჩემ მიერ არის გაცემული ბრძანება, საპასუხო ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ ჩავაყენებთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს საფრთხის ქვეშ. გუშინდელი სამხედრო ოპერაცია გვაიძულებს საპასუხო ცეცხლი გავუხსნათ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება დღეს-ხვალ ან შემდგომში გაბედონ მსგავსი აგრესიის განხორციელება ზემო აფხაზეთში.”(სტილი დაცულია)

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ კი განაცხადა, რომ იერიში ზემო აფხაზეთის სოფლებზე არა ვერტმფრენებმა, არამედ ადგილობრივმა სვანურმა რაზმებმა მოაწყვეს.

12 მარტის საღამოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც საჰაერო დაბომბვის გამო შეწყვიტა ვიზიტი ყაზახეთში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მე ვფიქრობ, სიტუაცია არის ძალიან დასაფიქრებელი, საგანგაშო, თუმცა არა მოულოდნელი. ჩვენ გვქონდა წინასწარი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ შესაძლებელი იყო და კიდევ არის შესაძლებელი ზემო აფხაზეთის მიმართულებით მსგავსი შეიარაღებული პროვოკაციების განხორციელება. ეს არის ძალიან საშიში, სერიოზული, შორს მიმავალი მიზნების მქონე პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ამ რეგიონში და მთლიანად საქართველოში და მთლიანად ჩვენს რეგიონში, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქართველო, წესრიგის არევისკენ და სიტუაციის უარესობისკენ შემობრუნებისკენ.” (სტილი დაცულია)





  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG